ქართული არმია ნატოსთვის მზად არ არისო, თუმცა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში ალიანსის გვერდით საბრძოლველად ვარგოდა?! - კვირის პალიტრა

ქართული არმია ნატოსთვის მზად არ არისო, თუმცა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში ალიანსის გვერდით საბრძოლველად ვარგოდა?!

14 ივნისს ბრიუსელში არც უკრაინას და არც საქართველოს არ პატიჟებენ, სტუმრის სტატუსითაც კი, რაც მიანიშნებს, რომ ალიანსის ამ სამიტზე ჩვენი ქვეყნებისთვის სიახლეს არ უნდა ველოდოთ და კვლავ გაისმება უკვე მობეზრებული ფრაზა: "საქართველო და უკრაინა გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, როდესაც ისინი შესაბამის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რეფორმებს გაატარებენ და ნატოს ღირსეული წევრობისთვის მზად იქნებიან."

გაკვირვებას, იცით, რა იწვევს? თუკი ქართული არმია ჯერ კიდევ არ არის მზად ალიანსის წევრობისთვის, როგორ იყო მზად ქართველი ჯარისკაცი, კოსოვოში 1999-2008 წლებში, ერაყში - 2003-2008 წლებში და ავღანეთში - 2009 წლიდან დღემდე ნატოს გვერდით მდგარიყო?! ამ კონფლიქტის ზონებში ხომ ენდობოდნენ ქართველ სამხედროებს და მათ სხვადასხვა სახის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად იყენებდნენ? თუ საქმე ასეა - როცა მჭირდები, მინდიხარ, მაგრამ შენ რომ გჭირდება, ჯერ მზად არ ხარ იმისთვის, რომ დაგეხმარო?!

ბრიუსელის სამიტის წინ დასავლურ მასმედიაში გამოჩნდა რამდენიმე ანალიტიკური მასალა, რომელთა ავტორები, ალიანსის ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, რომლებიც დიპლომატიური ენით გვესაუბრებიან, ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. "უკრაინა ძალიან დიდია, ხოლო საქართველო - ძალიან შორსაა, რომ ნატომ მათ "თავდაცვის ქოლგა" გადააფაროს," - აცხადებენ დამოუკიდებელი დასავლელი ექსპერტები. ანუ ისინი ნათელს ჰფენენ იმას, რასაც ნატოს პოლიტკორექტული ბიუროკრატი ჩინოვნიკი ხმამაღლა არასდროს იტყვის - უკრაინას იმდენი პრობლემა დაუგროვდა ყირიმისა და დონბასის სახით, რომ ნატოს მის დასახმარებლად ძალები არ ეყოფა, საქართველო კი შორს, ევროპის საზღვარზეა და ნაკლებად მიესადაგება ალიანსის ინტერესებს...

ნატოს ამ სამიტს იმედიანად ელოდნენ უკრაინაში, რომელიც ახალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგას, რადგან სექტემბერში უკრაინის საზღვრებთან იწყება რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები და, კაცმა არ იცის, რა მოჰყვება ამას. თუმცა, სავარაუდო, საშიში პროგნოზის გაკეთება მაინც შეიძლება - 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმაზე უარის შემდეგ კრემლმა ნათლად დაინახა, რომ ალიანსი ჩვენთვის თავს მაინცდამაინც არ აიტკივებდა, რის გამოც ჩრდილოკავკასიაში დაწყებული ფართომასშტაბიანი სწავლება "კავკაზ-2008" საქართველოს ტერიტორიაზე აგვისტოს ომითა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით დაამთავრა.

10-16 სექტემბერს რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება "ზაპად-2021" გაიმართება და იძლევა კი ნატო გარანტიას, რომ პუტინი "მოთვინიერებული" ლუკაშენკოს გამოყენებით უკრაინის ტერიტორიების შემდგომ ოკუპაცია-ანექსიას არ ეცდება? რა თქმა უნდა, არა, რადგან დღევანდელ ნატოს, თავად ალიანსისთვის არ გააჩნია არც პოლიტიკური ნება და არც სამხედრო რესურსი, რომ კრემლის შესაძლო ბოროტ ზრახვებს წინ აღუდგეს.