პუტინმა ანექსირებული ყირიმი მართლაც "ჩაუძირავ ავიამზიდად" აქცია - კვირის პალიტრა

პუტინმა ანექსირებული ყირიმი მართლაც "ჩაუძირავ ავიამზიდად" აქცია

ექსკლუზიური ინფორმაცია ანექსირებული ყირიმის აეროდრომებზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების გადასროლის შესახებ...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო, ბრიუსელის სამიტზე უკვე გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ 2030 წლისთვის ნატო უკვე საგრძნობლად ტრანსფორმირებული და გაძლიერებული უნდა იყოს, მათ შორის - შავი ზღვის რეგიონშიც, მაგრამ დაუშვებს კი რუსეთი მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგედ მიჩნეული ალიანსის შავ ზღვაში გაძლიერებას?

შავი ზღვა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიისთვის გახლდათ ძალზე მნიშვნელოვანი, ზღვაში შეჭრილი ყირიმის ნახევარკუნძული კი უდიდეს როლს ასრულებდა აქ ნაოსნობის გასაკონტროლებლად. საბჭოთა პერიოდში ყირიმის ნახევარკუნძულმა უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა და საბჭოთა გენერალიტეტმა იქ იმ დროისთვის თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო სისტემები განათავსა, რომლებიც ნატოს წევრ თურქეთის სანაპიროს თითქმის სწვდებოდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული დამოუკიდებელი უკრაინის შემადგენლობაში აღმოჩნდა, რაც კრემლისთვის პრობლემად იქცა, რადგან სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი და ძირითადი ნავსაყუდელი დარჩა.

სანამ უკრაინის სათავეში მოსკოვისადმი მეტ-ნაკლებად ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ძალები იყვნენ, კრემლი, ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, დაუბრკოლებლად იყენებდა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ბაზებს, თუმცა როგორც კი კიევი სევასტოპოლში ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის, განსაკუთრებით - ამერიკული სამხედრო ხომალდის მეგობრული ვიზიტით მიღებას დააპირებდა, იქაურ რუსულეროვან მოსახლეობას ქუჩაში გამოსასვლელად რაზმავდა.

2014 წლის თებერვლის კიევის მეიდანის შემდეგ, როდესაც უკრაინის სათავეში შედარებით პროდასავლური ძალები მოვიდნენ, კრემლის საიდუმლო ბრძანებით, "მწვანე კაცუნებმა", ანუ რუსმა სამხედროებმა (ბევრი მათგანი მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შემოჭრის ოპერაციებში მონაწილეობდა) ძალის გამოყენებით დაიკავეს ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ფაქტობრივი ოკუპაცია შეძლეს, გარკვეული დროის შემდეგ კი მოსკოვმა ფიქციური რეფერენდუმითა და ყირიმის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთებით უკრაინის ამ ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსირება დააკანონა.

მას შემდეგ განვლილი შვიდი წლის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაჩქარებული ტემპით დაიწყო ყირიმის მილიტარიზაციის პროცესი და ეს ნახევარკუნძული ისევ "ჩაუძირავ ავიამზიდად" აღადგინა, როგორც მას, ჯერ კიდევ პირველი "ცივი ომის" დროს, არაოფიციალურად მოიხსენიებდნენ ნატოს შტაბბინაში.

კოსმოსური ფოტოების დეტალური ანალიზის საფუძველზე "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს შეგვიძლია შევთავაზოთ ექსკლუზიური მონაცემები, თუ რამდენი საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი გადაისროლა მოსკოვმა ანექსირებულ ყირიმში ბოლო პერიოდში და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამ "ჩაუძირავი ავიამზიდიდან" აფრენილმა რუსულმა საბრძოლო ავიაციამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავი ზღვის რეგიონში. ამჟამად ყირიმში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად იყენებს ექვს სამხედრო აეროდრომს, ესენია: ბელბეკი, გვარდეისკოე, ჯანკოი, კაჩა, კიროვსკოე და საკი.

