ცხინვალი სომხებს რუსეთში გადაფრენას უშლის? - კვირის პალიტრა

ცხინვალი სომხებს რუსეთში გადაფრენას უშლის?

ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება თავისდა უნებურად უპირისპირდება "მამა-მარჩენალ" რუსეთს, როდესაც ცხინვალის რეგიონზე სამგზავრო თვითმფრინავების გადაფრენის აკრძალვას მოითხოვს...

შეიარაღებული კონფლიქტის ზონების თავზე არაერთხელ მომხდარა ტრაგედია, როდესაც მებრძოლ მხარეებს შეცდომით თუ შეგნებულად ჩამოუგდიათ სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც ათობით და ასობით უდანაშაულო მგზავრის სიცოცხლე შესწირვია.

შორს რომ არ წავიდეთ, ამის ტრაგიკული მაგალითები სამხრეთ კავკასიაშიც მოგვეპოვება - ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხებმა საზენიტო რაკეტით ირანული "ჰერკულესი" ჩამოაგდეს, ხოლო აფხაზეთის ომის დროს აფხაზებმა და რუსებმა - ორი ქართული სამგზავრო "ტუ".

ის კი, რაც 2014 წელს უკრაინაში, დონბასის თავზე მოხდა, როდესაც რუსულმა "ბუკმა" მალაიზიური "ბოინგი" იმსხვერპლა ან 2020 წლის იანვარში, როდესაც ირანელებმა თეირანიდან აფრენილი "ბოინგი" "ტორის" ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს, ადამიანურ წარმოდგენას არ შეესაბამება, ამიტომაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად კეტავს საჰაერო სივრცეს შეიარაღებული კონფლიქტის ზონების თავზე, რომ ახალი ტრაგედიები არ მოხდეს.

ასეა ჩაკეტილი საჰაერო სივრცე ყველა ეშელონზე ოკუპირებული აფხაზეთის თავზე და მას გვერდს უვლიან საერთაშორისო რეისები, თუმცა ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცე არ ჩაკეტილა და ყოველდღიურად ათობით სამგზავრო თვითმფრინავი სხვადასხვა სიმაღლეზე თავზე გადაუფრენს ან გვერდით ჩაუფრენს ცხინვალს.

ეტყობა, ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ წლობით მიმდინარე ასეთი ფრენები მათი "სუვერენიტეტის" დარღვევად ჩათვალა და "მრისხანე" განცხადება გააკეთა "უცხოური თვითმფრინავების მიერ სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევის" ფაქტებზე, რაც "სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და ამით საქართველო პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენს მათზე".

9-11 კმ სიმაღლეზე მფრენი დოჰა-ვაშინგტონისა თუ პარიზი-პეკინის "ბოინგებისა" და "ეარბასების" ეკიპაჟებისთვის სულერთია, ცხინვალს ზედ გადაუფრენენ, თუ ათიოდე კმ-ზე გვერდით ჩაუფრენენ, მათთვის მთავარია, დაუბრკოლებლად გადაკვეთონ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის - საქართველოს საჰაერო სივრცე და სატრანზიტო გადაფრენის საფასური მათმა ავიაკომპანიამ სრულად გადაურიცხოს "საქაერონავიგაციას".

სეპარატისტულ ცხინვალს, საბედნიეროდ, არ გააჩნია ისეთი საზენიტო საშუალებები, რომლებიც ათ კმ ეშელონზე მფრენ სამგზავრო ლაინერებს მისწვდება და ამიტომაც მათი შეფარული მუქარა არასერიოზულია, თუმცა ამ ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული სამხედრო ბაზის შეიარაღებაში არის "იგლასა" თუ "შილკაზე" სერიოზული საზენიტო საშუალებები.

ძნელად დასაჯერებელია, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საზენიტო რაკეტები საერთაშორისო რეისების შემსრულებელი სამგზავრო თვითმფრინავებისკენ მიმართონ, თუმცა თუ გავიხსენებთ, რა გააკეთეს რუსმა სამხედროებმა დონბასში (როდესაც რუსეთიდან ფარულად გადაყვანილი "ბუკიდან" მალაიზიური "ბოინგი" ჩამოაგდეს და 298 ადამიანი იმსხვერპლეს), ყველაფრის გამორიცხვა, ალბათ, მაინც არ ღირს.

მაგრამ ყველაზე კომიკური, იცით, რა არის? ცხინვალის სიახლოვეს ყველაზე ხშირად დასავლური კი არა, რუსული და სომხური თვითმფრინავები დაფრინავენ, რომლებიც მოსკოვი-ერევნის, როსტოვი-გიუმრის, სანქტ-პეტერბურგი-ერევნის და სხვა ავიარეისებს დღეში რამდენჯერმე ასრულებენ. მაშასადამე, რა გამოდის? თუკი ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვს, მათ თავზე სამგზავრო ფრენები შეწყდეს, ამით ისინი ძალაუნებურად საქართველოს გავლით რუსეთში სომხების გადაფრენასაც ეწინააღმდეგებიან, სომხეთის საჰაერო ბლოკადასაც უჭერენ მხარს და რუსეთ-სომხეთის ურთიერთობასაც ართულებენ?