ოცწლიანი უშედეგო ავღანური ეპოპეის შემდეგ ნატო ხვდება, რა ჭაობში ჩაითრიეს... - კვირის პალიტრა

ოცწლიანი უშედეგო ავღანური ეპოპეის შემდეგ ნატო ხვდება, რა ჭაობში ჩაითრიეს...

ევროპის აღმოსავლეთით გაფართოების ნაცვლად ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ორი ათეული წელი და უზარმაზარი სახსრები დახარჯა იმის გასაცნობიერებლად, რომ აშშ-ისა და თავად ნატოს უმთავრესი მოწინააღმდეგე რუსეთია და არა საერთაშორისო ტერორიზმი...

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - 2021 წლის 11 სექტემბრამდე ბოლო ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს ავღანეთის ტერიტორიას. ეს გადაწყვეტილება ისტორიული იმიტომაა, რომ სწორედ წლის ბოლოს შესრულდება ზუსტად 20 წელი, რაც ამერიკელებმა ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყეს.

განვლილ ორ ათეულ წელში ავღანეთის ანტიტერორისტული ოპერაცია საერთაშორისო გახდა და 2003 წლიდან მისი მეთაურობა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აიღო თავის თავზე. 2011 წელს ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) სამხედრო კონტინგენტების საერთო რიცხოვნობამ ავღანეთში პიკს მიაღწია და თითქმის 150 ათას კაცამდე ავიდა - წარმოიდგინეთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამხელა რესურსი იხარჯება წლების განმავლობაში შორეულ ავღანეთში და შედეგი?

დიახ, 11 სექტემბრის ტერაქტების "მამა", უსამა ბინ ლადენი, ამერიკელმა სპეცრაზმელებმა, ბოლოს და ბოლოს, პაკისტანში იპოვეს და შური იძიეს - მოკლეს, მაგრამ "თალიბანი" ხომ ცოცხალია და პირიქით, დღითი დღე ძლიერდება?

ავღანეთის ოცწლიანმა ომმა ბევრი სიცოცხლე და სახსრები შეიწირა

ისევე როგორც მე-19 საუკუნეში ბრიტანელებმა და მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირმა, ასევე 21-ე საუკუნეში აშშ-მა და ევროპამ ვერ დაიმორჩილეს ავღანეთი და პრინციპში, ვერც დაიმორჩილებდნენ - ავღანეთი სხვა პლანეტასავითაა და ადგილობრივების მენტალიტეტის გაგება ევროპელებსა თუ ამერიკელებს ყოველთვის გაუჭირდებათ და არც გამოუვათ, რადგან ავღანელების მიზანია არც ერთი შეიარაღებული უცხოტომელი მათ მიწაზე!

ოცწლიანი ავღანური ოპოპეა საბოლოოდ მაინც უშედეგოდ დამთავრდება - როგორც კი ნატოს ბოლო ჯარისკაცი დატოვებს ამ მრავალჭირნახულ მიწას, ქვეყნის სათავეში მალევე, დიდი ალბათობით, "თალიბანი" დაბრუნდება - ანუ განმეორდება ის, რაც 1989 წლის დამდეგს ავღანეთიდან საბჭოთა არმიის გასვლიდან რამდენიმე წელში მოხდა - მოსკოვის დასმული მთავრობის ჩამოგდების შემდეგ ავღანეთის ხელისუფლება ხელში "თალიბანმა" ჩაიგდო.

"თალიბანისა" და შესაძლებელია "ალ-ქაიდას" ავღანეთში გაძლიერების შემდეგ, გაიზრდება მსოფლიო ტერორიზმის საფრთხე და უპირველესად ჩრდილოეთის - შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის, საითაც დაიძვრება ნარკოტიკებისა და იარაღის უწყვეტი ნაკადი. მაგრამ მანამდე ის გავარკვიოთ, რატომ გადაწყვიტეს აშშ-მა და ნატომ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანა?

ავღანეთის ომის "ჭაობში" რომ აღმოჩნდნენ, ამას ამერიკაშიც და ევროპაშიც მალევე მიხვდნენ, მაგრამ თავის დაღწევა ძალიან რთული აღმოჩნდა, შეიძლება იმიტომაც, რომ ამ ომის გახანგრძლივებით ძალზე გავლენიანი ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ლობი იყო დაინტერესებული, ვინც ავღანეთში მრავალათასიან კონტინგენტს იარაღით, საბრძოლო მასალით, ტექნიკით, საწვავითა და საკვებით ამარაგებდა. მათი წმინდა მოგება ყოველწლიურად მილიარდებს შეადგენდა და ვის აწყობდა "ავღანური ჭაობიდან" ამოსვლა?

კიდევ ვის აწყობდა, რომ ამერიკული და შემდგომ უკვე ნატოს რესურსები სწორედ ავღანეთისკენ მიმართულიყო და მეორე პლანზე გადაენაცვლა სტრატეგიულ საკითხს - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით სწრაფი ტემპით გაფართოების აუცილებლობას? ამით უპირველეს დაინტერესებულ მხარეს რუსეთი წარმოადგენდა. სწორედ ის რუსეთი, რომლის სათავეში ახალი საუკუნის დამდეგს ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა პუტინი მოიყვანეს, რომელსაც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურადაც (ჩეჩნეთის პირველი ომის წაგების შედეგად) წელში გატეხილი რუსეთი ფეხზე უნდა დაეყენებინა. ელცინის სამარცხვინო ხელისუფლების კრახის შემყურე დასავლეთმა დაიჯერა, რომ რუსეთს მომავალი აღარ აქვს და მალე თავად დაიშლება, რაც დაიწყო კიდეც ჩეჩნეთიდან, მაგრამ დასავლელი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ვარაუდი არ გამართლდა, საბჭოთა კა-გე-ბე-ს დროინდელმა ფარულმა ელიტამ, ვინც პუტინი წამოატივტივა, რუსეთის ფეხზე დაყენება ჯერ მორალური გამარჯვებით დაიწყო - კერძოდ, ჩეჩნეთის მეორე ომის ინსპირირებით ჩრდილო კავკასიის დაჩოქებას შეუდგა.

