ახალი დიდი ომი მწიფდება...
ახალი დიდი ომი მწიფდება...
ფოტო:რუსეთის არმიის საბრძოლო ტექნიკის კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან
"თუკი აზერბაიჯანმა შეძლო ყარაბაღში გამარჯვება, რატომ არ შეუძლია უფრო დიდ უკრაინას დონბასის დაბრუნება" - ფიქრობენ კიევში

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც 2014 წლის გაზაფხულიდან არ შეწყვეტილა ორმხრივი სროლა, მალე შეიძლება მორიგი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდეს, რომელშიც დაპირისპირებული მხარეები შეეცდებიან სამხედრო ოპერაციებითა და პოლიტიკური სვლებით სასურველ შედეგებს მიაღწიონ.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში უკვე მეშვიდე წელია მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება კრემლის ინტერესებში ექცევა, რადგან "ნელთბილი" ომით კრემლს მუდმივ დაძაბულობაში ჰყავს უკრაინის ხელისუფლება და საზოგადოება, ამასთან,
უკვე ოკუპირებული და ანექსირებული ყირიმისგანაც ნაწილობრივ ყურადღება გადააქვს...

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დიდი სიამოვნებით კვლავ გააგრძელებდა "ნელთბილ ომს" უკრაინასთან იქაური სეპარატისტების, დონბასში ფარულად მივლინებული რუსი ოფიცრების ხელითა და ციმბირიდან გადასროლილი ტანკებით, მაგრამ უკრაინა ცდილობს შეცვალოს მისთვის ასე
არასასურველი "სტატუს კვო" და დონბასიდან დაიწყოს ქვეყნის ტერიტორიული აღდგენა.
არ გეჩვენებათ, რომ ნაცნობი სურათია?

2008 წლის აგვისტოს დამდეგი. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოიწადინა სეპარატისტული ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წყობის აღდგენა - ჩანაფიქრი საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს პასუხობდა, მაგრამ მისი დაწყების დრო და დაგეგმარება არასწორად წარიმართა, რასაც დაემატა კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ მართვაში დაშვებული უზარმაზარი შეცდომები, რომელთა ნაწილს შეიძლება დანაშაულის კვალიფიკაციაც კი მიეცეს.

ამჟამად უკრაინის ხელისუფლება ერთიანი გუნდის იმიჯით ვერ დაიკვეხნის. პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლება ძლიერი ნამდვილად არ არის, მის რიგებში რუსეთის აგენტურის ეფექტიანად მოქმედების ნიშნებიც იკვეთება, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ერთმანეთთან უმძრახად არიან და ყოველთვე სასამართლოში უჩივიან ერთმანეთს. ასეთ პირობებში რუსეთთან ომში გამარჯვება საკუთარი ტერიტორიების დაცვისთვისაც კი ურთულესი იქნება, თუ შეუძლებელი არა.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დონბასში ფრონტის ხაზზე ჩავიდა - ის ხვდება, რომ ერთი საბრძოლო მარცხიც საკმარისი იქნება მისი საპრეზიდენტო კარიერის კრახისთვის

დონეცკში რუსული სეპარატიზმის ლიკვიდაციის დაწყების დამატებითი სტიმული ოფიციალურ კიევს შეიძლება ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგაც მიეცა - თუკი აზერბაიჯანმა შეძლო ყარაბაღში გამარჯვება, რატომ არ შეუძლია უფრო დიდ უკრაინას დონბასის დაბრუნება? - ყარაბაღის მესამე ომის შედეგად აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის თითქმის ბოლომდე აღდგენის შემდეგ ეს კითხვა მილიონობით უკრაინელ პატრიოტს მოსვენებას არ აძლევს.

მაგრამ ის, რაც მოხდა ყარაბაღში, იმავე სცენარით ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში ვერ განმეორდება - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, ფაქტობრივად, რუსეთის პრეზიდენტ პუტინისგან "იყიდა" ყარაბაღის მესამე ომის დაწყებისა და თითქმის ბოლომდე მოგების ინდულგენცია. პუტინის უნებართვოდ აზერ­ბაიჯანი ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ ასეთი სცენარი თითქმის წარმოუდგენელია საქართველოსა და უკრაინისთვის, რადგან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები ხომ იმ რუსეთს აქვს მიტაცებული, რომელსაც სწორედ პუტინი უდგას სათავეში?

რა თქმა უნდა, შეიძლება იმის ჰიპოთეზურად დაშვება, რომ ერთ დღეს საქართველო და უკრაინა კატეგორიულად ზურგს აქცევენ დასავლეთს - ნატო და ევროკავშირი კრემლს ოფიციალურად აძლევენ უფლებას რუსული სამხედრო ბაზების ნახევარი საუკუნით განთავსებაზე, მეორე სახელმწიფო ენად აკანონებენ რუსულს და ა.შ. თუმცა არც ამ შემთხვევაში დაუბრუნებს ყირიმს რუსეთი უკრაინას და არც ოსებისა და აფხაზების "დამოუკიდებლობის" აღიარებას წაიღებს უკან.

