აღლუმი სიახლეებით - კვირის პალიტრა

აღლუმი სიახლეებით

რუსთაველზე ჩაატარებენ იმ სამხედრო ტექნიკას, რომელიც აქამდე ყველაზე გასაიდუმლოებულად ითვლებოდა...

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი ყველაზე გრანდიოზული აღლუმის ჩატარება იგეგმება 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მე-20 წლისთავზე.

აღლუმში მონაწილე შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა არც აგვისტოს ომამდე ყოფილა მცირე, მაგრამ ამჯერად თავდაცვის სამინისტრო რუსთაველის პროსპექტზე რამდენიმე სიახლეს წარუდგენს მაყურებელს.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია  ჭოლფ-ის ტიპის ებრაული ჯავშანმანქანები და ამავე ქვეყნის წარმოებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები -  შპყდერ-ები, თუმცა ნამდვილად საინტერესო სიახლე იქნება საქართველოში აწყობილი "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანების ორი მოდელის გამოჩენა.

ებრაული "ვულფი" პირველად 2009 წლის მაისში მუხროვანთან გამოჩნდა, როდესაც ხელისუფლებამ იქ დისლოცირებული ცალკეული სატანკო ბატალიონის მეთაურობას ბრალი სამხედრო ამბოხის მცდელობაში დასდო და ნაწილს ალყა შემოარტყა. მაშინ ის ებრაული "ვულფი", რომელიც შსს-ს ჰქონდა შეძენილი, პოლიციის "კობრებთან" ერთად მონაწილეობდა ამ ოპერაციაში.

"სპაიდერების" ისტორია ძალიან საინტერესოა. ამ კომპლექსების არსებობა ქართული არმიის ერთ-ერთ უმთავრეს სამხედრო საიდუმლოდ ითვლებოდა. ისინი ისრაელში აგვისტოს ომამდე შეიძინეს და  საბრძოლო მოქმედებებისას მათი გამოჩენა რუსი პილოტებისთვის სრულ მოულოდნელობად იქცა. დაზუსტებით ძნელია თქმა, მაგრამ ებრაული "სპაიდერიდან" გაშვებული საზენიტო რაკეტებით "პითონ 5"-ით შეიძლება ერთი ან რამდენიმე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი დაზიანდა ან ჩამოვარდა. რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო მოქმედებების დამთავრებისთანავე აღმოაჩინეს "პითონის" რაკეტების ნარჩენები და მათთვის ნათელი გახდა საქართველოს მიერ ისრაელში "სპაიდერების" შეძენის ფაქტი, თუმცა დღემდე საქართველოს ხელისუფლებას ეს ოფიციალურად არ უღიარებია, აღლუმზე "სპაიდერების" გამოყვანა კი სწორედ აღიარების ტოლფასია...

რაც შეეხება საქართველოში აწყობილ "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანებს... ის ფაქტი, რომ საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა (რა დონეზეც უნდა იყოს ის) შეძლო ასეთი მოდელის შექმნა, უთუოდ მისასალმებელია. "დიდგორი" საზღვარგარეთიდან შემოტანილი დეტალების საშუალებით აიწყო - "ფორდის" ტიპის პიკაპები დაიშალა და მათზე დამონტაჟდა ჯავშანკაფსულები და შეიარაღება. დეტალების (ჯავშნის ფურცლების, ჯავშანმინების, კომპოზიციური დაცვის ელემენტების და სხვ.) შეძენა სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რადგან ყოველივე ამის ადგილზე წარმოება ტექნიკურადაც რთულია და ეკონომიკურადაც შეიძლება წამგებიანი იყოს.

აღლუმზე ნაჩვენები იქნება "დიდგორის" ორი მოდიფიკაცია - დაგრძელებული (ეკიპაჟის 3 წევრითა და 6 მედესანტით) და მოკლე (4 მედესანტე და ეკიპაჟის 3 წევრი) ვარიანტები. ამ ჯავშანმანქანების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება. მაგალითად, დასაზვერად, ქვეითების ბრძოლის ველამდე უსაფრთხოდ მისაყვანად, პატრულირებისთვის, კავშირგაბმულობისთვის, ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოსაყვანად და ა.შ.