რუსეთის გაძლიერებისთვის დასავლეთს ხელი რომ არ შეეშალა, მისთვის ახალი პრობლემა შეიქმნა - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები, რომელთა მომზადებასა და არაბი ტერორისტების მიმართვაში რუსული სპეცსამსახურების კვალი უნდა დარჩენილიყო.

ახლა უკვე ამერიკელებს გაუჩნდათ მორალური დამცირებისთვის შურისძიების აუცილებლობა - ნიუ-იორკის ცენტრში ტყუპი ცათამბჯენის აფეთქების ავტორობა თავზე აიღო უსამა ბინ ლადენმა, რომლის მოძებნა შორეული ავღანეთის მთებში და მისი განადგურება აშშ-ის პრესტიჟის საქმედ იქცა, ხოლო ბინ ლადენის დევნის პატარა სპეცოპერაცია წლების განმავლობაში უკვე ყველაზე ხანგრძლივ ამერიკულ ომად გადაიქცა, რაშიც მალე მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ჩერთვნენ - ანუ აშშ-ისა და ნატოს ყურადღება ავღანეთზე გადავიდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთგვარად ინფანტილურად მიუდგა ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგს, ვერ გამოიღვიძა რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ ყირიმის ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ თითქოს ცოტა გააქტიურდა, მაგრამ არასაკმარისად და შედეგსაც ვხედავთ - რუსეთი უკვე მთელ უკრაინას ემუქრება ოკუპაციით.

ავღანეთში "გადაკარგულ" და გვიან გამოღვიძებულ ნატოს ძალზე არასახარბიელო სურათი დახვდა - თურმე მისი მთავარი მოწინააღმდეგე ის ავღანელები და თუნდაც "თალიბანი" კი არ ყოფილან, რომლებიც არ ურიგდებიან თავიანთ სამშობლოში იარაღიან უცხოტომელებს, არამედ ის რუსეთი, რომელიც ალიანსის "ძილის" პერიოდში თურმე კარგად შეიარაღებულა და უკვე მისდგომია ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებს და შავ ზღვაშიც გაძლიერებულა.

ანუ რა გამოდის? იმის მაგივრად, ნატოს ესარგებლა გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსეთის სისუსტით და თავისი გავლენა გაეძლიერებინა აღმოსავლეთით, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვასა თუ საქართველოში, თავისი "სიზარმაცითა" და თავს მოხვეული ავღანეთის ომის "ჭაობით" ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდა და ახლა, პირიქით, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.

საქართველოსთან აგვისტოს ომი რუსეთის არმიის ძირეული რეფორმირებისა და გადაიარაღების საფუძველი შეიქნა და დღეს რუსეთის არმიაში თანამედროვე შეიარაღების პროცენტული მაჩვენებელი ბევრად აჭარბებს ნატოს წევრი ქვეყნებისას. შორს რომ არ წავიდეთ, უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს დონეცკსა და ლუგანსკში იმაზე მეტი ტანკი ჰყავთ, ვიდრე ერთად აღებულ გერმანიისა და ბრიტანეთის არმიებს!

მაშინ, როდესაც აშშ-ის ახალი თავდაცვის მინისტრი ამაყად აცხადებს, რომ გერმანიაში ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს დამატებით 500 სამხედროთი აძლიერებს, რუსეთი უკრაინის საზღვართან 100-ათასიან დაჯგუფებას ქმნის.

რუსეთ-ნატოს დაპირისპირების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოში მეორე "ცივი ომი" დაიწყო. ანუ პუტინი უკან დამხევი არ არის, მაგრამ რას დაუპირისპირებს მას დასავლეთი და უპირველესად აშშ?

თუკი დასავლეთი ისევ მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება, როგორც იმ დროს, როდესაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებს "ყლაპავდა", მაშინ მადაზე მოსული რუსეთი ბებერ ევროპასაც ჩამოაჭრის "ლუკმას".

საქართველოს წვლილი ავღანეთის ომის ეპოპეაში

ქართველმა სამხედროებმა ავღანური მისიები ვაჟკაცურად განვლეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ოცეული ავღანეთში ჯერ კიდევ 2004 წელს ჩავიდა - ის რამდენიმე თვეს ადგილობრივი საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელი პროცესების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ძირითადი ქართული სამხედრო მისია ავღანეთში 2009 წლის შემოდგომიდან დაიწყო, როდესაც რუსეთთან ომიდან სულ ერთი წლის შემდეგ იქ 150-ზე მეტი სამხედრო გავგზავნეთ. მას შემდეგ ავღანური მისია 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ გაიარა 107-ზე მეტი როტაციის ფარგლებში.

სამწუხაროდ, ავღანეთში 32 სამხედრო დაგვეღუპა, სამასამდე კი დაიჭრა და დაშავდა. საერთო ჯამში, 12 წლის განმავლობაში ავღანურ მისიებში საქართველომ იმაზე ბევრად დიდი ხარკი გაიღო, ვიდრე ნატოს ბევრმა წევრმა ქვეყანამ.

საქართველოს წვლილს ავღანურ მისიებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა არ გვიკარგავს და ყოველთვის აღნიშნავს, თუმცა ეს რატომღაც არ არის საკმარისი, რომ ამდენწლიანი ლოდინის მიუხედავად, ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა მაინც მისცენ ჩვენს ქვეყანას.