კადაფის ჯარი ტუნისში ბრძოლით შეიჭრა, მაგრამ მალევე გამოაძევეს... - კვირის პალიტრა

კადაფის ჯარი ტუნისში ბრძოლით შეიჭრა, მაგრამ მალევე გამოაძევეს...

ლიბიის დაბომბვაში იტალიური "ტორნადოებიც" ჩაერთვნენ

ლიბიის სამოქალაქო ომი, რომელშიც უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსიცაა ჩათრეული, ისევ ზრდის ბრძოლის არეალს.

28 აპრილს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტიდან კადაფის ერთგულმა სამხედრო დანაყოფებმა შეიარაღებული ამბოხებულები ბრძოლით გადარეკეს ტუნისის ტერიტორიაზე.

მანამდე ცხრა დღით ადრე კი, 21 აპრილს, ამბოხებულებმა იმავე ტუნისის საზღვარზე გაქცევა აიძულეს კადაფის 105 სამხედროსა და ერთ გენერალს. შეიარაღებულმა ამბოხებულებმა მაშინ ამ ადგილზე დისლოცირებული კადაფის ბრიგადა ბრძოლაში დაამარცხეს და ლიბიელმა სამხედროებმა აჯანყებულთა ტყვეობას ტუნისში გაქცევა და იარაღის ჩაბარება ამჯობინეს.

მეორე დღეს ეს სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ. უცნობია, დასაჯა თუ არა ისინი კადაფიმ, მაგრამ ფაქტია, რომ 28 აპრილს იმ ადგილზე დამატებითი ძალები გაგზავნა, რომლებმაც ახლა უკვე ამბოხებულები აიძულეს, თავი ტუნისის საზღვარზე გადასვლით გადაერჩინათ, თუმცა წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, კადაფის სამხედროები სახელმწიფო საზღვარმა ვერ შეაჩერა და ისინი გაქცეულ მეამბოხეებს ტუნისის ტერიტორიაზეც გადაჰყვნენ.

ბრძოლა ტუნისის ქალაქ დაჰიბუსთან გაიმართა და მასში უკვე ტუნისელი სამხედროები ჩაერთვნენ, რომლებსაც გააფთრებული შეტაკება მოუხდათ კადაფის არმიის დანაყოფებთან.

ტუნისელებმა მოახერხეს თავიანთი ტერიტორიიდან კადაფის მხარდამჭერების გაძევება და მათი რვა სამხედრო მანქანა ჩაიგდეს ხელში.

სანამ კადაფის არმია მეზობელ ტუნისს უტევდა, თავად კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე NATO-ს სამხედრო ოპერაციაში აქტიურად ჩაერთო იტალია. სიცილიიდან აფრენილმა ორმა იტალიურმა "ტორნადომ" პირველად დაბომბა კადაფის არმიის პოზიციები ლიბიაში. სულ დაგეგმილია, ლიბიისკენ გასაფრენად მოამზადონ 12 იტალიური საბრძოლო თვითმფრინავი.

NATO-ს თვითმფრინავებმა ლიბიის მიმართულებით უკვე 3 ათასზე მეტი გაფრენა განახორციელეს, თუმცა კადაფის რეჟიმი კვლავ რჩება ქვეყნის სათავეში. ყოველკვირეულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერლები საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას მათ მიერ აფეთქებულ ტანკებზე, მაგრამ თუ ყველაფერი ასეთი ტემპით გაგრძელდა, კადაფის 2 ათასამდე ტანკის ასაფეთქებლად ალიანსს წლობით მოუწევს მოქმედება...