ერევანი ახალ რუსულ ბაზას აყალიბებს, ბაქო კი უცხოური ბაზების წინააღმდეგია - კვირის პალიტრა

ერევანი ახალ რუსულ ბაზას აყალიბებს, ბაქო კი უცხოური ბაზების წინააღმდეგია

სომხეთში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტიის დამაჯერებელმა გამარჯვებამ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ გაახარა, რადგან თავისი მეგობრის, ქოჩარიანის გამარჯვება სურდა, თუმცა შეიძლება არც ძალიან დაამწუხრა. რუსეთი სომხეთში ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც სურდა და ეტყობა, მომავალშიც ასე გააგრძელებს.

ომში წაგებული, მაგრამ არჩევნებში გამარჯვებული ფაშინიანის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება გახლდათ მოსკოვში სომხური სამუშაო ჯგუფის გაგზავნა, რომელმაც რუს კოლეგებთან სომხეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის ტექნიკური დეტალები უნდა შეათანხმოს.

თურქეთთან ისტორიული დაპირისპირების ფონზე, დამოუკიდებლობააღდგენილ სომხეთს ხელს აძლევდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვრიდან ათიოდე კმ-ში, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის არსებობა, რომელიც თურქეთიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებდა, მაგრამ ყარაბაღის მესამე ომში მარცხის შემდეგ სომხეთს ახალი დიდი პრობლემა გაუჩნდა - აზერბაიჯანმა სამი ათეული წლის შემდეგ თავის დასავლეთ საზღვარზე კონტროლის აღდგენა და სასაზღვრო მონაკვეთების დაკავება შეძლო.

ეს დიდ არასასიამოვნო სიურპიზად იქცა იმ სომხებისთვის, რომლებიც თვლიდნენ, რომ სახელმწიფო საზღვარი აღარ არსებობდა და იმ ადგილებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა წამოიწყეს, ახლა კი, როდესაც აზერბაიჯანი სომხეთთან სახელმწიფო საზღვარს ადგენს, სომხებს ათეულობით წლების განმავლობაში შექმნილი მეურნეობების დატოვება უწევთ.

ამასთან, ომში დამარცხებულ სომხეთში შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანული მხარე შეეცდება, ეს საზღვარი მათ მხარეს "ჩააჩოჩოს"...

სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო ოფიციალური ერევანი თავად არის ინიციატორი, რუსეთმა სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სიუნიქის ოლქში, ახალი რუსული სამხედრო ბაზა შექმნას, რასაც მოსკოვი სიხარულით თანხმდება.

ერევნისგან განსხვავებით, ბაქოს არ სურს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების ხილვა, არც - რუსულის და არც - თურქულის. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტ ალიევის გამოსვლებში ეს აზრი იკითხება, თუმცა ისიც ცხადია, რომ თურქეთის გენერალიტეტი აზერბაიჯანის არმიაზე დიდ გავლენას ახდენს და სავარაუდოდ, ოფიციალური ბაქო მოსკოვის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად აცხადებს, რომ აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზები არ შეიქმნება.

რაც შეეხება მთიან ყარაბაღში სამმხრივი შეთანხმებით დაბანაკებულ რუს "ცისფერჩაფხუტიან" სამხედროებს, შეიძლება ბაქო მათ რუსულ სამხედრო ბაზად არ აღიქვამს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი, იარაღით ხელში კრემლის დავალებას შეასრულებენ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ გააკეთეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოფიციალური თბილისის თანხმობით ჩაყენებულმა რუსულმა "სამშვიდობო ძალებმა".