სააკაშვილის "ცესნას" "ბუკის" რაკეტები დაუმიზნეს? - კვირის პალიტრა

სააკაშვილის "ცესნას" "ბუკის" რაკეტები დაუმიზნეს?

თვითმხილველთა ინფორმაციით, ზუგდიდის თავზე მფრენი საქართველოს პრეზიდენტის ერთძრავიანი თვითმფრინავი ოკუპირებული გალის რაიონიდან რუსულმა საზენიტო დანადგარებმა მიზანში ამოიღეს...

9 მაისს, როდესაც მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავს აღნიშნავდნენ, ხოლო ქართული ოპოზიციის ნაწილი კახეთში იყო ჩასული, საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდთან აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გახსნა და ერთძრავიანი "ცესნას" ტიპის თვითმფრინავით ქალაქის თავზეც გაინავარდა.

ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა მოსკოვშიც, კახეთშიც და ზუგდიდშიც, მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი ქართული სოფლის მცხოვრებმა აცნობა, რომ იმ დღეს სოფლის შარაგზაზე "რაკეტებიანი ტანკი" დაქროდა, ხოლო მოგვიანებით მთვრალ რუს სამხედროებს წამოსცდენიათ - ქართული ტელევიზიებიდან ახლა გავიგეთ, რომ თქვენს პრეზიდენტს ზუგდიდის თავზე უფრენია, არადა, ეს პატარა თვითმფრინავი სულ მიზანში გვქონდა ამოღებული და ღილაკზე თითის დაჭერაღა უნდოდაო...

რამდენად დასაჯერებელია რუსი სამხედროების ტრაბახი, გამოსარკვევად ქართული სპეცსამსახურებისთვის მიგვინდვია, თუმცა ფაქტია, რომ ოკუპირებული გალის რაიონიდან რუს მეზენიტეებს საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა არათუ ზუგდიდის, არამედ, სამწუხაროდ, ქუთაისისა და ბათუმის თავზეც შეუძლიათ.

სოფლის მცხოვრებთა მიერ შემჩნეული "რაკეტებიანი ტანკი" უთუოდ БУК-М1-ის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი უნდა იყოს. იგი დღეს რუსეთის არმიაში ერთადერთი საზენიტო საშუალებაა, რომლის რაკეტები კონტეინერების გარეშეა დამონტაჟებული და სამხედრო საქმისგან ძალიან შორს მყოფ ადამიანსაც შეუძლია მათი ფორმის იდენტიფიკაცია. ენგურის მარჯვენა სანაპიროდან ამ რუსულ "ბუკებს" 35 კმ მაქსიმალურ სიშორესა და 22 კმ სიმაღლეზე შეუძლიათ საფრენი აპარატის ჩამოგდება, ამ რადიუსში კი ზუგდიდის გარდა, ფოთიც ხვდება.

გარდა "ბუკისა", რუსულ საოკუპაციო ძალებს გალის რაიონში განთავსებული ჰყავთ სხვა საზენიტო საშუალებებიც: ავტომატური ქვემეხები ЗУ-23-2 და გადასატანი სითბური დამიზნების Игла-ები, გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზაში კი განთავსებულია თვითმავალი Тунгуска-ები და С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. გალის რაიონში მათ გადმოსროლას რამდენიმე საათი სჭირდება, რის შემდეგაც С-300-ის რაკეტები ქუთაისსა და ბათუმამდეც მიაღწევს.