ქართული არმია ნატოსთვის მზად არ არისო, თუმცა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში ალიანსის გვერდით საბრძოლველად ვარგოდა?!
14-06-2021
ქართული არმია ნატოსთვის მზად არ არისო, თუმცა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში ალიანსის გვერდით საბრძოლველად ვარგოდა?!
14 ივნისს ბრიუსელში არც უკრაინას და არც საქართველოს არ პატიჟებენ, სტუმრის სტატუსითაც კი, რაც მიანიშნებს, რომ ალიანსის ამ სამიტზე ჩვენი ქვეყნებისთვის სიახლეს არ უნდა ველოდოთ და კვლავ გაისმება უკვე მობეზრებული ფრაზა: "საქართველო და უკრაინა გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, როდესაც ისინი შესაბამის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რეფორმებს გაატარებენ და ნატოს ღირსეული წევრობისთვის მზად იქნებიან."

გაკვირვებას, იცით, რა იწვევს? თუკი ქართული არმია ჯერ კიდევ არ არის მზად ალიანსის წევრობისთვის, როგორ იყო
მზად ქართველი ჯარისკაცი, კოსოვოში 1999-2008 წლებში, ერაყში - 2003-2008 წლებში და ავღანეთში - 2009 წლიდან დღემდე ნატოს გვერდით მდგარიყო?! ამ კონფლიქტის ზონებში ხომ ენდობოდნენ ქართველ სამხედროებს და მათ სხვადასხვა სახის საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად იყენებდნენ? თუ საქმე ასეა - როცა მჭირდები, მინდიხარ, მაგრამ შენ რომ გჭირდება,
ჯერ მზად არ ხარ იმისთვის, რომ დაგეხმარო?!

ბრიუსელის სამიტის წინ დასავლურ მასმედიაში გამოჩნდა რამდენიმე ანალიტიკური მასალა, რომელთა ავტორები, ალიანსის ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, რომლებიც დიპლომატიური ენით გვესაუბრებიან, ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. "უკრაინა ძალიან დიდია, ხოლო საქართველო - ძალიან შორსაა, რომ ნატომ მათ "თავდაცვის ქოლგა" გადააფაროს," - აცხადებენ დამოუკიდებელი დასავლელი ექსპერტები. ანუ ისინი ნათელს ჰფენენ იმას, რასაც ნატოს პოლიტკორექტული ბიუროკრატი ჩინოვნიკი ხმამაღლა არასდროს იტყვის - უკრაინას იმდენი პრობლემა დაუგროვდა ყირიმისა და დონბასის სახით, რომ ნატოს მის დასახმარებლად ძალები არ ეყოფა, საქართველო კი შორს, ევროპის საზღვარზეა და ნაკლებად მიესადაგება ალიანსის ინტერესებს...

ნატოს ამ სამიტს იმედიანად ელოდნენ უკრაინაში, რომელიც ახალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგას, რადგან სექტემბერში უკრაინის საზღვრებთან იწყება რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები და, კაცმა არ იცის, რა მოჰყვება ამას. თუმცა, სავარაუდო, საშიში პროგნოზის გაკეთება მაინც შეიძლება - 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმაზე უარის შემდეგ კრემლმა ნათლად დაინახა, რომ ალიანსი ჩვენთვის თავს მაინცდამაინც არ აიტკივებდა, რის გამოც ჩრდილოკავკასიაში დაწყებული ფართომასშტაბიანი სწავლება "კავკაზ-2008" საქართველოს ტერიტორიაზე აგვისტოს ომითა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით დაამთავრა.

10-16 სექტემბერს რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება "ზაპად-2021" გაიმართება და იძლევა კი ნატო გარანტიას, რომ პუტინი "მოთვინიერებული" ლუკაშენკოს გამოყენებით უკრაინის ტერიტორიების შემდგომ ოკუპაცია-ანექსიას არ ეცდება? რა თქმა უნდა, არა, რადგან დღევანდელ ნატოს, თავად ალიანსისთვის არ გააჩნია არც პოლიტიკური ნება და არც სამხედრო რესურსი, რომ კრემლის შესაძლო ბოროტ ზრახვებს წინ აღუდგეს.
ვახტანგი. 69
24 ივნისი 2021 15:04
არაფერი გასაკვირვებელი ამაში არ არის. ნატო-მ რომ გაამართლოს საკუთარი თავი იგონებს ყველაფერ ამას. მოკლედ, როგორც ხვდებით ძაღლის თავი დამარხულია რუსეთში. რუსეთსაც აქვს თავისი ლოგიკა - არ დაუშვას ქვეყნის საღვართან - უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნები ნატოს წევრებად. ნატოს გენმდივანი კი აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანება რუსეთის საქმე არ არისო, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად მისი საქმეა. თუ გახსოვთ მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა რა უპასუხა ამ კითხვაზე რუსთავი-2-ის ჟურნალისტს. თვენი საქმეა შესვლა / არშესვლა, ჩვენი საქმეა რუსეთის დაცვაო. ნატომ კარგად იცის რას ნიშნავს ეს. ჩვენი ქვეყნის ცხელთავიანმა პოლიტიკოსებმა თუ იციან ეს, საინტერესოა. რას ნიშნავს ეს - ეს ნიშნავს რომ ქვეყანა გადაიქცევა საომარი მოქმედების ტერიტორიად, ჩვენი ტერიტორია გახდება სამიზნე. როგორც კი ღმერთმა ნუ ქნას თუ დაიწყება ომი, უფრო სწორად მე-3 მსოფლიო ომი ეს იქნება ომი თერმობირთვული იარაღის გამოყენებით. შედეგი: ყველაფერი გადაიქცევა რადიოაქტიურ ფერფლად. ეს კარგად იციან ნატოში. გვინდა ჩვენ ეს ყველაფერი?
pantera
18 ივნისი 2021 15:38
ცუდია მაგრამ ამ მწარე სიმართლის გაგება ლამაზიმედისმომცველ ტყუილების მოსმენას მანც ჯობია. გული მწყდება ჩვენი ბიჭები რო მონაწილეობდნენ ჩვენთვის არაფრისმომცემ მისიებში, არადა რამდენი ჯარისკაცი დაგვეღუპა
სოსო
18 ივნისი 2021 12:07
გაძლევენ?-გამოართვი.გართმევენ?-გაიქეცი!ეს არის ნატოს დამოკიდებულება ჩვენ მიმართ.ვაძლევდით და რას ჰკარგავდნენ?სამაგიეროდ ლიბერალურები იყვნენ,მმართველი რეჟიმების მიმართ.ქვეყანა კი,ვის ედარდება!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?