როგორ უნდა ააფეთქო იარაღის საწყობი... რუსულად - კვირის პალიტრა

როგორ უნდა ააფეთქო იარაღის საწყობი... რუსულად

ანუ რუსმა დივერსანტებმა რატომ შეძლეს ასე ადვილად ნატოს წევრი ჩეხეთის იარაღის ორი საწყობის განადგურება...

რუსეთის მიერ უკრაინისთვის გამოუცხადებელ ომში მორიგი ესკალაციის პერიოდში ჩეხეთის ხელისუფლებამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ოფიციალური პრაღის მტკიცებით, 2014 წლის შემოდგომასა და ზამთარში ჩეხეთის ორი იარაღის საწყობი თურმე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - გე-რე-უს ორმა დივერსანტმა ააფეთქა. ეს ორი რუსი დივერსანტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ის "პეტროვი" და "ბოშიროვი" ყოფილან, რომელთა სახელები 2018 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში გე-რე-უს რუს ექსმზვერავ სკრიპალისა და მისი ქალიშვილის საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკით" მოწამვლას უკავშირდება.

ჩეხეთის სპეცსამსახურებმა ეს დაგვიანებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება მას შემდეგ გააკეთეს, რაც გააანალიზეს, ჩეხეთში იარაღის საწყობების აფეთქების წინ თუ ვინ იმყოფებოდა იმ რაიონში.

სკრიპალების საქმეზე ბრალდებული "ბოშიროვის" ნამდვილი გვარია ჩეპიგა, ხოლო "პეტროვის" მიშკინი.

ჩეხებმა მოქექეს არქივები და გაარკვიეს, რომ ეს ორი რუსი ჩეხეთში სწორედ "ბოშიროვისა" და "პეტროვის" გვარზე გაცემული პასპორტებით ჩავიდა, მაგრამ იარაღის პირველ საწყობში, შესაბამისად, მოლდოვას მოქალაქე "პოპასა" და ტაჯიკეთის მოქალაქე "ტაბაროვის" პასპორტებით მივიდნენ, თუმცა პასპორტებში ფოტოები ხომ ერთი და იგივე იყო.

ჩეხეთში იარაღის ეს საწყობები არენდით ჰქონდა აღებული ბულგარელ იარაღის ცნობილ გამყიდველ ემილიან გებრევს (მისი ფირმა შეიარაღებას ქართულ არმიაზეც ყიდდა აგვისტოს ომამდე და მას შემდეგაც), რომლის თანამშრომლებმა "პოპა" და "ტაბაროვი" იმიტომ შეუშვეს საწყობის ტერიტორიაზე, რომ ისინი თითქოს ტაჯიკეთის ეროვნული გვარდიის წარგზავნლები იყვნენ იარაღის პარტიის შესაძენად.

ჩეხი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ამ ორმა რუსმა დივერსანტმა საათისმექანიზმიანი შენელებული მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობები მალულად დაამონტაჟა ორივე საწყობის დათვალიერებისას საარტილერიო ჭურვებს შორის.

იარაღის პირველი საწყობი 2014 წლის 16 ოქტომბერს აფეთქდა, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ის რუსმა დივერსანტებმა დაათვალიერეს, მეორე საწყობი კი მხოლოდ 3 დეკემბერს.

აფეთქების დროს შორის ამხელა ინტერვალი ჩეხ გამომძიებლებს აფიქრებინებს, რომ პირველი საწყობის აფეთქებაც, სავარაუდოდ, 3 დეკემბრისთვის იქნებოდა დაგეგმილი, ანუ იმ დროისთვის, როდესაც ამ საარტილერიო ჭურვებს (რომლებიც უკვე კიევს ჰქონდა ნაყიდი) უკრაინაში გაგზავნიდნენ, მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო აფეთქება მალე ჩეხეთის ტერიტორიაზევე მოხდა.

ჩეხეთის სპეცსამსახურების ვერსია, დიდი ალბათობით, შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს, რადგან 2014 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯერ ყირიმის ოკუპაცია-ანექსია მოახდინა და შემდეგ დონბასში ომი მოახვია თავს უკრაინას, რუსული სპეცსამსახურები ყველა ღონეს ხმარობენ უკრაინის არმიისთვის საზღვარგარეთიდან შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდების კონტრაქტების ჩასაშლელად.

სხვათა შორის, ბულგარელი იარაღით მოვაჭრე ემილიან გებრევიც 2015 წელს სოფიაში, სავარაუდოდ, "ნოვიჩოკით" მოწამლეს (ნივთიერება მისი მანქანის კარის სახელურს შეასხურეს, რაც ავტოსადგომის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა), რაც ასევე რუსული გე-რე-უს კვალზე მიუთითებს.

შვიდი წლის წინანდელ ორ აფეთქებას ჩეხეთის იარაღის საწყობებში ორი კაცი შეეწირა, ხოლო ზარალმა 47 მლნ დოლარი შეადგინა, რის გამოც ახლა ჩეხეთსა და რუსეთს შორის ნამდვილი დიპლომატიური ომი დაიწყო ერთმანეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევებით. თუკი რუსული დივერსია დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თავს დაესხა ნატოს წევრ ქვეყანას!

პ.ს. რამდენი დივერსიული აქტი ჩაუტარებიათ რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში? არსებობს კი ამის ანალიზი ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებში? იქნებ სწორედ ასეთივე დივერსია იყო ბორჯომის ტყეებში მასშტაბური ხანძარი ან თავის დროზე ვაზიანში აფეთქებული საზენიტო რაკეტები?