ისრაელს ორი ფრონტი გაუხსნეს - რაკეტები ღაზიდან და ავტომატიანი არაბები ქალაქების ქუჩებში... - კვირის პალიტრა

ისრაელს ორი ფრონტი გაუხსნეს - რაკეტები ღაზიდან და ავტომატიანი არაბები ქალაქების ქუჩებში...

"იერუსალიმის მახვილის" სახელწოდებით წამოწყებულ "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმებს ისრაელი "კედლების დარაჯის" თავდაცვითი ოპერაციით აღუდგა წინ"

16 წლის წინ, როდესაც ისრაელმა, ფაქტობრივად, დატოვა ღაზის სექტორი, გამოასახლა რა იქიდან ებრაელები, მას იმედი ჰქონდა, რომ "ჰამასის" ტერორისტული აქტების რიცხვი შემცირდებოდა და ასეც მოხდა - ღაზაში აღარავინ აფეთქებდა ებრაელების მანქანებს და თავს აღარ ესხმოდნენ "ცახალის" (ისრაელის არმია) პატრულს, მაგრამ ახლა "ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ ინტიფადის (ამბოხების) ახალი გზა - სარაკეტო თავდასხმები აირჩია...

ის, რაც დღეს ხდება ისრაელში, ახალი არ არის. ზუსტად შვიდი წლის წინ, 2014 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის რაიონიდან მუსლიმების რამდენიმე ოჯახის გამოსახლება და მათ ადგილზე ებრაელების ჩასახლება სცადა, "ჰამასმა" ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქებისკენ ათას რაკეტაზე მეტი გაუშვა.

დღევანდელი სარაკეტო კონფლიქტის სტარტად ისევ ალ-აქსას მეჩეთის რაიონიდან არაბების გამოსახლების ცდა იქცა, მაგრამ ეს მხოლოდ საბაბია, მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ არსებობს ფუნდამენტალური დაპირისპირება ებრაელებსა და არაბებს, განსაკუთრებით კი - პალესტინელებს შორის, როცა მოლაპარაკებებს ყოველთვის შლის რაკეტების ზალპი...

ღაზის სექტორის ორმილიონიან მოსახლეობას 2007 წლიდან, ფაქტობრივად, "ჰამასი" მართავს, რომელსაც ისრაელი, აშშ, კანადა, იაპონია და ევროკავშირი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა რუსეთი "ჰამასს" ლეგიტიმურ პარტნიორად აღიარებს, რის საპასუხოდაც "ჰამასმა" კრემლს საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი "გაუპრავა". Uუდავოა, რომ "ჰამასი" ბოლო წლების განმავლობაში დაუღალავად ემზადებოდა ახალი ინტიფადის დასაწყებად და სარაკეტო არსენალს ავსებდა. ამით აიხსნება ის, რომ ისრაელის ქალაქების მიმართულებით 11 მაისს დაწყებული მასობრივი სარაკეტო ზალპების სერია არ წყდება.

ისრაელს, "რკინის გუმბათის" ანტისარაკეტო სისტემის გარდა, ისიც შველის, რომ "ჰამასის" გაშვებული რაკეტები უმართავია და, ამასთან, ტექნიკურად დაუხვეწავიც (რასაც ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ისრაელის ქალაქებისკენ გაშვებული ორი ათასი რაკეტიდან 400-მდე სტარტის შემდეგ ღაზის სექტორშივე ჩამოვარდა), თუმცა სარაკეტო დარტყმების დაწყების მესამე დღეს "ჰამასმა" ისრაელის დასახლებულ პუნქტებს უკვე დანაღმული დრონი-კამიკაძეებითაც შეუტია, რომლებიც იმართება და, "ქასამის" რაკეტისგან განსხვავებით, წერტილოვანი საჰაერო დარტყმა შეუძლიათ. თუმცა, როგორც ჩანს, ისრაელის მთავარი პრობლემა მხოლოდ ღაზის სექტორიდან "ჰამასის" გაშვებული რაკეტები არ ყოფილა (სხვათა შორის, სარაკეტო ზალპი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ლიბანიდანაც განხორციელდა, თუმცა ასევე ტერორისტულმა "ჰესბოლამ" მისი ავტორობა უარყო). მთავარი საფრთხე უშუალოდ ისრაელის ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში იმალება, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ ებრაელები და არაბები. ქალაქების ქუჩებში ეროვნული ნიშნით დაპირისპირება დაიწყო, ქალაქ ლოდში კი არაბები ქუჩებში ავტომატებსაც კი ისვრიან. ამას უკვე სამოქალაქო ომის სუნი ასდის, რაც ისრაელის ერთიანობისთვის უფრო საშიშია, რადგან თუკი ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტების საპასუხოდ ისრაელის არმიას შეუძლია დანანების გარეშე მიაყენოს "წერტილოვანი", მაგრამ მძლავრი დარტყმები არაბებით დასახლებული ქალაქების კორპუსებს, უშუალოდ ისრაელში, მისი ქალაქების ქუჩებში ისრაელის მოქალაქე არაბებს ჰაერიდან ვერ დაბომბავს. მათ წინააღმდეგ მხოლოდ ზუსტი საპოლიციო ოპერაციების ჩატარება შეიძლება, მაგრამ არაბები ავტომატებითა და ხელყუმბარმტყორცნებით არიან შეიარაღებული, რის გამოც მათ წინააღმდეგ საპოლიციო ძალა საკმარისი აღარ არის და საარმიო დანაყოფების მოზიდვა ხდება საჭირო, მაგრამ ისრაელის ქალაქების ქუჩებში "მერკავას" ტანკების გამოჩენა სამოქალაქო ომის დაწყების ნიშნად იქცევა...