ავღანური დეჟავიუ - ისტორია მეორდება, ავღანეთს ისევ თალიბები ეპატრონებიან...
ავღანური დეჟავიუ - ისტორია მეორდება, ავღანეთს ისევ თალიბები ეპატრონებიან...
"ამერიკელების მიერ სამხედრო ბაზების დატოვებისთანავე მათ "თალიბანის" შეიარაღებული მებრძოლები იკავებენ, რადგან ავღანეთის სამთავრობო ძალები თითქმის უბრძოლველად თმობენ ამ ბაზებს..."

ავღანეთიდან ქართული, თითქმის 900-კაციანი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა დაწყებულია. მაზარი-შარიფი უკვე დატოვა საქართველოს თავდაცვის ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, რომელიც სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა...

ის, რაც დღეს, 2021 წლის ზაფხულში ხდება, დეჟავიუს გრძნობას აჩენს, რადგან ეს ერთხელ უკვე გვინახავს... 1989 წლის 15 თებერვალს, 1979 წლის 25 დეკემბერს ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში კრემლის
მიერ საბჭოთა არმიის გადასროლიდან 10 წლის შემდეგ, ავღანეთის მიწა ბოლო საბჭოთა ჯარისკაცმა დატოვა.

მაშინაც, თითქმის ათწლიანი სისხლისმღვრელი ომის პერიოდში, საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ადგილობრივი ხელისუფლების გამოყენების მიუხედავად, ვერ შეძლო მთელი ავღანეთის გაკონტროლება და დამარცხებულს მოუხდა ამ ქვეყნიდან გამოსვლა.

მოსკოვის მიერ ქაბულში დატოვებულმა ნაჯიბულას მთავრობამ ხელისუფლების შენარჩუნება
(ისიც - საბჭოთა შეიარაღების სისტემატური მიწოდების ხარჯზე) მხოლოდ სამიოდე წელი შეძლო, 1992 წლის აპრილში კი ქაბულში აჯანყებულები შევიდნენ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა თალიბების (თალიბი პუშტუს ენაზე სტუდენტს, მედრესეს, მოსწავლეს ნიშნავს) სრულ გამარჯვებას. მათ კიდევ ოთხი წელი დასჭირდათ ჩრდილოეთის ალიანსის დაჯგუფების გასანადგურებლად და ავღანეთის დიდ ტერიტორიაზე თავიანთი ძალაუფლების დასამყარებლად, მაგრამ თავად თალიბების ხელისუფლებამაც მხოლოდ ოთხი წელი გაძლო, სანამ 2001 წლის ბოლოს ავღანეთში აშშ-მა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყო 11 სექტემბრის ტერაქტების იდეოლოგის, უსამა ბინ ლადენისა და მისი მომხრეების გასანადგურებლად.

ასე რომ, წელს, 2021 წლის შემოდგომაზე, 20 წელი სრულდება, რაც აშშ-ის სამხედროები მოკავშირე ქვეყნების სამხედრო კონტინგენტთან ერთად ავღანეთის "უცნაურ" ომში იბრძვიან, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე თეთრი სახლი ისევე შორსაა, როგორც თავის დროზე კრემლი იყო... ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა არათუ დროული, არამედ ძალიან დაგვიანებულია. ამის გაკეთება, ალბათ, ათი წლის წინ იყო საჭირო, როდესაც 2011 წელს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პაკისტანში უსამა ბინ ლადენი მოკლეს.

პენტაგონს ავღანეთიდან დაჩქარებული ტემპით გამოჰყავს თავისი სამხედროები და საბრძოლო ტექნიკა, თუმცა ავღანეთის დღევანდელ ხელისუფლებასაც საკმარის ტექნიკასა და ტყვია-წამალს უტოვებს,­ რომ მან თავის დაცვა შეძლოს, თუმცა, ეტყობა ამაოდ.
საქმე ის არის, რომ დღე არ გავა, კოალიციური ძალების გამოსვლის პარალელურად, "თალიბანის" მებრძოლებმა ერთი-ორი დასახლებული პუნქტი არ დაიკავონ.

