სამაგალითოდ დაშლილი აქცია - კვირის პალიტრა

სამაგალითოდ დაშლილი აქცია

მიტინგის დაშლისას შსს-ს სპეცრაზმების პოლიციელთა რაოდენობა ოპოზიციონერებისას რამდენჯერმე აღემატებოდა...

თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეთა აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს, მაგრამ თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბრისაგან განსხვავებით, ამჯერად დამრბევთა ქმედებაში რამდენიმე თავისებურება შეინიშნებოდა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სოდ-ის, კუდ-ისა და სხვადასხვა სპეცრაზმის პირადი შემადგენლობის რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა თავად მომიტინგეთა რიცხვს. მომიტინგეთა დაშლა თითქმის ყოველკვირეულად ხდება მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში, მაგრამ ძნელად თუ ნახავთ, რომ   სპეცაღჭურვილობიანი პოლიციელების ტალღაში თავად მომიტინგეები აღარ ჩანდნენ. მეორე - პოლიციურმა ძალებმა რუსთაველის პროსპექტზე ერთგვარი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს, როდესაც ოპოზიციის მიტინგი ოთხივე მხრიდან ალყაში მოაქციეს და  შეკრებილებს ყველა ქუჩიდან შეუტიეს.

ა.წ. 11 აპრილს "კვირის პალიტრაში" გამოვაქვეყნეთ კოსმოსური ფოტოსურათი, რომელზეც კარგად ჩანდა, თუ როგორ ვარჯიშობდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე პოლიციის შენაერთი. ის "კოლოფის" ფორმით გადაადგილდებოდა. "კოლოფის" შიგნით ათიოდე სპეცმანქანა - მათ შორის, ბრანდსპოიტები მოჩანდა. კოსმოსიდან გადაღებულ ამ ფოტოზე საპოლიციო "კოლოფი" მხოლოდ 28 მ-მდე იყო გაშლილი, თუმცა აეროდრომის სიგანე (60მ) უფრო მეტად გაშლის საშუალებას იძლეოდა.

მაშინ გამოვთქვით ეჭვი - რადგან რუსთაველის პროსპექტის სიგანე მხოლოდ 20-ოდე (ტროტუარების გათვალისწინებით კი - 28-30მ) მეტრია, ეს მზადება სწორედ რუსთაველის პროსპექტს იყო "მორგებული"...

როგორც აღმოჩნდა, არ შევმცდარვართ. "თბილისი მერიოტის" მხრიდან დაძრული პოლიციის სპეცრაზმელთა "კოლოფი" სწორედ იმ წყობით მიადგა ოპოზიციონერთა აქციას, როგორც ეს თავის დროზე ვაზიანის აეროდრომზე კოსმოსიდან დააფიქსირა დედამიწის ხელოვნურმა თანამგზავრმა...

მესამე, რაც გვინდა აღვნიშნოთ, მიტინგის დაშლის მანერაა.

როდესაც მიტინგი არასანქცირებული ხდება და პოლიციის დანაყოფები მას წყლის ჭავლით, გაზის ყუმბარებით და თუნდაც რეზინის ტყვიებით (თუკი მომიტინგეები პოლიციის წარმომადგენლებს წინააღმდეგობას უწევენ) "უტევენ", ეს კიდევ შეიძლება დაშლად ჩაითვალოს, მაგრამ როდესაც სპეცრაზმელთა ჯგუფები ხელებაწეულ, უიარაღო მოქალაქეებს ფეხით სცემენ, ხელკეტებს ურტყამენ და ყველანაირად ამცირებენ, ეს უკვე დარბევაა...

მიტინგის დარბევას დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდა, თუმცა უფრო მეტხანს გრძელდებოდა ცალკეულ მომიტინგეთა დევნა და მათი უმოწყალოდ ცემა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა სამართალდამცავებს წინააღმდეგობას არ უწევდა. ამის  დამადასტურებელი არაერთი ვიდეოკადრი არსებობს.

ძალაუნებურად გვიჩნდება ეჭვი, რომ პოლიციას მიტინგის სამაგალითოდ დაშლა-დასჯა სურდა, რათა უახლოეს მომავალში აღარავის გაუჩნდეს  ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგის (სანქცირებულის თუ  არასანქცირებულის) გამართვის სურვილი...

P.S. შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერებიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ოპოზიციის ლიდერები ან რაღაც ილუზიებით იკვებებოდნენ, ან ვერ აანალიზებდნენ  რეალურ სიტუაციას.

როგორც ნინო ბურჯანაძის და  მისი შვილის ფარული აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ ე.წ. კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონი არც არსებულა, ხოლო კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადა დაახლოებით ხუთი წლის წინ გადმობარგდა ვაშლიჯვარში და იქ სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში შევიდა.

ბადრი ბიწაძესა და გია უჩავას თურმე მათივე გარემოცვა ფარულად უღებდა და უსმენდა, ანუ მათი გეგმების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდებოდა შსს-ს ხელმძღვანელობას, რაც ბუნებრივია ამ გეგმების რეალურ განხორციელებას თავიდანვე გამორიცხავდა...