30 აპრილს 30 წლის! საქართველოს თავდაცვის ძალები იუბილეს აღნიშნავენ
30-04-2021
30 აპრილს 30 წლის! საქართველოს თავდაცვის ძალები იუბილეს აღნიშნავენ
ფოტო:სამი ათეული წელია ქართული არმია ქვეყნის სადარაჯოზე დგას, ხან იგერიებს მომხდურს, ხან ვერა, მაგრამ მის გარდა დამცველი ჩვენს ქვეყანას სხვა არავინ ჰყავს
ქართული არმიის პოპულარობა, მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში ტრადიციულად მაღალია, რაც არც არის გასაკვირი იმ ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხუთი ომი გადაიტანა და მისი ორი ნაწილი ოკუპირებულია. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მთავარი დამცველი ხომ სწორედ ჩვენი არმიაა!

განვლილ სამ ათეულ წელში საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომლებსაც დღეს თავდაცვის ძალები ეწოდება, თითქმის მუდმივი ტრანსფორმაციისა და რეფორმირების პროცესში იყვნენ. ეს განაპირობა, ერთი მხრივ, მწარე რეალობამ - ქართული არმია შექმნიდან მალევე შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩაერთო,
თეორიული და საველე წვრთნებისა და სწავლებისთვის არ ეცალა და მეორე მიზეზიც - ქართულ არმიაში მუდმივად მიმდინარეობდა საკადრო ცვლილებები, 30 წელიწადში ოცი თავდაცვის მინისტრი და მთავარი შტაბის/გენერალური შტაბის/გაერთიანებული შტაბების/თავდაცვის ძალების 19 უფროსი/მეთაური შეეცვალათ.

დღევანდელი თავდაცვის მინისტრი ოფიციალურად მეცხრამეტეა, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს, რომ 1994 წლის 11
თებერვლიდან, გია ყარყარაშვილის გადადგომიდან 1994 წლის 25 აპრილს ვარდიკო ნადიბაიძის ამ თანამდებობაზე დამტკიცებამდე, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ორ თვეზე მეტხანს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე ასრულებდა.

2004 წელი კი საერთოდ უნიკალური გამოდგა ქართული არმიის ოცდაათწლიან რთულ ისტორიაში, წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ ოთხი თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა!

მაშინ ეს მიზანმიმართულად გააკეთა შევარდნაძის შემდეგ მოსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ, არმიის "გაწმენდის" მიზნით. შეიძლება ბევრი მართლაც გასაშვები იყო, რადგან თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით (მათ შორის კორუფციაში მონაწილეობით თუ ჯარისკაცების სახლში გაშვებაში ფულის აღებით) არცხვენდნენ ქართველი ოფიცრის ღირსებას, მაგრამ მათ ადგილზე თითოეულმა მინისტრმა ისეთი გუნდი მოიყვანა, რომელთა წევრები სამხედრო საქმის უცოდინარები იყვნენ, მაგრამ სწრაფად აუღეს ალღო დიდი ფულის "კეთებას" საზღვარგარეთ შეიარაღების შესყიდვისას მრავალმილიონიანი "ოტკატების" გადათამაშებით, მით უმეტეს, შესყიდვები საიდუმლო მუხლით ხდებოდა.

აგვისტოს ომამდე ქართული არმია არნახული ტემპით იარაღდებოდა და სამხედრო ბიუჯეტმა 1,5 მლრდ ლარსაც კი მიაღწია. მაგრამ რაც უფრო დიდი საბრძოლო განწყობა და ძლიერი მუხტი იქმნებოდა ქართულ არმიაში აგვისტოს ომამდე, საბრძოლო მოქმედებების რამდენიმე დღემ, სამწუხაროდ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის არცთუ მცირე ნაწილის საბრძოლო ჟინი დასცა, რაშიც სამხედრო მეთაურობისა და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მძიმე შეცდომების "დამსახურებაც" იყო.

თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც არ უნდა დავივიწყოთ - ქართული არმიის დანაყოფების ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან გამოყვანა და ტყეებში გადამალვა მოსახლეობისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილება კი იყო, მაგრამ მაშინ ამან ქართული არმია განადგურებას გადაარჩინა, რაც ქვეყნის ორი ნაწილის ოკუპაციის გარდა, დამატებით მძიმე დარტყმად იქცეოდა მთლიანად საქართველოსა და მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისი ახლობლებიც შეიძლება დაღუპულიყვნენ უკვე წაგებულ ომში.

სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს თავის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მთავარ ბრალდებად სწორედ იმას უყენებს, თუ რატომ არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც ნათელი გახდა, რომ ყარაბაღის მესამე ომში სომხეთი აზერბაიჯანთან ომში პირწმინდად მარცხდებოდა, რაც რამდენიმე ათასი სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლეს გადაარჩენდა.…

აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო "კუდიანებზე ნადირობა" და ქართული არმიიდან იმ ოფიცრების გაყრა ან დაჭერა, ვინც მცირე უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამდნენ აგვისტოს ომში სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის საბედისწერო შეცდომების გამო. შეიძლება თავდაცვის მე-13 მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ შეასრულა ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალება - არც ერთ ოფიცერსა თუ ჯარისკაცს არ გაებედა კითხვის დასმა, თუ რატომ დავმარცხდით სამარცხვინოდ ორიოდე დღეში და ჯარი "დააშინა" ეგზეკუციის ათასნაირი ხერხით, მაგრამ ამან საპირისპირო ნაყოფიც გამოიღო - დაშინებულმა სამხედროებმა დაკარგეს ინიციატივის გამოჩენის სურვილი, ხოლო პლაცზე საერთო მოწყობაზე ასობით თანამებრძოლის წინაშე დედანაგინები და სახალხოდ ღირსებაშელახული ჯარისკაცი და ოფიცერი ომში საბრძოლო სულისკვეთებით ვეღარ გამოირჩევა, უფრო უარესიც - ფრონტის ხაზზე მან იარაღი მტრის ნაცვლად შეიძლება გუშინდელ შეურაცხმყოფელს მიუშვიროს.

სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ სამხედროებისა და პოლიციელების ღირსების შემლახველმა ფაქტებმა სამხედრო ნაწილებში, საბედნიეროდ, მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა პრობლემები მაინც დარჩა (მაგალითად, გასულ კვირას შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი ოფიცერი ბრალდებული იქნა ჯარისკაცების სისტემატური დამცირების გამო).

ბოლო 12 წელი საქართველო, საბედნიეროდ, ომების გარეშეა და ქართული არმიის მთავარ ამოცანად საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, უპირველესად კი ავღანეთის მისიაში მონაწილეობა იყო. თუმცა რამდენიმე თვეში მისია დასრულდება და ჩვენი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდებიან და დაიწყება ქართული არმიის ისტორიის ახალი ეტაპი, რომელიც შეიძლება ყველაზე რთული აღმოჩნდეს იქიდან გამომდინარე, თუ რა ხდება მსოფლიოში ახალი "ცივის ომის" დაწყების შემდეგ და მით უმეტეს, შავი ზღვის რეგიონში, როდესაც ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლება მეზობელ უკრაინას ახალი დიდი ომის დაწყებით ემუქრება.

აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე შურისძიების მიზნით რუსეთის "მუდმივმა" პრეზიდენტმა პუტინმა შეიძლება საქართველოსთვის მორიგი "ჭკუის სწავლება" გადაწყვიტოს. სწორედ ისე, როგორც 2008 წელს, როცა დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო პუტინი მსოფლიოს სარკისებრი ქმედებებით დაემუქრა და აღასრულა კიდეც საქართველოს ხარჯზე.
ელენე
04 მაისი 2021 14:13
მართლაც რომ ნომერ პირველი სამხედრო ექსპეტი ხართ საქართველოში. როგორ ფიქრობთ დელტას უპილოტო შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე თავისი თავის დამკვიდრებას? იქ ხომ წნეხი უზარმაზარია.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?