"ელბიტის" 100 მლნ-იანი სარჩელი კრემლის გულის მოსაგებად? - კვირის პალიტრა

"ელბიტის" 100 მლნ-იანი სარჩელი კრემლის გულის მოსაგებად?

რუსეთის მასმედიაში ძალზე საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომელმაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს ამას წინათ ებრაული ფირმა "ელბიტის" მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 100 მლნ დოლარიანი სარჩელის შეტანის ფაქტს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციაში "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს ისრაელის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვადიმ ლეიდერმანი და მას 48 საათში დაატოვებინეს რუსეთის ტერიტორია.

12 მაისს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ებრაელი პოლკოვნიკი სპეცსამსახურებმა მაშინ დააკავეს, როდესაც რუსეთის მოქალაქეს ხვდებოდა და სავარაუდოდ, მისგან საიდუმლო ინფორმაციას იღებდა.

ზუსტი მიზეზი, რისთვისაც ისრაელის სამხედრო ატაშე "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, ცნობილი არ არის, თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, ის რუსეთში აქტიურად ლობირებდა ცნობილი ებრაული ფირმა "ელბიტის" ინტერესებს.

საქმე ის არის, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთის არმიის მეთაურობამ დააჩქარა საბრძოლო დანაყოფების აღჭურვა უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებით, რომელთა კატასტროფულ სიმცირეს განიცდიდა 2008 წლის აგვიტოს ომის დროს.

რუსული წარმოების უპილოტოებით ძალზე უკმაყოფილო მოსკოვმა მათი შეძენა ისრაელში გადაწყვიტა, რომელსაც მსოფლიოში ამ კლასის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქცია გააჩნია. მოსკოვმა ისრაელის ფირმა IAI- სთან დადო 400 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ამ ფირმის ორი უპილოტო სადაზვერვო აპარატის (bird eye 400 M da  searcher mk II) დიდი პარტიის შეძენასა და რუსეთში მათ ლიცენზიით წარმოებას ითვალისწინებს.

ზემოხსენებული ვერსიის თანახმად, ისრაელის სამხედრო ატაშე ცდილობდა, ამ კონკურსში IAI-ს კი არა, სწორედ "ელბიტს" გაემარჯვა.

"ელბიტის" პროდუქცია კი, თურმე, რუსეთის მხარემ იმ მოტივით უარყო, რომ ეს ებრაული ფირმა თავის დროზე "ჰერმესის" ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებით ქართულ არმიას ამარაგებდა, ხოლო "ელბიტის" მიერ მოდერნიზებული ქართული T-72 Sim1  ტიპის ტანკები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები RM-70-ები 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალისკენ მიმავალ რუსულ ჯავშანკოლონებს ბომბავდნენ...

თუკი ეს ვერსია ახლოა სიმართლესთან, მაშინ შეიძლება გამოითქვას ეჭვი - "ელბიტმა" საქართველოს ხელისუფლებას 100 მლნ დოლარიანი სარჩელი სწორედ მაშინ წარუდგინა, როდესაც რუსეთში წყდებოდა საკითხი, თუ რომელი ებრაული ფირმისგან შეეძინათ უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები - IAI -სგან თუ Elbit Sistems-ისგან. ასეთ რთულ მომენტში (როდესაც წყდებოდა დიდი კომერციული გარიგების ბედი) "ელბიტმა" თბილისისათვის ასეთი სარჩელის წარდგენით, სავარაუდოდ, სცადა მოეგო როგორც კრემლის გული, ისე 400 მლნ დოლარიანი კონტრაქტი...