რა მისცა საქართველოს 12-წლიანმა ავღანურმა ეპოპეამ...
რა მისცა საქართველოს 12-წლიანმა ავღანურმა ეპოპეამ...
"საქართველოს ორივე ხელისუფლება ავღანეთში მნიშვნელოვანი ქართული სამხედრო კონტინგენტის ყოფნით დასავლეთთან პოლიტიკურ ქულებს იწერდა..."

28 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ქართული სამხედრო კონტინგენტის ბოლო ნაკადი - 32-ე მსუბუქი ბატალიონის მებრძოლები სამშობლოში დააბრუნა. 12-წლიანი ავღანური ეპოპეა ქართული არმიისთვის, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა. დასრულდა თავისი წარმატებებითა და დანაკარგით.

2009 წლის ნოემბერში ავღანეთში ქართული სამშვიდობო ასეულის გაგზავნიდან (მანამდე, 2004 წლის აგვისტოდან, რამდენიმე თვე ქართული გაძლიერებული ოცეული ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების
უსაფრთხოებას იცავდა) 2021 წლის ივნისამდე, ავღანეთიდან ბოლო მებრძოლის გამოყვანამდე, ავღანური ეპოპეა ქართული არმიის 22 ათასამდე სამხედრომ გაიარა.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი ციფრია, რადგან ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში საბრძოლო გამოცდილება მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალების საშტატო რაოდენობის ნახევარმა და სახმელეთო დანაყოფების თითქმის მთელმა შემადგენლობამ.

ავღანეთში ჩვენს
სამხედროებს მუდმივად უწევდათ ურთიერთობა მსოფლიოს საუკეთესო არმიების მებრძოლებთან, როგორც შტაბებში ერთობლივად მუშაობისას, ასევე ავღანეთის საშიშ გზებზე ერთობლივი პატრულირების დროს, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანი და საჭირო გამოცდილებაა, რაც უთუოდ დაეხმარება ქართულ არმიას მომავალში ნატოს სამხედრო სტრუქტურებთან დაახლოების პროცესში, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი სპეციფიკური ნიუანსი - თალიბების წინააღმდეგ ერთობლივი ანტიპარტიზანული მოქმედების გამოცდილება ქართველ სამხედროებს, სამწუხაროდ, ნაკლებად გამოადგებათ რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფებთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში, რადგან მაშინ თალიბების ადგილზე შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ და ანტიპარტიზანული მოქმედების ტაქტიკა ვერ გამოვიყენოთ. თუმცა, იმედია, ამ 12-წლიან გამოცდილებას ქართული არმიისთვის უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია, მით უმეტეს, რომ ათასობით ჩვენმა სამხედრო მოსამსახურემ ცოტათი მაინც გააუმჯობესა თავისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ავღანეთში ექვსი-შვიდი თვით მივლინებულ სამხედროს აქ ენახებოდა ხელფასი (ლარებით ასაღები), ავღანეთში კი დაახლოებით იმდენივეს, ოღონდ - დოლარს იღებდა. როტაციიდან როტაციამდე პერიოდში დაგროვებული რამდენიმე ათასი დოლარი (5-დან 12 ათასამდე, წოდებისა და თანამდებობის მიხედვით) სამშობლოში დაბრუნებისას, ძირითადად, ბანკების ვალის გასტუმრებას ხმარდებოდა...


როტაციის რამდენიმე ნაკადი თალიბების სერიული თავდასხმების შედეგად მეტისმეტად დაზარალდა - 12 წლის განმავლობაში 32 ქართველი სამხედრო დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა ან დაშავდა. ასეთი ტრაგედიების შემდეგ გარკვეულწილად იკლებდა ავღანეთში წასვლის მსურველთა რიცხვი, თუმცა ქართული კონტინგენტის დაკომპლექტების პრობლემა მწვავედ მაინც არ წამოჭრილა.

შეიძლება ფინანსური მხარე მართლაც იყო ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ არც იმ სამხედროების რიცხვი ყოფილა მცირე, ვისაც მართლაც მებრძოლი სული არ ასვენებდათ და ამ ცხელ წერტილში პროფესიული ცოდნის სრულყოფა სურდათ.
სამხედროების გარდა, საქართველოს ბოლო ორ ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებდა.

შორეულ ავღანეთში სამშვიდობო მისიით სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა 2009 წლის შემოდგომაზე, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, როცა ყოველდღე იყო მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის განახლება, ძალიან სარისკო ჩანდა, მით უმეტეს, რომ მაშინდელ ხელისუფლებას უკვე ჰქონდა ტრაგიკული გამოცდილება - 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის არმიის ცხინვალთან შემოჭრის დროს, ქართული არმიის პირველი ქვეითი ბრიგადის ორიათასიანი პირადი შემადგენლობა ერაყში ამყარებდა მშვიდობას, იმის მაგივრად, რომ გორთან, თავის ყაზარმებში ყოფილიყო და მტერს პირველი შეგებებოდა.

ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის შემდგომი გაზრდით საქართველოს ბოლო ორივე ხელისუფლება დასავლეთის თვალში პოლიტიკურ ქულებს აგროვებდა - ხედავთ, ნაწილობრივ ოკუპირებულმა საქართველომაც კი გაიჭირვა და შეუძლებელი შეძლო, ავღანეთში ნატოს მხარდასაჭერად ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ყველაზე მეტი სამხედრო გამოგიგზავნეთ და აბა, ნახეთ, ნატოს რომელ არაწევრ ქვეყანას ჰყავს ავღანეთში ამდენი სამხედროო...

12-წლიანი ავღანური მისიით ოფიციალურმა თბილისმა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები აიძულა, ყველგან ეღიარებინათ, რომ საქართველოს კონტრიბუცია ავღანურ მისიაში მართლაც უნიკალურია, თუმცა ეს პირდაპირ ვერ იქნება დაკავშირებული საქართველოს ნატოში გაწევრებასთან, ანუ ქართველი სამხედროები ავღანეთში კი გამოდგებიან ამერიკელების, გერმანელებისა თუ ფრანგების გვერდით საბრძოლველად, მაგრამ ჯერ მაინც არ ხართ ღირსნი, ჩვენს რიგებში მიგიღოთ და გვერდით დაგიყენოთო.

დღეს, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ავღანეთის თითქმის ოცწლიანი ეპოპეა დამთავრდა და ავღანეთს ისევ თალიბები ეპატრონებიან, საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისთვის თავის შესახსენებლად "ავღანური არგუმენტი" აღარ დარჩა, თუმცა ეს საჭირო, ალბათ, აღარც არის, რადგან ორათეულწლიანი მძიმე ავღანური ტვირთის მხრებიდან მოხსნის შემდეგ, იმედია, ნატო შავი ზღვის რეგიონში განსაკუთრებულად გააქტიურდება და საქართველო თავად მას დასჭირდება.

ამის ნიშნები უკვე ჩანს... უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და პოლიგონებზე დაწყებულ ფართომასშტაბიან სწავლებაში "ზღვის ბრიზი-2021", ალიანსის წევრებთან ერთად, საქართველოც აქტიურად არის ჩართული ორი საპატრულო კატარღითა და მე-3 ქვეითი ბრიგადის საბრძოლო დანაყოფებით. ოცი წლის განმავლობაში ავღანეთის ომის ჭაობში უკვალოდ და, რაც მთავარია, უშედეგოდ ქრებოდა ნატოს მილიარდები, ახლა კი, ამ ჭაობიდან თავის დაღწევის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, იქნებ შავი ზღვის მიმართულება და საქართველოც გახდეს პრიორიტეტული ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის.

P.S. საქართველო კიდევ ერთ, დიდ საქმეს უკეთებს ავღანური ჭაობიდან თავდახსნილ ნატოს - ავღანეთიდან სწრაფად გამოტანილი (თალიბებს რომ არ დარჩეთ) შეიარაღებისა და აღჭურვილობის დიდი ნაწილი ალიანსის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჯერ თბილისის აეროპორტში გადმოაქვთ, აქედან კი აუჩქარებლად გაზიდავენ ევროპაში.
kote
10 ივლისი 2021 10:28
მაგ შეიარაღების 30% საქარტველოში რომ დარჩეს კი ვართ მაგის ღირსები, ამდენი მსხვეპლი გაიღო ქვეყანამ და ეკუთვნის კიდევაც. მაგ ტეხნიკის ნაწილი ახალია ნაწილი კი მეორად მდგომარეობაშია.
დათო
09 ივლისი 2021 16:30
რატომღაც მგონია რომ დატოვებენ, ნაწილს მაინც
დავითი
09 ივლისი 2021 15:54
დასრულდა 12 წლიანი მისია ავღანეთში ყოფილი სამხედრო ვარ მაქვს მონწილეობა მიღებული ამ მისიაში არ მინდა დავიჯერო რომ ჩვენი გმირი ბიჭების რომ შეწირნენ მარტო 2013 წელს ერთ თვეში 10 სამხედრო დაგვეღუპა და რამდენი კიდევ, იმისთვი რომ ამათმა ნატოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსმა ლამაზი სიტყვები გვითხრა ტელევიზორის ეკრანებიდან 22 ლარ რომ გვაქვს ვეტერნებს პენსია მაგაზე უნდა მიეხედათ ჯერ სამარცხვინოა იყო ვეტერანი ამ ქვეყანაში სადაც სულ თუ არა მაინც იცვლებიან მთავრობები და ვეტერანი არავის არ აინტერესებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები