რუმინეთში ამერიკული ანტირაკეტები, მოლდავეთში - რუსული ტანკები? - კვირის პალიტრა

რუმინეთში ამერიკული ანტირაკეტები, მოლდავეთში - რუსული ტანკები?

მიუხედავად მოსკოვის დიდი ზეწოლისა, ბუქარესტი მაინც დასთანხმდა ამერიკული ანტირაკეტების განთავსებას. საპასუხოდ შეიძლება კრემლმა "ქართული ვარიანტი" გაითამაშოს და მოლდავეთი დნესტრისპირეთის ახალ ომში ჩაითრიოს...

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება პაკისტანში ოსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციისაკენ იყო მიპყრობილი, რუმინეთმა და აშშ-მა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.

ხელშეკრულების მიხედვით, რუმინეთის სამხრეთით, ოლტის დეპარტამენტში, ყოფილ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ამერიკული სამხედრო ბაზა გაიხსნება. აქ პირველ ეტაპზე 200-მდე ამერიკელი სამხედრო განთავსდება, რომლებიც მოემსახურებიან 24 გასაშვებ დანადგარსა და 20 ანტირაკეტას (სავარაუდოდ, შM-3 შტანდარდ-ის ტიპის). ეს ანტირაკეტები მიეკუთვნება ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემას, რომელსაც პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპაში ქმნის და  ირანული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ არის მიმართული.

რუმინეთის ხელმძღვანელობამ ამ გაბედული ნაბიჯით, ჩანს, კიდევ უფრო გადაიმტერა ოფიციალური მოსკოვი, რადგან კრემლი ძალზე მტკივნეულად აღიქვამს ყოფილი ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ამერიკელების გამოჩენას.

ალბათ ბევრს ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი ცდილობდა, პოლონეთსა და ჩეხეთში განეთავსებინა ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტები, რუსეთის ხელისუფლება ჩეხეთსა და პოლონეთს კალინინგრადის ოლქში ბირთვულქობინიანი "ისკანდერების" შეყვანითა და ვარშავასა და პრაღაზე დამიზნებით დაემუქრა მოგვიანებით, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეაჩერა პოლონეთსა და ჩეხეთში ანტირაკეტებისა და რადარის განთავსების პროცესი, რაც კრემლმა თავის გამარჯვებად აღიქვა.

ამ დღეებში რუმინეთთან დადებული ხელშეკრულება კი იმაზე მიუთითებს, რომ მაშინ თეთრ სახლს უკან არ დაუხევია, როგორც ეს კრემლში ეგონათ. უბრალოდ, ის პროექტი, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების განთავსებას ითვალისწინებდა, ტექნიკურად სრულყოფილი არ აღმოჩნდა, ამიტომაც პენტაგონმა ფსონი კარგად გამოცდილ საზღვაო ბაზირების საზენიტო რაკეტებზე (SM-3 Standard-ების მოდიფიკაციაზე) გააკეთა. მათი საშუალებით, ერთ-ერთი გამოცდისას დედამიწის ახლო ორბიტაზე მფრენი მწყობრიდან გამოსული ამერიკული თანამგზავრიც კი ჩამოაგდეს.

ამ მოდერნიზებული ანტირაკეტებით აღჭურვილი ამერიკული კრეისერები ხმელთაშუა ზღვაში იდრეიფებენ, ხოლო ანტირაკეტების სახმელეთო ვარიანტები რუმინეთში განთავსდება.

ბუქარესტის ურჩობას კრემლმა შეიძლება მზაკვრული ქმედებით უპასუხოს.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ აშშ-მა და ევროპის დიდმა ნაწილმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც, ფაქტობრივად, მოსკოვს სილა გააწნა. კრემლის საპასუხო ნაბიჯად კი სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობის ცნობა იქცა.

არსებობს დიდი შანსი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სცადოს დნესტრისპირეთში სიტუაციის ისევ არევა და ახალ ომში მოლდავეთი ჩაითრიოს, რაც, ძალაუნებურად, გამოიწვევს კიშინიოვის დასახმარებლად რუმინეთის გააქტიურებას. არც ის არის გამორიცხული,  რომ "ქართული სცენარის" მიხედვით მოსკოვმა სეპარატისტული ტირასპოლის რეჟიმის დამოუკიდებლობაც ცნოს და მოლდავეთისთვის ტერიტორიის ჩამოჭრა სცადოს.

ჩვენი სიტუაციისგან განსხვავებით (სეპარატისტულ ცხინვალსა და სოხუმს მოსკოვი უშუალოდ ესაზღვრებოდა), დნესტრისპირეთი არ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას - მათ შორის უკრაინაა, თუმცა ექსპრეზიდენტ იუშჩენკოსგან განსხვავებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტი იანუკოვიჩი  მოსკოვისკენ უფრო იხრება, ვიდრე დასავლეთისკენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, სეპარატისტული დნესტრისპირეთის ცნობის შემთხვევაში, ოფიციალურმა კიევმა რუსეთს  დაუჭიროს მხარი, თუნდაც პასიური ქმედებებით...