ბელბეკის საჰაერო ბაზა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლის შტაბიდან 10 კმ-ზე ახლოს მდებარეობს და მთავარი ფუნქცია ენიჭება რუსი გენერალიტეტის ყირიმში ჩაფრენა-გამოფრენის დროს.

ამასთან, ბელბეკის საჰაერო ბაზაზე განთავსებულია შავ ზღვაში კრემლის მთავარი დამრტყმელი ძალა - 46 ერთეული Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებიც სისტემატურად იჭერენ შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მფრენ ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავებს.

ბელბეკიდან ოდესამდე - შავ ზღვაში უკრაინის მთავარ სამხედრო და სამოქალაქო საზღვაო პორტამდე, პირდაპირი ხაზით მხოლოდ 300 კმ-მდეა, რაც ბელბეკიდან აფრენილ Су-27-ებს ოდესისა და მისი მიმდებარე სანაპიროს თავზე საჰაერო სივრცის სრული ჩაკეტვის საშუალებას აძლევს.

საჭიროების შემთხვევაში "სუებს" ამავე აეროდრომზე დისლოცირებული ცხრა ერთეული МиГ-29 ტიპის გამანადგურებელიც დაეხმარება.

წელს ბელბეკის აეროდრომზე რუსეთიდან დამატებით გადაისროლეს Су-34 ტიპის 12 ერთეული საფრონტო ბომბდამშენიც, რომლებსაც საჰაერო თავდასხმა ბელბეკიდან 700 კმ-ით დაშორებულ კიევამდეც კი ძალუძთ. ამ აეროდრომზე ასევე ბაზირებს სხვადასხვა ტიპის შვიდი შვეულმფრენი და ამდენივე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Ил-22 ტიპის სამი სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლებიც სისტემატურად დაფრინავს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ. ბელბეკიდან აფრენილი რუსული Ил-22 მიფრინავს უკრაინის სანაპიროს გასწვრივ, შემდეგ ჩაუფრენს ნატოს წევრი რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებს, აუცილებლად დაზვერავს ბათუმისა და ფოთის პორტებს და შემდეგ ანექსირებულ ყირიმს უბრუნდება.

ბელბეკის ჩრდილოეთით 10-ოდე კილომეტრში კაჩას საჰაერო ბაზაა, რომელიც მეფის რუსეთის დროს შეიქმნა, დღეს კი პუტინის რუსეთს იქ Ил-12 ტიპის რვა თვითმფრინავი-ამფიბია აქვს, რომლებიც შავ ზღვაში ნატოს დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავების მოსაძებნად არის განკუთვნილი.

საგულისხმოა, რომ დღეისათვის უკვე მოძველებული ეს თვითმფრინავები 60 წლის წინ ჩვენმა თანამემამულემ, ავიაკონსტრუქტორმა გიორგი ბერიევმა (ბერიაშვილმა) შექმნა.

კაჩაში რუსებს ასევე აქვთ შვიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი და 21 შვეულმფრენი. მათგან 17 Ка-27-ია, რომელთა ნაწილი ასევე წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად გამოიყენება.

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მოსკოვმა აამოქმედა კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა საჰაერო ბაზა საკი.

საკის აეროდრომი იმით არის ცნობილი, რომ 1980-იან წლებში საბჭოთა პილოტები იქ აგებულ ხელოვნურ ტრამპლინზე სწავლობდნენ პირველი საბჭოთა ავიამზიდიდან, "თბილისიდან" (რომელსაც 1989 წელს "ადმირალი კუზნეცოვი" უწოდეს), აფრენას. ამ პილოტებს შორის იყო მომავალში პოლკის მეთაური თემურ აფაქიძეც.

დღეს საკში განთავსებულია 14 ერთეული Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი და 25 მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი Су-30СМ; ასევე - სამი Ил-12 ტიპის ამფიბია.

სწორედ საკიდან აფრენილი რუსული Су-24М-ების ეკიპაჟები ცდილობენ დაბალ სიმაღლეზე მცელავი ფრენით დააშინონ შავ ზღვაში უკრაინელებსა და ქართველებთან მეგობრული ვიზიტით შემოსული ამერიკული სამხედრო ხომალდების ეკიპაჟები.

