რუსი ამერიკელს ფოთთან დარაჯობდა... - კვირის პალიტრა

რუსი ამერიკელს ფოთთან დარაჯობდა...

ბაიდენის პუტინთან დაშვებული "კომპრომისი" საქართველოს ტერიტორიულ წყლებთან რუსულმა კორვეტმა "მოაცილა"

4-6 მაისს ბათუმის პორტს მეგობრული ვიზიტით ეწვია აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი USCGC Hamilton (WMSL-753), რაც მრავალწლიანი კარგი ტრადიციის გაგრძელებაა, თუმცა "ჰამილტონისთვის" ეს პირველი ღუზის ჩაშვება გახლდათ ქართულ პორტში, რადგან აშშ-ის სანაპირო დაცვამ ის შეიარაღებაში 2014 წელს მიიღო და მის ეკიპაჟს აქამდე შავ ზღვაში არ შემოუცურავს.

ამერიკელ სტუმარს ტრადიციულად დახვდნენ ქართული სანაპირო დაცვის კატარღები - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და ფოთთან ერთობლივი საზღვაო წვრთნებიც ჩაატარეს.

ყველაფერი ჩვეული რეჟიმით წარიმართა, ოღონდ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - წინა წლებთან შედარებით, დღეს შავი ზღვის აკვატორიაში უფრო დაძაბული სამხედრო-პოლიტიკური ვითარებაა, რის გამოც ბათუმის პორტს ამერიკული სანაპირო დაცვის ხომალდი ეწვია და არა - სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი.

საქმე ის არის, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის შენაერთების გადასროლის საპასუხოდ პენტაგონს გადაწყვეტილი ჰქონდა, კიევისთვის მორალური მხარდაჭერის მიზნით შავ ზღვაში ერთდროულად ორი სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი შემოეშვა, რომლებიც ფრთოსანი "ტომაჰავკებით" არიან აღჭურვილნი და ის მოწინააღმდეგისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დასაცავად ამერიკული "ტომაჰავკების" გაშვება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება...

თუმცა, როგორც ხედავთ, ვერც ეს ერთგვარი "დამაშინებელი" აქტი განხორციელდა, რადგან გაიმართა ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბარი და, სავარაუდოდ, სიტუაციის უფრო გართულების თავიდან აცილების მიზნით თეთრმა სახლმა უკან მიაბრუნა შავი ზღვისკენ გეზაღებული სარაკეტო საესკადრო ნაღმოსნები, კომპენსაციად კი ჩვენკენ მოკრძალებული სანაპირო დაცვის "ჰამილტონი" გამოგზავნა, თუმცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს არც "ჰამილტონი" დაუტოვებია უყურადღებოდ და ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებამდე რუსულმა საპატრულო ხომალდმა, იგივე კორვეტმა, "პაველ დერჟავინმა" მოაცილა. "დერჟავინი" ამერიკულ "ჰამილტონს" რამდენიმე დღე საქართველოს ტერიტორიული წყლების საზღვართან დაელოდა და შემდეგ ისევ კვალში ჩაუდგა.

 კორვეტი

ასეთი მჭიდრო "საზღვაო პრესინგით" კრემლი არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდებს აჩვენებს, რომ ისინი შავ ზღვაში არასასურველი სტუმრები არიან და ეს ზღვა რუსეთს "ეკუთვნის".

გასულ საუკუნეში მიღებული მონტრეს კონვენცია დღეს სწორედ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს და შავი ზღვის პორტებში გამორიცხავს არაშავიზღვისპირა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების მუდმივ ოპერატიულ ბაზირებას. ამიტომ თუკი ნატოს სურს, მართლაც გაძლიერდეს ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე, მას ორი ძირითადი გზა რჩება: პირველი - შავ ზღვაში მუდმივი როტაციის რეჟიმში შეინარჩუნოს მცირერიცხოვანი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება, როდესაც 21-დღეღამიანი ცურვის შემდეგ ბოსფორის სრუტით გამავალ ორ-სამ სამხედრო ხომალდს (რომელთა საერთო წყალწყვა 30-45 ათასი ტონით არის შეზღუდული) მაშინვე ჩაანაცვლებს ნატოს ხომალდების სხვა ჯგუფი; და მეორე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი შავიზღვისპირა ქვეყნების, უპირველესად კი - რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გადაიარაღება ახალი მცურავი საშუალებებით, თუმცა ეს უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში ისედაც ძლიერია და განსაკუთრებული გაძლიერება არ სჭირდება, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა პოლიტიკაა - ევროკავშირიდან და აშშ-დან ერთგვარად "გარიყული" ერდოღანი საპასუხო სვლად ნატოს მთავარ მტერთან - პუტინთან დაახლოებას ირჩევს.

მონტრეს კონვენციის გაუქმება ნატოს შავ ზღვაში გასაძლიერებლად ხელ-ფეხს გაუხსნიდა, მაგრამ მას კბილებით დაიცავს რუსეთი და არც თურქეთი იქნება მომხრე, რომ შეწყდეს 85 წლის წინ მიღებული ამ კონვენციის მოქმედება.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე გაჭრას ბოსფორის სრუტის მარცხნივ სტამბოლის არხი, რაც გააადვილებს ნაოსნობას შავი ზღვისკენ და პირიქით. გამოითქვა მოსაზრება, თითქოს სტამბოლის არხის ამოქმედების შემდეგ მასზე აღარ გავრცელდება მონტრეს კონვენცია, მაგრამ ასეც რომ იყოს და სტამბოლის არხით ნატომ შავ ზღვაში შემოიყვანოს 45 ათას ტონაზე მეტი საერთო წყალწყვის სამხედრო ხომალდების ჯგუფი, შავ ზღვაში ხომ მაინც დარჩება მონტრეს კონცენციის 21-დღეღამიანი აკრძალვა?