აზერბაიჯანსაც შეიძლება უახლოეს მომავალში ძვირად დაუჯდეს რუსი სამხედროების ჩაყენება ყარაბაღში და ამის გამო დასავლეთთან ისედაც არცთუ საუკეთესო ურთიერთობის უფრო გაფუჭება.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინა პერიოდს იმიტომაც ჰგავს დღევანდელი სიტუაცია, რომ რუსეთის არმია უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში დაჩქარებული ტემპით ეზიდება სამხედრო ტექნიკას და გადაჰყავს საბრძოლო შენაერთები.

საქართველოსთან ომის დაწყების წინ რუსეთი ამას მაქსიმალურად შენიღბულად აკეთებდა სამხედრო სწავლება "კავკაზ-2008"-ის საფარქვეშ ჩრდილო კავკასიაში, ახლა კი რუსული ტანკებით, არტილერიითა და სარაკეტო დანადგარებით გადავსებული სარკინიგზო ეშელონები დღისით, მზისით, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მიემართებიან უკრაინის საზღვრებისკენ.

საინტერესო კიდევ ის არის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ორ ათეულამდე რუსეთის ის მოქალაქე დაიჭირა, ვინც გაბედა და საქართველოს საზღვრებისკენ გადმოსროლილი რუსული სამხედრო კოლონების ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა. დღეს კი ინტერნეტი გადავსებულია რუსეთის რკინიგზასა და საავტომობილო გზებზე ერთმანეთის მიყოლებით მიმავალი სამხედრო კოლონების ფოტოებით. მათ გეზი უკრაინისკენ უჭირავთ და ამას რუსული პროსახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიებიც აშუქებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ თავად რუსეთის ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება ფართოდ გაშუქდეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის დიდი მობილიზება.

შეიძლება კრემლი ამით იმ დასავლეთის დაშინებასაც აპირებს, რომელთა ლიდერები უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდებიან. მაგრამ აგვისტოს ომის ვარიანტი არ გათამაშდეს, როდესაც საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს დასავლელი ლიდერების აქტიური მხარდაჭერის ცრუ იმედი ჰქონდა, თუმცა ნებისმიერი დამწყები პოლიტიკოსი ან ანალიტიკურად მოაზროვნე რიგითი მოქალაქეც მიხვდებოდა, რომ პრეზიდენტი ბუში ამერიკულ "აბრამსებს" არ გამოგზავნიდა ქართული არმიის დასახმარებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას ზელენსკის სატელეფონო საუბარში კი აღუთქვა მხარდაჭერა რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში, მაგრამ არც უკრაინელ ჯარისკაცებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ დონეცკის გასათავისუფლებლად იერიშზე წინ ამერიკული "აბრამსები" წარუძღვებიან.

პუტინი რუსულ ტანკებს სარკინიგზო ეშელონებით დემონსტრაციულად გზავნის უკრაინის საზღვრებისკენ...

პირიქით, იქნებ სწორედ ამერიკელი კოლეგის მიერ მკვლელად მოხსენიებულმა პუტინმა შურისძიების მიზნით დაიწყოს უკრაინის "მშვიდობისათვის იძულების" ომი, რათა უკრაინელებს და მთელ მსოფლიოს დაანახოს - მას, პუტინს, შეუძლია ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს კი არ ეყოფა გამბედაობა უკრაინის დასახმარებლად ამერიკელი ჯარისკაცების სისხლი დაღვაროს.

დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს გამოიყენოს დაძაბული ვითარება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანს მიმართავს თხოვნით, რომ დააჩქაროს უკრაინისთვის ნატოში "გაწევრების სამოქმედო გეგმის" მიღება. ამაში კიევს მხარს უჭერს ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბალტიისპირეთიც, მაგრამ ალიანსის წამყვანი წევრები, სავარაუდოდ, გერმანია, საფრანგეთი თუ იტალია, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ალბათ, დაბლოკავენ უკრაინისთვის მაპ-ის მიცემის პროცედურას, რათა კრემლი არ გააღიზიანონ.

უკრაინის საზღვრებთან სამ ათეულზე მეტი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფისა და რამდენიმე ასეული ტანკის თავმოყრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ დიდი ომი ხვალვე დაიწყება. დონბასის შავმიწა ნიადაგი ზამთრის უხვი თოვლის დნობის შემდეგ, ჯერ კიდევ არ არის გამომშრალი და მძიმე მუხლუხებიანი სამხედრო ტექნიკის გადასაადგილებლად აპრილის ბოლოს, მაისის დამდეგს იქნება "მზად", მანამდე კი გაირკვევა, გადავა თუ არა რუსეთ-აშშ-ის მზარდი პოლიტიკური დაპირისპირება კუნთების დემონსტრაციაში უკრაინის ტერიტორიაზე ახალი ომის დაწყების სახით.