რატომ არ გამოიყვანეს "სპაიდერი"? - კვირის პალიტრა

რატომ არ გამოიყვანეს "სპაიდერი"?

26 მაისის აღლუმზე, დაგეგმილის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრომ არ გამოიყვანა ებრაული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შპყდერ-ი, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები  Lar-160 და საზენიტო-სარაკეტო Oса-ები...

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში მკითხველს 4 დღით ადრე გავაცანით ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკის ის სახეობები და რაოდენობა, რომლებიც აღლუმზე გამოჩნდებოდა.

აღლუმზე წარმოდგენილი ტექნიკა მართლაც შეესაბამებოდა ამ სიას, თუმცა ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ რატომღაც გადაიფიქრა ისრაელში ნაყიდი საზენიტო "სპაიდერებისა" და სარაკეტო Lar-160-ების, ასევე უკრაინიდან ჩამოტანილი საზენიტო Oса-ების ჩვენება.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Lar-160-ები და საზენიტო სარაკეტო კომპლექსები Oса-ები გასული წლის აღლუმზეც ჩაატარეს, მაგრამ წელს ებრაული "სპაიდერი" პირველად უნდა ეჩვენებინათ სახალხოდ. აღლუმამდე ერთი კვირით ადრე რუსთაველის პროსპექტზე ღამით გამართულ აღლუმის რეპეტიციაზე სხვა საბრძოლო ტექნიკასთან (მათ შორის, ახალ ქართულ ჯავშანმანქანა "დიდგორთან") ერთად "სპაიდერის" კომპლექსის 6 მანქანაც გამოიყვანეს, რომლებსაც უნდა დაეხურათ აღლუმის სახმელეთო ნაწილი, რის შემდეგაც გამზირს სამხედრო ავიაცია გადაუფრენდა.

რატომ აღარ ჩაატარეს "სპაიდერები", მათ ხომ სამხედრო საქმით დაინტერესებული ბევრი მოქალაქე ელოდა?

საიდუმლოების დაცვით ამის გამართლება ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ქართული არმიის შეიარაღებაში "სპაიდერების" არსებობა ისედაც ბევრმა იცოდა, თანაც, ისინი აღლუმის რეპეტიციაზე ყველამ ნახა.

მეორე ვერსია, თითქოს ხელისუფლება მოერიდა, ისრაელში ნაყიდი საბრძოლო ტექნიკის ჩვენებით არ გაემძაფრებინა რუსეთის პროტესტი (რატომ აიარაღებდით ქართულ არმიასო) თელ-ავივის მიმართ, ასევე ნაკლებდამაჯერებელია. აღლუმში მონაწილეთა ნაწილი ებრაული ტყვიამფრქვევებით - "ნეგევებით" იყო აღჭურვილი და ამასთან, რუსთაველზე ისრაელში ნაყიდი "ვულფის" ტიპის ჯავშანმანქანების კოლონამაც ჩაიარა.

თუკი ლოგიკურად ვიმსჯელებთ, "სპაიდერების", Lar-160-ების, Oса-ს რაოდენობა ქართულ არმიაში (სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო) არცთუ დიდია.

ამიტომაც, სავარაუდოდ, შეიარაღების ამ სამივე სახეობის დანადგარები, იმის ნაცვლად, რომ აღლუმზე გამოეყვანათ (რომლის დროსაც, ბუნებრივია, ისინი ბრძოლისუნარიანი ვერ იქნებოდნენ), პოზიციებზე განათავსეს და საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს.

ეს კიდევ უფრო ამტკიცებს აღლუმამდე გავრცელებულ ხმებს, რომ ხელისუფლება არ გამორიცხავდა ამ დღეებში სიტუაციის სერიოზულად დაძაბვას, კერძოდ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან (და შეიძლება - ოკუპირებული გალის რაიონიდანაც) რუსული სამხედრო დანაყოფების შემოტევას მოელოდა...