ობამამ ოსამას ბოლო მოუღო... - კვირის პალიტრა

ობამამ ოსამას ბოლო მოუღო...

აშშ-ის ხელისუფლება და მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ეიფორიაშია - აუხდათ ათი წლის ოცნება, განადგურებულია ადამიანი, რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბერს ათასობით მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა.

იმ საშინელი ტერაქტების შემდგომ ოსამა ბენ ლადენი მსოფლიოს #1 ტერორისტად აღიარეს და მის მოსაძებნად ჯილდოდ 100 მლნ დოლარი დააწესეს. მიუხედავად ამისა, ის თითქმის ათი წლის განმავლობაში ვერ მოიხელთეს.

2 მაისს, გამთენიისას პაკისტანის ქალაქი აბოთაბადი აფეთქებისა და სროლის ხმამ გააღვიძა. სროლა 40 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც სიჩუმემ დაისადგურა და ბევრი ვერაფერს მიხვდებოდა, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ტელევიზიით სპეციალური განცხადება რომ არ გაეკეთებინა.

"ოსამა ბენ ლადენი მკვდარია!" - აშშ-ის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში, რადგან, ერთი მხრივ, ლიკვიდირებულ იქნა მრავალი სისხლიანი ტერორისტული აქტის ორგანიზატორი, მაგრამ მეორე მხრივ გაჩნდა შიში, რომ მისი მიმდევრები შურს იძიებენ.

ყოველდღიურად უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი, თუ როგორ დაიგეგმა და ჩატარდა ოსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია; თუმცა იმის იმედი, რომ ამ აშშ-ის ხელისუფლება და სპეცსამსახურები ყველაფერს ნათელს მოჰფენენ, არავის უნდა ჰქონდეს.

KvirisPalitra.Geოფიციალური ვერსიით, ბენ ლადენის კვალზე იმ მეკავშირის საშუალებით გავიდნენ, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს დააკავეს და გუანტანამოს ციხეში ჰყავდათ. ბენ ლადენი, ბუნებრივია, არ ენდობოდა ტელეფონებსა და ინტერნეტს. ამიტომაც დავალებებს მეკავშირეების საშუალებით აწვდიდა ხელქვეითებს სხვადასხვა ქვეყანაში.

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გასული წლის აგვისტოში ძებნის რკალი ქალაქ აბოთაბამდე შეამცირეს, რომელიც პაკისტანის დედაქალაქიდან ასიოდ კილომეტრზეა. მართალია, ბევრს ეგონა, რომ ბენ ლადენი ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე სადღაც გამოქვაბულში იმალებოდა, მაგრამ ქალაქის "ჯუნგლებში" თურმე უფრო ადვილი ყოფილა მიმალვა.

სპეცსამსახურებმა ყურადღება მიაქციეს ქალაქის ერთ-ერთ უბანში პაკისტანის არმიის სამხედრო აკადემიიდან 800-იოდე მეტრში მდებარე დიდ სახლს, რომელსაც 4-6 მ სიმაღლის გალავანი ეკრა და რა ხდებოდა ეზოში, არ ჩანდა. მისი ბინადარნიც უცნაურად იქცეოდნენ, ნაგავი გარეთ არ გამოჰქონდათ, ეზოშივე წვავდნენ.

ამერიკელ სპეცსამსახურებს არ ჰქონდათ ასპროცენტიანი გარანტია, რომ ბენ ლადენი სწორედ ამ სახლში იმალებოდა, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ობამამ მიიღო გადაწყვეტილება მისი ლიკვიდაციის ოპერაციის დაწყებაზე.

30 აპრილს დაგეგმილი ოპერაცია უამინდობის გამო გადაიდო. 1-ელ მაისს შუაღამისას ავღანეთიდან, ამერიკული სამხედრო ბაზიდან აფრინდა ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი (მათგან ორი, შეიძლება "სტელს"-პროგრამით მოდერნიზებული "ბლექ ჰოუკი" იყო, რომელთა აღმოჩენა პაკისტანის რადარებმა ვერ შეძლეს), რომელთა ბორტზე 30-მდე ამერიკელი "ზღვის ლომი" იმყოფებოდა.

ამერიკელებმა საქმის კურსში არ ჩააყენეს პაკისტანის მთავრობა, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობდნენ,  რომ პაკისტანის სპეცსამსახურებიდან წინასწარ აწვდიდნენ ინფორმაციას ბენ ლადენს.

სპეცოპერაცია ჩაშლის პირას იყო, როდესაც ერთ-ერთი დაზიანებული "სტელს"-შვეულმფრენი ავარიულად დაეშვა მიწაზე (ის მოგვიანებით თავად ამერიკელებმა ააფეთქეს). ამ დროს უკვე ორმხრივად ისროდნენ შენობაში. ამერიკელი "ზღვის ლომები" სროლით იკვლევდნენ გზას შენობის მეორე სართულისკენ. ზოგიერთს მუზარადზე მინივიდეოკამერა ჰქონდა მიმაგრებული და ვიდეოკადრებს დროის რეალურ მასშტაბში თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა უყურებდნენ.

