ჰიტლერმა დაგვიპირა, პუტინმა შეგვისრულა...
08-05-2021
ჰიტლერმა დაგვიპირა, პუტინმა შეგვისრულა...
მეორე მსოფლიო ომის გამოძახილი - როგორ აპირებდა გერმანული ლიუფტვაფე თბილისის საავიაციო ქარხნის დაბომბვას...

ფაშისუტური გერმანიის კაპიტულაციიდან 76 წლისთავს მსოფლიოს დიდი ნაწილი 8 მაისს აღნიშნავს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ამ თარიღს 9 მაისს ზეიმობენ, თუმცა მთავარი არა კონკრეტული თარიღია, არამედ ის საშინელი მეორე მსოფლიო ომი, რომელიც კაცობრიობამ გადაიტანა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული 163 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, უფრო მეტი დაიჭრა და დასახიჩრდა, რითაც საქართველომ თავისი დიდი წვლილი შეიტანა ფაშისტურ
გერმანიაზე გამარჯვების საერთო საქმეში, თუმცა, ამასთანავე, გადაურჩა კიდევ ერთ დიდ უბედურებას - ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ ქართულ მიწაზე, რისი დიდი ალბათობაც არსებობდა, ჰიტლერს სტრატეგიული შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩრდილოკავკასიისა და სტალინგრადის ნაცვლად, სამხრეთკავკასია და დასავლეთი საქართველო რომ აერჩია.

მართალია, აფხაზეთისა და სვანეთის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები
მიმდინარეობდა, მაგრამ საქართველო გადაურჩა ჰიტლერის საჰაერო არმადის - ლიუფტვაფეს "ხალიჩისებურ" დაბომბვას, რომელმაც ნანგრევებად აქცია სტალინგრადი თუ ლენინგრადი.

მეორე მსოფლიო ომის ოთხი წლის განმავლობაში ლიუფტვაფემ საქართველოს ტერიტორიაზე ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ბომბები თუ ჩამოყარა და არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ შეეძლო ან ჰიტლერმა ქართველები დაგვინდო. საქმე ის იყო, რომ გერმანელი პილოტებისთვის ასეთი დავალება არ მიუციათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ლიუფტვაფე მაინც ემზადებოდა სტრატეგიული ობიექტების დასაბომბავად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე - თბილისში...

ჰიტლერის პილოტის მიერ 1942 წელს დანახული თბილისის საავიაციო ქარხანა და 2008 წელს პუტინის მფრინავის მიერ მიზანში ამოღებული

ეს უნიკალური ფოტოსურათი სწორედ გერმანული ლიუფტვაფეს სადაზვერვო თვითმფრინავიდან არის გადაღებული და მასზე ჩანს თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის საამწყობო საამქროები მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

საჰაერო დაზვერვა ფრონტის ხაზიდან მოშორებით, ზურგში (მაშინ ბრძოლები ჩრდილოკავკასიაში, თბილისიდან 150-200 კმ-ით ჩრდილოეთით მიმდინარეობდა), მიუთითებს, რომ ლიუფტვაფე აგროვებდა კონკრეტული სტრატეგიული ობიექტების განლაგების დეტალურ მონაცემებს, საბჭოთა საავიაციო ქარხნები კი გერმანელი პილოტების პირველი სამიზნეები იყო.

ომის დაწყებამდე თბილისის აღმოსავლეთით საავიაციო ქარხანა არ არსებობდა, მაგრამ გერმანელების სწრაფი და წარმატებული შეტევის გამო სტალინმა გასცა ბრძანება საწარმოებისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქარხნების საბჭოთა კავშირის დასავლეთიდან აღმოსავლეთში დაუყოვნებლივი ევაკუაციის შესახებ. სევასტოპოლისა და ტაგანროგის საავიაციო ქარხნების ევაკუაცია სამხრეთით, საქართველოში გადაწყდა და მათ ბაზაზე 1941 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა.

გერმანიის არმიის დაზვერვის - აბვერის აგენტებს არ გამოეპარებოდათ ახალი საავიაციო ქარხნის ამოქმედება თბილისის გარეუბანში, ხოლო როდესაც მალევე ამ ქარხანამ დაიწყო "ლაგგ-3" ტიპის ავიაგამანადგურებლების სერიული წარმოება, რომლებმაც მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანულ "მესერშმიტებს", თბილისის საავიაციო ქარხანა ლიუფტვაფეს დასაბომბ სტრატეგიულ ობიექტთა სიაში აღმოჩნდა...

გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავის გადაღებულ სურათზე (ეს ფოტო, სავარაუდოდ, კინოფირის კადრია) კარგად ჩანს თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროები და დამხმარე შენობა-ნაგებობები, ამასთან, ლიუფტვაფეს დეშიფრატორებს ზუსტად აქვთ გაანალიზებული თითოეული შენობის დანიშნულება, რაც ზუსტი საჰაერო დაბომბვის წინაპირობა გახლდათ...

და მაინც, ეს საავიაციო ქარხანა, ისევე, როგორც თბილისი და მთელი საქართველო, საბედნიეროდ, გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელ საჰაერო დაბომბვას. მაგრამ გადის 66 წელი და ის, რაც დაგეგმა, მაგრამ არ გააკეთა ჰიტლერმა, აგვისრულა პუტინმა!