"დიდგორის" კოშკურაზე ამჯერად ამერიკული 7,62მმ კალიბრის ექვსლულიანი სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევი "მინიგანი" ან 12,7მმ-იანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი აყენია. თუმცა შესაძლებელია 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნის ან სულაც, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის დამონტაჟება.

გაზეთის ფორმატი არ იძლევა საშუალებას "დიდგორის" უფრო დეტალურად განსახილველად, ამიტომაც სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მორიგ ნომერში შევეცდებით, დაწვრილებით გავაანალიზოთ "დიდგორის" ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე.

ერთს კი აღვნიშნავთ: აუცილებელია, "დიდგორს" ჩაუტარდეს კომპლექსური გამოცდების სერია (ჯავშანმდგრადობაზე სხვადასხვა კალიბრის ტყვიის, კუმულაციურქობინიანი რაკეტების და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ზემოქმედების დროს; გამავლობაზე; შემჩნევადობაზე ოპტიკურ, თბოვიზურ და რადიოლოკაციურ რეჟიმებში და სხვ.) და "ეფექტურობა - ღირებულების" კრიტერიუმით განისაზღვროს მისი წარმოების (რაოდენობა, მოდიფიკაციები) რენტაბელობა.

მზადება 26 მაისისთვის

26 მაისის აღლუმზე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის "კოლოფების" ჩავლის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ 8 ცალი "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანა (ორივე მოდიფიკაციის) გამოჩნდება, რომლებსაც უკან მიჰყვება ერთი თურქული ჯავშანტრანსპორტიორი "ეჯდერი" და 13 ამერიკული შეჯავშნული ავტომობილი "ჰამერი". "ჰამერებს" რუსთაველის პროსპექტზე ისევ თურქული "კობრას" ტიპის 4 ჯავშანმანქანა შეცვლის, მათ შემდეგ კი უკვე ებრაული წარმოების "ვულფის" ტიპის 13 ჯავშანმანქანა ჩაივლის. ებრაულ ჯავშანტექნიკას ტრიბუნების წინ ისევ თურქული წარმოების "ეჯდერის" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი ჩაანაცვლებს. "ეჯდერებს" უკან უკრაინული ცხრა სატვირთო "კრაზი" მიჰყვება სამხედროებით.

ამის შემდეგ არტილერიის გამოსვლის დრო დგება. სამ "კრაზს" 152 მმ-იანი ჰაუბიცები МСТА-Б-ები უბია, მათ უკან მიმავალ კიდევ სამ "კრაზს" კი იმავე კალიბრის ГИАСИНТ-Б ტიპის სამი ჰაუბიცა. ბუქსირებად არტილერიას თვითმავალი გამოჰყვება - 19 ცალი 152მმ-იანი ჩეხოსლოვაკიური წარმოების ანა და ცხრა ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ჩავლას ებრაული წარმოების 4 ცალი Lar-160 დაამთავრებს.

სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის აღლუმს რუსთაველის პროსპექტზე თვითმავალი საზენიტო  საშუალებები გააგრძელებენ. უკრაინიდან ჩამოტანილი საბჭოთა წარმოების ОСА-АК-ს სამ დანადგარს უკან ებრაული წარმოების SPYDER-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის 6 მანქანა გაჰყვება.

ამის შემდეგ აღლუმი ცაში გადაინაცვლებს. შედარებით დაბალ სიმაღლეზე რუსთაველის პროსპექტს "იროკეზის", Ми-8 და МИ-24 ტიპის სატრანსპორტო და საბრძოლო შვეულმფრენები გადაუფრენენ, მათ უკან უკრაინაში ნაყიდი ჩეხოსლოვაკური წარმოების L-39  "ალბატროსის" ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები გაჰყვება და აღლუმს СУ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დაამთავრებენ და სხვადასხვა ფერის კვამლს გაუშვებენ (გამორიცხული არ არის აღლუმის მსვლელობაში რაიმე ცვლილება შევიდეს, თუნდაც ამინდის გაუარესების გამო).