სვანეთში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გადმოსხმული გერმანელი პარაშუტისტები - კვირის პალიტრა

სვანეთში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გადმოსხმული გერმანელი პარაშუტისტები

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ბლიცკრიგის გეგმა სამხრეთ კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოზე ფართომასშტაბიან გალაშქრებას არ ითვალისწინებდა, აბვერი პარაშუტისტ-დივერსანტებს პერმანენტულად გზავნიდა ქართულ მიწაზე. ასეთი საიდუმლო ოპერაციები, ძირითადად, 1942 წლის გაზაფხულზე დაიწყო. 6 მაისს სოხუმის, ოჩამჩირის, ფოთისა და ბათუმის სანაპირო ზოლის გასწვრივ დასაზვერად იფრინა გერმანულმა თვითმფრინავმა. მის ბორტზე იყო სომეხი ეროვნების აბვერის ოფიცერი, რომელიც ინიშნავდა სანაპირო ზოლის იმ ადგილებს, სადაც საზღვაო დესანტის გადმოსხმა შეიძლებოდა. იგეგმებოდა, რომ პირველ ეტაპზე გადმოსხმული 1,5-ათასკაციანი საზღვაო დესანტი, რომელშიც გერმანელების გარდა ქართველები და სომხებიც იქნებოდნენ, დაიკავებდა პლაცდარმს სანაპიროზე, აქ კი მალევე დამატებით სამი ათასამდე მებრძოლს გადმოსხამდნენ, მაგრამ ამ დიდ გეგმას განხორციელება არ ეწერა და აბვერი ქართულ მიწაზე მცირერიცხოვანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადმოსხმას დასჯერდა.

8 მაისს ოჩამჩირესთან პარაშუტებით ჩაუშვეს ოთხკაციანი ჯგუფი სომეხი უნტერ-ოფიცრის, პილევოსიანის მეთაურობით, მაგრამ ბერიას "ენ-კა-ვე-დემ" ისინი მეორე დღესვე დააკავა. ჯგუფის მეთაურმა, რომელმაც პარაშუტით დაშვებისას ორივე ფეხი მოიტეხა, ტყვედ ჩაბარებას თავის მოკვლა ამჯობინა.

პარაშუტისტების "ჩამოყრა" მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა - 17 აგვისტოს ცაგერის რაიონში, 25 აგვისტოს კი გალის რაიონში გადასხეს მზვერავ-დივერსანტთა ჯგუფები. საგულისხმოა, რომ გალში დესანტირებისთვის აბვერმა სომხები და აფხაზები განზრახ შეარჩია, თუმცა ორ კვირაში ისინი მაინც აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

6 სექტემბერს, ღამით, ცხინვალთან ახლოს გერმანულმა თვითმფრინავმა პარაშუტისტების მორიგი პარტია "ჩამოყარა". ბერიას მებრძოლებმა მეორე დღესვე აღმოაჩინეს ტყეში გადამალული სამი პარაშუტი, პისტოლეტები, დამტვრეული რაცია და ჭიათურის რაიონის რუკა, მაგრამ დივერსანტებს ვერ მიაგნეს და მხოლოდ 18 სექტემბერს დააკავეს ამ ჯგუფის ორი წევრი სომხეთში, ირანის საზღვართან.

6-8 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში გამოჩნდა აბვერის სპეციალური ქვედანაყოფი, სახელწოდებით "თამარა-1", რომელიც ოთხი ექვსკაციანი ჯგუფისგან შედგებოდა.

22 ოქტომბერს სვანეთში გაგზავნეს 30-კაციანი სადივერსიო ჯგუფი, რომელშიც, ქართველების გარდა, შვიდი გერმანელი ოფიცერიც იყო. ამ ჯგუფმა რამდენიმე წარმატებული დივერსიული აქტი განახორციელა, მათ შორის - ააფეთქა იარაღის ორი საწყობი.

გერმანელი და მათ მხარეს მებრძოლი ქართველი მზვერავ-დივერსანტების გადმოსროლის ოპერაციები მთელი ომის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ აბვერის ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან საბჭოთა კონტრდაზვერვამ თითქმის ყველა ჯგუფი აღმოაჩინა და გააუვნებლა.