გერმანული საჰაერო-სადაზვერვო ფოტო 1942 წლის 12 აგვისტოთია დათარიღებული, 2008 წლის 10 აგვისტოს კი სწორედ თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომი ერთ დღეში ორჯერ დაგვიბომბეს პუტინის "შევარდნებმა" და თანაც - ამავე ქარხნის გამოშვებული და ამ აეროდრომზე "დაფრთიანებული" "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით...

აგვისტოს ომის ხუთ დღეში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქართული პოზიციების, სოფლებისა და ქალაქების დასაბომბავად თითქმის ხუთი ათასამდე საავიაციო ბომბი, რაკეტა და მსხვილკალიბრიანი საარტილერიო ჭურვი გამოიყენეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მცირეკალიბრიან ქვემეხებსა და ცეცხლსასროლ იარაღზე.

სულერთია რა ერქმევა მას - ჰიტლერი თუ პუტინი, თუკი ის შენი სამშობლოს დაბომბვას ბრძანებს, ე.ი. მტერია!
სოსო
12 მაისი 2021 17:19
100000 კაცზე ბევრად მეტი,ჯერ მარტო ქერჩისათვის ბრძოლაში დაიღუპა და მთელი დანარჩენი ომის განმავლობაში ბამბას გვესროდნენ?დასავლური მედია,ძალიან ცდილობს,ამ ომში გამარჯბვების მთავარ ფაქტორად,საკუთარი თავი წარმოადგინოს,მაგრამ ფაქტია,რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების ორი მესამედი,აღმოსავლეთის ფრონტზე,სსრკს წინააღმდეგ იბრძოდა,თანაც თავისი დაძაბულობით და სისხლიანობით,ეს ბრძოლები შეუდარებლად უფრო მძიმე იყო,დასავლეთის ფრონტზე ბრძოლებთან შედარებით.ამიტომ ყოველნაირად ამცირებენ საბჭოთა კავშირის როლს და მსხვერპლს,ამ ომში.თავისას კი აზვიადებენ.საბჭოთა კავშირი,მხოლოდ რუსეთი არ იყო,იქ,ჩვენი წინაპრებიც იბრძოდნენ(ქერჩში,პაპაჩემიც დაიკარგა,უგზო უკვლოდ) და არავის უნდა მივცეთ უფლება,დაამციროს მათი სხვერპლი და გმირობა.მრავალ სოფელში,ჯერ კიდევ არსებობს,იმ ომში შინმოუსვლელთა მემორიალები და ნახონ,რამდენია დაღუპული.დამიჯერეთ,162000 ნამდვილად არ გამოვა.გაცილებით,შეუდარებლად მეტია,მათი რიცხვი.
ირაკლი ალადაშვილი
12 მაისი 2021 14:12
„წიგნში ”საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე” (დავით მუსხელიშვილი, მიხეილ სამსონაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ქ. თბილისი, გამომცემლობა ”გუმბათი”, 2012 წელი, ISBN 978-9941-0-4195-2), 496-ე გვერდზე, აღნიშნულია:

”საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო საერთო გამარჯვებაში. ბოლო დადგენილი მონაცემებით მსოფლიო ომის ფრონტებზე დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 311 კაცი, გაწვეულთა საერთო რაოდენობის 23,3 პროცენტი, მათ შორის ქართველი იყო 117 031 კაცი 66 პროცენტი”.
ანუ, თუ ამ მონაცემებს გავაანალიზებთ, მივდივართ დასკვნამდე, რომ:

1) თუ მე-2 მსოფლიო ომის ფრონტებზე საქართველოდან ჯარში გაწვეული ადამიანებიდან დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 311 ადამიანი, ანუ გაწვეულების 23,3 პროცენტი, მაშინ გამოდის, რომ გაწვეული ყოფილა 700 099 ადამიანი;

2) ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ მე-2 მსოფლიო ომის ფრონტებზე საქართველოდან ჯარში გაწვეული 700 099 ადამიანიდან დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 311 ადამიანი, და მათ შორის ქართველი იყო 117 031 კაცი, მაშინ გამოდის, რომ მე-2 მსოფლიო ომის ფრონტებზე დაღუპული და და უგზო-უკვლოდ დაკარგული 117 031 ქართველის პროცენტული წილი საქართველოდან ჯარში გაწვეულ 700 099 ადამიანთან მიმართებაში იყო 16,71 პროცენტი;“

ეს არის ადვოკატ კახაბერ როდინაძეს მოსაზრება,რომელიც ინტერნეტში მოვიძიე.თავს ვერ დავდებ,შეიძლება საკამათო იყოს,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ რეალობასთან უფრო ახლოა,ვიდრე ათწლეულებით დამკვიდრებული მოსაზრება,რომ საქართველოდან გაწვეული 700 ათასი კაციდან მეორე მსოფლიო ომში თითქმის ნახევარი,350 ათასამდე დაიღუპაო...

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი

09 მაისი 2021 13:15
სკოლაშიც ასე გვასწავლიდნენ 720 000 იყო გაწვეული და 300 000-ზე მეტი დაიღუპა, ზოგი ცნობით 360 ათასი. საქართველოდან პროცენტულად სსრკ-ს რესპუბლიკებთან შედარებით ყველაზე მეტი იყო გაწვეული და დაღუპული. ამ პერიოდში თუ სწორად მახსოვს საქართველოს სს რესპუბლიკაში მოსახლეობის რაოდენობა იყო 3 100 000.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის პროცესს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის პროცესს საქართველოში?