აეროდრომი გვარდეისკოე თითქმის ყირიმის ნახევარკუნძულის შუაშია და იქ განთავსებულია თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი 14 ერთეული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და 13 Су-24М საფრონტო ბომბდამშენი.

ჯანკოის სამხედრო აეროდრომი 30-ოდე კმ-ში მდებარეობს ოკუპაციის იმ საზღვრიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინისგან ყირიმის ძალით ჩამოჭრის შემდეგ შექმნა.

ამ აეროდრომზე ბაზირებს ძირითადი რუსული საშვეულმფრენო ძალა 11 Ми-28-ის, 8 Ми-35-სა და 10 Ка-52-ის სახით. ეს რუსეთის არმიის ყველაზე თანამედროვე დამრტყმელი შვეულმფრენებია და ისინი ოკუპაციის გამყოფი ხაზის სიახლოვეს შემთხვევით არ განუთავსებიათ. თუკი უკრაინა დაკარგული ყირიმის ძალით დაბრუნებას მოინდომებს, ამ შვეულმფრენების ძირითადი სამიზნე უკრაინული ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა შეიძლება გახდეს.

მეექვსე აეროდრომი, რომელიც მოსკოვმა ანექსირებულ ყირიმში აღადგინა, კიროვსკოეა, სადაც სასწავლო-სავარჯიშო ცენტრი ფუნქციონირებს და აეროდრომზე სამ ათეულამდე სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენი დგას პილოტების მოსამზადებლად.

გამოდის, რომ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ექვს აღდგენილ აეროდრომზე დღეისათვის რუსეთს აქვს 139 - საბრძოლო, ოთხი - სასწავლო-საბრძოლო, სამი - სადაზვერვო, 11 - ამფიბია, 22 - სამხედრო-სატრანსპორტო და სამგზავრო თვითმფრინავი, 30 სამხედრო-სატრანსპორტო და 56 დამრტყმელი შვეულმფრენი.

ყველაზე დიდი ამერიკული ატომური ავიამზიდის შეიარაღებაში მხოლოდ 90 თვითმფრინავი და შვეულმფრენი თუა, ასე რომ, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული კრემლისთვის მართლაც ორი-სამი ავიამზიდის ტოლფასია, რომელსაც ვერც ჩაძირავ, ამ "ჩაუძირავი ავიამზიდით" კი რუსეთი ყველანაირად შეეწინააღმდეგება ნატოს ცდას, გაძლიერდეს შავი ზღვის რეგიონში.

კრემლის სამხედრო გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში...

აფხაზეთის სანაპირო ზოლის სიგრძე 195 კმ-ია, რომლის დაპყრობას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოსკოვისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა უკეთ გაეკონტროლებინა შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი, მაგრამ 2014 წელს, ყირიმის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, კრემლის განსაკუთრებული ყურადღება ამ ნახევარკუნძულმა მიიპყრო, როგორც შავ ზღვაში სტრატეგიულად ძალზე მომგებიანმა მიმართულებამ და ოკუპირებულ აფხაზეთში საბჭოთა პერიოდის სამხედრო ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა.

მიუხედავად ამისა, გუდაუთის სამხედრო აეროდრომი კვლავ იპყრობს რუსი სამხედრო სტრატეგების ყურადღებას, რადგან ბომბორის აეროდრომის 3 000 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არმირებული ბეტონისგან არის დამზადებული და რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში დღეისათვის არსებული ყველა საბრძოლო (მათ შორის - სტრატეგიული ბომბდამშენების) თუ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მიღება შეუძლია.

გარდა ამისა, ბომბორის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე გადის და აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავებს ფრენის გაგრძელება ზღვის ზედაპირის გასწვრივ შეუძლიათ, რაც მოწინააღმდეგის ხომალდების მძლავრი რადიოლოკაციური სადგურების მიერ მათ ნაადრევ აღმოჩენას ძალზე ართულებს.