რუსებმა დაბომბეს, ბრიტანელებმა არ შეიმჩნიეს... - კვირის პალიტრა

რუსებმა დაბომბეს, ბრიტანელებმა არ შეიმჩნიეს...

"შავ ზღვაში ნატო-რუსეთის დაპირისპირების ესკალაცია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - ბრიტანული სამხედრო ხომალდის წინ რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ოთხი ბომბი ჩამოაგდო..."

23 ივნისს შავ ზღვაში მოხდა ძალზე სახიფათო ინციდენტი, რომელმაც ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის მეორე "ცივი ომი" უკვე დაწყებულია და ურთიერთდაპირისპირების არეალად შავი ზღვის აკვატორია იქცევა.

პირველი "ცივი ომის" დროს შავ ზღვაში ანალოგიური ინციდენტი მოხდა - 1988 წლის 12 თებერვალს სევასტოპოლის რაიონში ორი საბჭოთა სადარაჯო ხომალდი ბორტებით განზრახ დაეჯახა ამერიკულ სარაკეტო კრეისერსა და საესკადრო ნაღმოსანს, რათა ისინი იქიდან გაეძევებინა, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა, "ცივი ომიც" მთავრდებოდა და ამ საზღვაო შემთხვევას დიდი გართულება არ მოჰყოლია.

თანამედროვე საზღვაო ინციდენტიც ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, ფიოლენტის კონცხის სიახლოვეს მოხდა, როდესაც ბრიტანულ საესკადრო ნაღმოსანს რუსულმა საპატრულო ხომალდმა გამაფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, ხოლო ოკუპირებული ყირიმის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილმა რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა ბრიტანული ხომალდის წინ ოთხი 250 კგ-იანი ბომბი ჩამოაგდო... რუსმა სამხედროებმა ჩათვალეს, რომ ბრიტანულმა საესკადრო ნაღმოსანმა რუსეთის ტერიტორიული წყლები 3 კმ-ით დაარღვია, რის გამოც მისი ეკიპაჟი ასე "გააფრთხილეს", თავად ბრიტანელები კი აცხადებენ, რომ მათ საზღვარი არ დაურღვევიათ, რადგან ისინი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მიცურავდნენ.

საერთაშორისო საზღვაო კანონების მიხედვით, რა თქმა უნდა, ბრიტანელები მართალი არიან, რადგან მათმა ხომალდმა ოდესის პორტში მეგობრული ვიზიტის შემდეგ ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს გაცურა, მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვაა - ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ რუსეთი მის მიმდებარე შავი ზღვის ნაწილს თავის ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს და ყველას უკრძალავს უნებართვოდ იქ შეცურვას.

მართალია, ამჯერად ამ საზღვაო ინციდენტმა, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ ჩაიარა, მაგრამ რუსეთმა დაგვანახა მზადყოფნა, რომ ის არც დამიზნებით სროლასა თუ ნატოს ხომალდის ჩაძირვას მოერიდება.

რა გამოდის, მესამე მსოფლიო ომი მაინცდამაინც შავი ზღვიდან უნდა დაიწყოს? რა თქმა უნდა, არა. თვითმკვლელი არც რუსეთია და არც - დასავლეთი, რომ მსოფლიო შეგნებულად მიიყვანოს ბირთვულ ომამდე, მაგრამ ახალი "ცივი ომის" პირობებში, როგორც ჩანს, ასეთი სახიფათო ინციდენტების რაოდენობა ბევრგან გაიზრდება, მათ შორის - შავი ზღვის აკვატორიაშიც.

კრემლში დღეს თვლიან, რომ შავი ზღვა რუსეთის "შიდა" ზღვაა და "გადამთიელებს" ნებას არ მისცემენ, იქ ინავარდონ. "რუსულმა ფრეგატებმა მექსიკის ყურეში რომ საზღვაო სწავლება გამართონ, როგორი იქნება ამერიკელების რეაქცია?" - კითხულობენ რუსი პოლიტიკოსები.

ბუნებრივია, არც ამერიკელები აღფრთოვანდებოდნენ მექსიკის ყურეში, სადღაც ტამპასთან, რუსული სამხედრო ხომალდების სილუეტების დალანდვით, მაგრამ შავ ზღვაში სანაპირო ხომ მარტო რუსეთს არა აქვს? აქ კიდევ ხუთი ქვეყანის ტერიტორიული წყლებია. მათ შორის სამი - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყნებია, უკრაინა და საქართველო კი ამ ალიანსში გასაწევრებლად ემზადებიან და რატომ არ უნდა იცურონ ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 2030 წლისთვის სერიოზულ გარდაქმნასა და გაძლიერებას აპირებს, მათ შორის - შავ ზღვაშიც, შესაბამისად, ალბათ, გამძაფრდება რუსეთ-ნატოს დაპირისპირებაც, რაც, თავის მხრივ, შესაძლო საზღვაო ინციდენტების რაოდენობას გაზრდის.

რა არის ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი და რით შეეძლო მას ეპასუხა რუსული ხომალდისა და ბომბდამშენებისთვის

ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი "დეფენდერი" სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ექსპლუატაციაში 2013 წელს მიიღო. მისი სრული წყალწყვა 8 500 ტონამდეა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 30 კვანძს (55,5 კმ/სთ) უტოლდება. ეკიპაჟში 200-მდე ადამიანია. საარტილერიო და საზენიტო ავტომატური ქვემეხების გარდა, "დეფენდერი" შეიარაღებულია "ჰარპუნის" ტიპის რვა ერთეული ხომალდსაწინააღმდეგო და 48 ცალი "ასტერის" ტიპის საზენიტო რაკეტით.

ამ მართვადი სარაკეტო შეიარაღებით ბრიტანულ "დეფენდერს" უდიდესი საბრძოლო უპირატესობა ჰქონდა მას ადევნებულ რუსულ სასაზღვრო-საპატრულო ხომალდ "რასულ გამზატოვთან" შედარებით, საიდანაც ბრიტანელ მეზღვაურებს 30 მმ-იანი ჭურვებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. "დეფენდერიდან" გაშვებულ "ჰარპუნის" ფრთოსან რაკეტას 150 კმ-იდან შეეძლო ჩაეძირა ადევნებული რუსი "მესაზღვრე".

რაც შეეხება რუსულ საფრონტო ბომბდამშენს, რომელმაც ბრიტანულ ხომალდს ცხვირწინ ოთხი ბომბი ჩამოუგდო, "დეფენდერს" მისი განადგურება "ასტერ-30" ტიპის საზენიტო რაკეტით 120 კმ-ის რადიუსშიც კი არ გაუჭირდებოდა.