ბაგრამის საავიაციო ბაზა (იქ მუდმივად იმყოფებოდა ქართული სამხედრო კონტინგენტის ნაწილი) ამ ოცწლიანი ომის პერიოდში უდიდესი გახლდათ და ადვილი წარმოსადგენია, მისი დაცლის შემდეგ როგორ ეცდება "თალიბანი", ბაგრამი დაიკავოს.

ბაგრამისთვის ბრძოლებში გამოჩნდება, რა შეუძლიათ წლობით ნაზარდ ავღანეთის სახელისუფლებო არმიასა და პოლიციას, რომელთა გაწვრთნასა და შეიარაღებაში აშშ-მა მილიარდები დახარჯა, თუმცა, პროგნოზი მთლად საიმედო არ არის, რადგან "თალიბანს" მორალური უპირატესობა აქვს, ყველას, ვინც ამერიკელებთან თანამშრომლობდა, ქვეყნის მოღალატეებად თვლის და მათ დანდობას არ აპირებს.

მსგავსი რაღაც მოხდა ავღანეთში სამი ათეული წლის წინაც, როდესაც "თალიბანი" ქუჩებში სახრჩობელებზე ჰკიდებდა საბჭოთა არმიასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ავღანელებს.

Gგანმეორდება თუ არა ასეთივე სისხლის ღვრა, თუკი ავღანეთში ხელისუფლებას "თალიბანი" დაიბრუნებს, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ტენდენცია, რომელიც უკვე შეიმჩნევა თალიბების მიერ დაკავებულ დასახლებულ პუნქტებში, სანუგეშოს არაფერს ამბობს.

ავღანეთში დაღუპული ქართველები

1979-89 წლებში, როდესაც ავღანეთში მე-40 საბჭოთა არმია იბრძოდა, ოფიციალური მონაცემებით, იქ 15 ათასი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათგან 134 საქართველოდან იყო გაწვეული (მათგან 128 დაღუპულად ითვლება, ექვსი კი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად).

2009 წლიდან, რაც ქართული არმია აქტიურად ჩაერთო ავღანეთის მისიაში, 22 ათასი მონაწილიდან დაიღუპა 32 სამხედრო, 302 კი დაიჭრა.
ირაკლი ალადაშვილი
13 ივნისი 2021 18:56
ბატონო დავით ვერ შეგეკამათებით,შეიძლება თქვენ მართალი ბრძანდებით.სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ჩასვლა ავღანეთში,ვერც 1987-89 წლებში,როგორც საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების სავალდებულო სამსახურის საავიაციო სპეციალისტმა და ვერც, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელმა სამხედრო ჟურნალისტმა. თუკი საბჭოთა პერიოდში მე არავინ მეკითხებოდა, სად გავეგზავნეთ,დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ხელმძღვანელობა,დაწყებული 2009 წლიდან დღემდე,რატომღაც სულ ბლოკავდა „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ავღანეთში,ქართულ სამხედრო მისიაში ჩასვლას...
ავღანური მისიის გავლის შემთხვევაში, ეტყობა უფრო მეტად გავერკვეოდი იქაურ ნიუანსებში.
პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი.
დავითი
13 ივნისი 2021 11:05
ბატონო ირაკლი, ნუ მიწყენთ, მაგრამ "თალიბი პუშტუს ენაზე სტუდენტს, მედრესეს, მოსწავლეს ნიშნავს" - არასწორია. ის ნიშნავს მხოლოდ სტუდენტს და არა - მედრესეს, არა პუშტუზე, არამედ არაბულად და არა "თალიბი" არამედ ტალიბი.
dato
12 ივნისი 2021 22:54
სისხლის ღვრა

რუბრიკის სხვა სიახლეები