ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების გარეშე ისრაელის არმია "ჰამასის" რაკეტების ზალპებს ვერ შეაჩერებს... - კვირის პალიტრა

ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების გარეშე ისრაელის არმია "ჰამასის" რაკეტების ზალპებს ვერ შეაჩერებს...

ისრაელის ათობით საბრძოლო თვითმფრინავი, შვეულმფრენი და დრონი მუდმივად ჰაერშია "გამოკიდებული" სარაკეტო ზალპების ადგილების აღმოჩენისა და ელვის უსწრაფესი საპასუხო საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი "ჰამასის" მერაკეტეების "დასამუხრუჭებლად".

სიტუაცია ღაზის სექტორში ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციის დაწყებას მოითხოვს, რათა სარაკეტო გამშვები მოწყობილობებისა და რაკეტების საწყობების აღმოსაჩენად თითოეული სავარაუდო სამალავი შემოწმდეს. მაგრამ ღაზის სექტორში 16 წლის შემდეგ "ცახალის" დაბრუნება ქუჩის ბრძოლების დაწყებას მოასწავებს, რადგან "ჰამასის" მებრძოლების არსენალში საკმარისად მოიპოვება ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება როგორც ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების, ისე - მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების სახით.

ისრაელის ჯავშანტექნიკა, მათ შორის - "მერკავას" ტიპის ტანკები და "აჰზარიტის" მძიმე ჯავშანტრანსპორტიორები, მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაცული საბრძოლო ტექნიკა, რომლის აფეთქება ძალიან რთულია, თუმცა "ჰამასის" შეიარაღებაში, დიდი ხანია, გამოჩნდა შედარებით თანამედროვე რუსული წარმოების უმართავი, "ვამპირის" ტიპის ხელისა და "კორნეტის" ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, რომლებსაც "მერკავას" ბორტის ჯავშნის გარღვევა შეუძლია.

თუკი "ცახალმა" მაინც გადაწყვიტა ღაზის სექტორში "მერკავების" გადასროლა, ისინი, ალბათ, აუცილებლად იქნება აღჭურვილნი "ტროფის" ტიპის აქტიური თავდაცვის სისტემებით, რომლებიც ტანკებისკენ გაშვებულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ჰაერშივე ააფეთქებს. არ არის გამორიცხული, "ჰამასი" ცდილობდეს, სახმელეთო ოპერაციის წამოწყებაზე "წამოიკიდოს" ისრაელის არმია და ის ღაზის სექტორის ქალაქების ვიწრო ქუჩებში შეიტყუოს, იქ კი "მეორე გროზნო" (იგულისხმება ჩეჩნეთის პირველი ომის დროს გროზნოს ქუჩებში ერთიანად განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა) მოუწყოს...

ამ საშიშროებას თელ-ავივშიც ხვდებიან და ამიტომაც ითრევენ ფეხს ღაზისკენ "მერკავების" იერიშის დაწყებაზე (14 მაისს, ამ სტატიის დაწერის დროს, ისრაელის არმიას ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაწყებული არ ჰქონდა), მაგრამ თუკი "ჰამასის" სარაკეტო მარაგი "უსასრულო" გამოდგა, მაშინ თელ-ავივი იძულებული გახდება, "ჰამასის" განადგურება ქუჩა-ქუჩა დაიწყოს...