კრემლი თავის "ბინ ლადენს" - დოკუ უმაროვს საქართველოში დაეძებს... - კვირის პალიტრა

კრემლი თავის "ბინ ლადენს" - დოკუ უმაროვს საქართველოში დაეძებს...

პაკისტანში ამერიკელების სპეცოპერაციით, რომელსაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოჰყვა, ხელფეხგახსნილი მოსკოვი რუსეთის #1 ტერორისტს - დოკუ უმაროვს უკვე საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში ეძებს და სპეცოპერაციის ჩატარებასაც გეგმავს...

ამერიკელების მიერ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამ ერთი ძალზე სახიფათო პრეცედენტი შექმნა, რამაც შეიძლება ძალზე უარყოფითად იმოქმედოს საქართველოზე.

ამერიკელი "ზღვის ლომების" მოულოდნელი და ელვის უსწრაფესი სპეცრეიდი პაკისტანის ტერიტორიის თითქმის 100 კმ-ის სიღრმეში ისლამაბადთან ოფიციალურად შეთანხმებული არ იყო და თეთრმა სახლმა ამის შესახებ მხოლოდ სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ (მაშინ, როცა "ზღვის ლომების" შვეულმფრენებმა ბინ ლადენის ნეშტით პაკისტან-ავღანეთის საზღვარი გადაკვეთეს) აცნობა პაკისტანის ხელისუფლებას. ამერიკელთა ასეთი ქმედება ხელ-ფეხს უხსნის მოსკოვს, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ანალოგიური სპეცოპერაცია ჩაატაროს რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისე, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება საქმის კურსში არც კი ჩააყენოს.

დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ზესახელმწიფოს იმიჯი შეინარჩუნოს და ამერიკელებს არ ჩამორჩეს. ამის დასტურად გამოდგება ჩვენთვის ესოდენ ტრაგიკული პარალელიც - 2008 წლის დასაწყისში აშშ-მა ევროპის რიგ ქვეყნებთან ერთად ცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა, რასაც რამდენიმე თვეში საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესია და სეპარატისტული სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.

არსებობს საშიშროება, რომ კრემლმა, ამერიკელთა მიბაძვით, რომელიმე კონკრეტული ტერორისტის ლიკვიდაციის საბაბით საქართველოს ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარება სცადოს.

KvirisPalitra.Geრუსულ მასმედიაში უკვე გამოჩნდა მინიშნება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ჩრდილო კავკასიაში ვეღარ პოულობენ დოკუ უმაროვს, რომელიც რუსეთისთვის ისეთივე #1 ტერორისტად ითვლება, როგორადაც ამერიკელებისთვის ითვლებოდა ბინ ლადენი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ.

"დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის (2011 წლის 24 იანვარს ამ აეროპორტში ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 200-მდე კი  დაიჭრა) შემდეგ, რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ დოკუ უმაროვმა აიღო, რუსეთის სპეცსამსახურებმა მის დასაკავებლად ძალისხმევა გააათკეცეს. 28 მარტს ინგუშეთში წერტილოვანი საჰაერო დარტყმისა და საარტილერიო ზალპების შედეგად რუსეთის სპეცსამსახურებმა ათამდე შეიარაღებული მებრძოლი გაანადგურეს და იმედი ჰქონდათ, რომ მათ შორის დოკუ უმაროვიც იქნებოდა, მაგრამ დაღუპულთა დნმ-ის ანალიზმა კრემლის ეს იმედი არ დაადასტურა. მას შემდეგ რუსეთის #1 ტერორისტს უშედეგოდ ეძებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, საჰაერო თავდასხმის დროს დაჭრილმა უმაროვმა ჩრდილო კავკასია დატოვა  და ჭრილობებს თურქეთში, ქ. სტამბოლში იშუშებს, სადაც მისი ძმა - ვახა ცხოვრობს. თუმცა რუსი Aჩ<-ელები თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში თურქეთის სპეცსამსახურები მას აუცილებლად მოძებნიდნენ და დააკავებდნენ.

რუსეთის სპეცსამსახურების მეორე ვერსია კი ტრადიციული და უკვე მოსაბეზრებელიცაა - თითქოს დოკუ უმაროვი საქართველოშია, პანკისის ხეობაში, სადაც, მოსკოვის მტკიცებით, ჩეჩენ მებრძოლებს ჭრილობების მოსაშუშებლად თურმე ჰოსპიტლებიც კი ჰქონიათ.

ეს მორიგი ბრალდება შეიძლება კაცს ერთ ყურში შეეშვა და მეორიდან გამოეშვა, მაგრამ ამჯერად სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია - აშშ-მა პაკისტანის ხელისუფლებისგან მალულად მის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და ბინ ლადენი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დახოცა.

ვინ გამორიცხავს, რომ ამერიკელთა მიბაძვით, რუსული ГРУ-სა თუ ФСБ-ს სპეცდანაყოფებმაც არ გადმოსხან დესანტი იმ შვეულმფრენებიდან, რომლებსაც ჩეჩნეთიდან პანკისამდე მისაფრენად მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდებათ (გროზნოს ხანკალას სამხედრო აეროდრომიდან პანკისის ხეობის სოფელ დუისამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 130 კმ-მდეა). თანაც, ეს შვეულმფრენები ხეობების გავლით დაბალ სიმაღლეზე იფრენენ და ქართული რადიოლოკატორების მიერ მათი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელი იქნება; ამასთან, რუსებს ამერიკელებივით არ დასჭირდებათ "სტელსის" შვეულმფრენების გამოყენება, მით უმეტეს, რომ (ამერიკელებისგან განსხვავებით)  ასეთი შვეულმფრენები არც აქვთ.

საქართველოში მოულოდნელი სპეცოპერაციის ჩასატარებლად დოკუ უმაროვის ფაქტორის გამოყენება კვლავ რეალურ საფრთხედ რჩება, რისგანაც დასავლეთის პოსტფაქტუმ "შეშფოთება-აღშფოთებები" ვერ დაგვიცავს, რადგან კრემლს მყარი არგუმენტი აქვს - თუკი ამერიკელებს შეუძლიათ!..

P.S. იმისათვის, რომ საქართველოში რუსული სპეცოპერაციის ჩატარების ალბათობა შემცირდეს, ქართულმა სპეცსამსახურებმა პანკისის ხეობაში (და სხვა რაიონებშიც) უნდა ჩაატარონ საძიებო სამუშაოები, რათა ვინმე არასასურველი პირი (შეიძლება, თავად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ადრე შემოგზავნილი) მართლაც არ იმყოფებოდეს იქ და მოსკოვმა ეს საბაბად არ გამოიყენოს...