პუტინი ნატოს რაკეტებს უკრაინიდან უფრთხის, საქართველოდან? - კვირის პალიტრა

პუტინი ნატოს რაკეტებს უკრაინიდან უფრთხის, საქართველოდან?

"რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აშკარად მიანიშნა, რომ ის უკრაინისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას არ დაუშვებს..."

აღმოსავლეთში ნატოს გაფართოება და მათი ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება პრაქტიკული მნიშვნელობის არის რუსეთისთვის. რატომ? პოლონეთი გახდა ნატოს წევრი და ამერიკელებმა ადვილად მოილაპარაკეს მათთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე, თუმცა ამ სისტემის გამშვები მოწყობილობები, შესაძლოა, გამოიყენონ თავდასხმითი კომპლექსებისთვის, რომლებიც აღწევს რუსეთის ცენტრამდე, მათ შორის - მოსკოვამდე და თანაც ძალიან სწრაფად - 15 წუთია მოსკოვამდე ფრენის დრო.

წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა გახდა ნატოს წევრი. ხარკოვიდან ან დნეპროპეტროვსკიდან ფრენის დრო რუსეთის ცენტრალურ ნაწილამდე, მოსკოვამდე, 7-10 წუთამდე მცირდება. არის თუ არა ეს ჩვენთვის წითელი ხაზი? სახიფათო და მიუღებელი იქნება თუ არა შეერთებული შტატებისთვის ჩვენი რაკეტების კუბაზე განთავსება, საიდანაც ვაშინგტონამდე ფრენის დრო 15 წუთია? და ეს დრო რომ 7-10 წუთამდე შემცირდეს, ჩვენი რაკეტები უნდა განთავსდეს კანადის სამხრეთ საზღვართან, ან მექსიკის ჩრდილოეთ საზღვართან. ეს აშშ-ისთვის არის თუ არა წითელი ხაზი? ვინმემ ხომ უნდა იფიქროს. როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რაც განიხილება და რა შეთავაზებებსაც ვხედავთ?!" - რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ამ მონოლოგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, წლების განმავლობაში რომელი ძალა ბლოკავს უკრაინისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პროცესს.

ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ზემოქმედება მოახდინოს ნატოს გადაწყვეტილებებზე და მით უმეტეს - დაბლოკოს რომელიმე ქვეყნის ალიანსში მიღების პროცესი, მაგრამ მკაცრი რეალობა სულ სხვა რამეს გვაჩვენებს...

კრემლი დასავლეთს კიდევ ერთხელ, ამჯერად - კულუარების გარეშე, აშკარად აფრთხილებს, ემანდ რამე არ შეგეშალოთ, უკრაინასა და საქართველოს ისევ არ დაჰპირდეთ ალიანსში მიღებას, თორემ რუსეთის რეაქცია ადეკვატური და მკაცრი იქნებაო...

არადა პუტინს, ჩვენდა სამწუხაროდ, შეუძლია მუქარის ასრულება - 2008 წლის დასაწყისში ნატოს ძირითადმა წევრებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნეს, რის გამოც კრემლიდან დაემუქრნენ, სამაგიეროს გადაგიხდითო და ეს აასრულეს კიდეც საქართველოს ხარჯზე, როდესაც რამდენიმე თვეში აგვისტოს ომით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარეს. საქართველოში რუსეთის არმიის შემოჭრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტი იყო, როდესაც ნატო ზარ-ზეიმით შეჰპირდა საქართველოს თავის რიგებში მიღებას, ოღონდ - თარიღის დაკონკრეტების გარეშე და სანამ ნატო გვპირდებოდა, რუსული ტანკები ქართულ გზებზე შემოხრიგინდნენ...