რას უნდა ნიშნავდეს გიუმრის სამხედრო აეროდრომად გადაკეთება? - კვირის პალიტრა

რას უნდა ნიშნავდეს გიუმრის სამხედრო აეროდრომად გადაკეთება?

საქართველოდან - 40, ხოლო თურქეთიდან 10 კმ-ის დაშორებით სომხეთი მთავარი სამხედრო-საჰაერო ბაზის შექმნას იწყებს?!

სომხეთს აეროდრომების სიმრავლით არ გაუმართლა, რაც, ალბათ, მისი რთული მთაგორიანი რელიეფითაც იყო განპირობებული. თუკი საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი არანაკლებ ათი სამხედრო აეროდრომი ფუნქციონირებდა, ხოლო საქართველოში შვიდი ასეთი სამხედრო-საჰაერო ბაზა იყო, სომხეთში (საბჭოთა კავშირის დაშლის წინ) ერთი საბრძოლო თვითმფრინავიც კი არ იდგა. შესაბამისად, მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების დაწყებისას, მაშინ, როცა აზერბაიჯანელები ნასოსნისა თუ განჯის სამხედრო აეროდრომების ასაფრენ ბილიკებს მანქანებით ხერგავდნენ, რუსეთში გადაფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და თვითმფრინავებს იტოვებდნენ, სომხეთს Су-25 ტიპის თვითმფრინავები რუსეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან საქართველოზე უკითხავად გადაფრენის შემდეგ მიაწოდეს (ერთიც კოპიტნარიდან მოგვპარა რუსმა პილოტმა და სომხეთში დასვა).

მას შემდეგ სომხეთმა გიუმრის `შირაქის" აეროპორტი ნახევრად სამხედროდ აქცია, სადაც სამოქალაქო ლაინერების გვერდზე სომხეთის საჰაერო ძალების 15-მდე Су-25 ტიპის მოიერიშე და ერთი МиГ-25 ტიპის გამანადგურებელი (რომელიც აზერბაიჯანს მოსტაცა რუსმა პილოტმა) იდგა. სომეხი სამხედროების განკარგულებაშია ასევე `ერებუნის", იგივე ერევან-იუჟნის აეროდრომიც ერევანთან, სადაც თავისუფლად შეეძლოთ განეთავსებინათ საბრძოლო ავიაცია, მაგრამ იქ მხოლოდ სომხეთის სამხედრო შვეულმფრენები ბაზირებენ, აეროდრომს კი, ძირითადად, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების (18 ერთეული) ესკადრილია იყენებს.

სომხეთის საბრძოლო თვითმფრინავების მთავარ `ნავსაყუდლად" წლების განმავლობაში გიუმრის სამოქალაქო აეროდრომის არჩევა შეიძლება იმითაც იყო განპირობებული, რომ ის შორს არის აზერბაიჯანის საზღვრებიდან და მის წინააღმდეგ მოულოდნელი საჰაერო შეტევა ძალიან რთული იქნებოდა. სამაგიეროდ, გიუმრის აეროდრომი სულ რაღაც 10-ოდე კმ-ით არის დაშორებული თურქეთის საზღვარს და 40-ოდე კმ-ით - საქართველოს. საქართველოდან სომხურ თვითმფრინავებს საშიშროება არ ელოდებათ, რის გარანტიასაც ოფიციალურ ერევანს თურქეთთან დაკავშირებით ვერავინ მისცემს. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ სომხეთის ხელისუფლება გიუმრის სამოქალაქო აეროპორტის დაკეტვასა და მის მთლიანად სამხედრო-საჰაერო ბაზად ქცევას აპირებს. სომხეთის მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიუმრის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იგეგმება, რის შემდეგაც ის მხოლოდ სამხედრო ავიაციას მოემსახურება.

ალბათ, გიუმრის საჰაერო ბაზა გახდება შედარებით თანამედროვე, მრავალფუნქციური Су-30СМ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ბაზირების ადგილიც, რომელთა ოთხი ერთეული ერევანმა მოსკოვისგან გასული წლის დასაწყისში იყიდა, მაგრამ ყარაბაღის მესამე ომში ვერ გამოიყენა შესაბამისი რაკეტების მარაგის უქონლობის მოტივით, თუმცა, მონდომების შემთხვევაში, ამ თვითმფრინავებიდან უმართავი საავიაციო ბომბების ჩამოყრას ხელს არაფერი უშლიდა.