ერთ-ერთ ოთახში სპეცრაზმელებმა უიარაღო ბენ ლადენი აღმოაჩინეს, მიუხედავად ამისა, მაინც ცეცხლი გახსნეს. პირველი ტყვია ბენ ლადენს მარცხენა თვალში მოხვდა და, სავარაუდოდ, მაშინვე მოკლა, მაგრამ ამერიკელმა სპეცრაზმელმა ორი საკონტროლო ტყვია მაინც დაახალა.

სახლში მყოფი 17 კაცისგან 4 დაიღუპა, მათ შორის - ქალიც. ამერიკელ სპეცრაზმელებს დანაკარგი არ ჰქონიათ. მათ ბენ ლადენის ცხედარი შვეულმფრენში გადაიტანეს და სახლიდან წაიღეს კომპიუტერები და დისკებიც.

შვეულმფრენები ჯერ ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზაში დაფრინდნენ, სადაც ბენ ლადენის ცხედარს ფოტოები გადაუღეს და დნმ-ის ანალიზი აუღეს. თეთრი სახლის მტკიცებით, შემდეგ ცხედარი ამერიკულ ავიამზიდზე გადაიტანეს და "ზღვაში მუსლიმანური ტრადიციის დაცვით" დაკრძალეს.

გასაგებია, თუ რატომ თქვა უარი აშშ-ის პრეზიდენტმა ბენ ლადენის თავშესაფრის წერტილოვან დაბომბვაზე. ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" ან ლაზერის სხივით მართული რამდენიმეტონიანი საავიაციო ბომბი სახლს ნანგრევებად აქცევდა. ბენ ლადენი კი დაიღუპებოდა, მაგრამ მის ნეშტს ისევ პაკისტანური სპეცსამსახურები ამოთხრიდნენ და გადასცემდნენ თალიბებს, რომლებიც ბენ ლადენის საფლავს რადიკალი მუსლიმანების სათაყვანებელ და სალოცავ ადგილად გადააქცევდნენ.

ბენ ლადენის ლიკვიდაციით და მისი ნეშტის, ფაქტობრივად, გაქრობით, თეთრმა სახლმა ბენ ლადენის მიმდევრებს ამის საშუალება მოუსპო.

ბენ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ბევრს გაუჩნდება იმედი, რომ ავღანეთში დამთავრდება თითქმის ათწლიანი სისხლის ღვრა, თუმცა საქმე ასე იოლად არ არის.

ბენ ლადენისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" საცეცები მთელ მსოფლიოში აქვს გადგმული და სულიერი მამის ლიკვიდაციის მიუხედავად, ის ფუნქციონირებას განაგრძობს. ამიტომაც ავღანეთში ვითარება შეიძლება უახლოეს ხანში უფრო დაიძაბოს კიდეც, რადგან თალიბები და "ალ-ქაიდა" ბენ ლადენის დაღუპვის გამო შურისძიებას შეეცდებიან.

სიტუაცია მარტო ავღანეთში კი არა, შესაძლოა იმ ქვეყნებშიც დაიძაბოს, რომლებსაც ავღანეთში ISAF-ის ძალებში თავისი სამხედროები ჰყავთ გაგზავნილი. ასეთი ქვეყნების რიგში საქართველოცაა, რომლის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის ორ პროვინციაში მონაწილეობენ ანტიტერორისტულ ოპერაციებში.

დასასრულ, გვინდა ერთი საინტერესო პარალელი გავავლოთ: ბენ ლადენი ისეთივე #1 ტერორისტი იყო აშშ-ისთვის, როგორიც შამილ ბასაევი - რუსეთისთვის. ახლა ორივე ლიკვიდირებულია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ოსამა ბენ ლადენს წინსვლაში სწორედ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ეხმარებოდა, ისევე როგორც შამილ ბასაევს - რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

ავღანეთში შეჭრილ საბჭოთა არმიასთან საბრძოლველად მოჯაჰედების შეკრებაში ბენ ლადენს ამერიკული CIA ედგა მხარში. 1992-93 წლებში აფხაზეთში ქართველებთან ბრძოლაში შამილ ბასაევს კურირებას რუსეთის ГРУ უწევდა.

გავიდა წლები და ამ სპეცსამსახურებს ყველაფერი უკან შემოუტრიალდათ - ბენ ლადენმა აშშ-ს რამდენიმე მტკივნეული დარტყმა მიაყენა ტერაქტების სახით, ისევე როგორც შამილ ბასაევმა რუსეთის ქალაქებში აფეთქებების სერია მოაწყო...