რუსთაველის გამზირი ფრონტის ხაზად... სადამდე? - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირი ფრონტის ხაზად... სადამდე?

რუსთაველის პროსპექტმა ათწლეულების განმავლობაში ყველაფერი ნახა - "კალაშნიკოვების" პირველი საბრძოლო გამოცდა მომიტინგეთა დასახვრეტად, მომწამვლელი აირების გაშვება, ტანკიდან სროლა და შვეულმფრენიდან ბომბის ჩამოგდება, სადამსჯელო სპეცოპერაციები, ჟურნალისტებზე ნადირობა, ფერადი დროშების ფრიალით გავეშებული ფანატიკოსების იერიში... ნუთუ არ კმარა?დედაქალაქის მთავარ გამზირს მაინცდამაინც მეტეორიც უნდა დაეცეს?

პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული დაპირისპირება, იარაღის გამოყენებითაც კი, ხშირად მომხდარა და ხდება ამა თუ იმ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ ობიექტებთან - პარლამენტთან, მთავრობის სახლთან და ა.შ. ამას ბევრი ისეთი დიდი ქვეყანაც ვერ გადაურჩა, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიის ფლაგმანად არიან მიჩნეული (გაიხსენეთ თუნდაც ამა წლის დასაწყისში ვაშინგტონის ცენტრში, კაპიტოლიუმში შეჭრა და სროლა), მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო ეტყობა, მსოფლიოს ლიდერია იმით, რომ დედაქალაქის ცენტრში პერმანენტულად ხდება მასობრივი შეხლა-შემოხლა და უარესი - სისხლისღვრაც კი.

პირველი მასობრივი სისხლისღვრა რუსთაველის გამზირზე 1956 წლის 9 მარტს მოხდა, როდესაც საბჭოთა სამხედროებმა იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ ახალი "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატები მომიტინგეების დასახვრეტად გამოიყენეს (ასეთივე "კალაშნიკოვებით" კრემლმა იმავე წლის შემოდგომაზე მომიტინგეები უნგრეთშიც დახვრიტა).

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად საბჭოთა გენერლების ბრძანებით, ჯავშანტრანსპორტიორების გარდა, ალესილი სასანგრე ნიჩბები და მომწამვლელი აირი გამოიყენეს.

1991 წლის დეკემბრის ბოლოსა და 1992 წლის იანვრის დასაწყისში რუსებს თავად ქართველებმა გადააჭარბეს. თბილისის ტრაგიკულ ომში რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ავტომატებისა და ყუმბარსატყორცნების გარდა, ტანკებიდან და საზენიტო ქვემეხებიდან ესროდნენ და პარლამენტის სიახლოვეს შვეულმფრენიდან ერთი თვითნაკეთი ბომბიც კი ჩამოაგდეს.

2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველზე გამოსული მომიტინგეების დასაშლელად საჩვენებელი სადამსჯელო სპეცოპერაცია ჩატარდა.

2011 წლის 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია მეტი სისასტიკით გამოირჩეოდა - რუსთაველის პროსპექტზე დაუნდობლად ნაცემი ადამიანები ეყარნენ. "გუგლის" კოსმოსურ ფოტოებზეც ჩანდა, როგორ წვრთნიდა მაშინდელი ხელისუფლება სპეცრაზმებს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სპეციალურად რუსთაველის გამზირზე გამოსაყენებლად, გზის სიგანის გათვალისწინებით.

2019 წლის 20-21 ივნისს ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის იერიშის არაერთი მცდელობის დროს, რასაც სპეცრაზმელთა მიერ რუსთაველზე მომიტინგეთა დევნა მოჰყვა, ათობით ადამიანი დაშავდა.

2021 წლის 5-6 ივლისს კი ფერადდროშიანებისა და ფანატიკოსების დაპირისპირებამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც დააზაინა და ჩვენივე თანამოქალაქეების ნაცემი ჟურნალისტებიც გვაჩვენა.

არ კმარა? როდემდე უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქის მთავარი გამზირი სამოქალაქო დაპირისპირების, საპოლიციო თუ საბრძოლო ოპერაციების წინა ხაზი? ანუ რა გამოდის? რუსთაველის გამზირი, დიდი ხანია, იქცა საპოლიციო სპეციალური ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების არეალად, სადაც უკვე გათვლილია, როგორ ჩაიკეტოს მიმდებარე ქუჩები, საიდან დაიწყოს შეტევა, მუდმივად როგორ უთვალთვალონ მომიტინგეებს რუსთაველის პროსპექტის განათების ბოძებზე დამონტაჟებული ვიდოკამერებით და ა.შ.?

იქნებ სწორი იყო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ასეულმილიონიანი პირადი გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის ქუთაისის გარეუბანში გადატანის თაობაზე, რომ თბილისში მისი ხელისუფლება ოპოზიციას არ შეეწუხებინა, პარლამენტის გარეშე დარჩენილ რუსთაველის პროსპექტს კარვებითაც აღარავინ გადაკეტავდა, რადგან ყველა მათგანს ხომ სწორედ პარლამენტთან სურს ტელეკამერების წინ თავმომწონედ იდეების გადმოფრქვევა...

6 ივლისს პოლიციამ მოახერხა და არ გაარღვევინა რამდენიმე კორდონი იმ ფანატიკურად განწყობილ მომიტინგეებს, რომლებსაც პარლამენტის წინ ფერადდროშიანებისა და მათი მხარდამჭერების ახლოდან "მისალმების" ჟინი ჰკლავდათ, მათი უშუალო კონტაქტი კი არა მარტო ათობით მძიმედ ნაცემით, არამედ შეიძლებოდა მსხვერპლითაც დასრულებულიყო, რისი ნიშნებიც წინა დღეს გამოჩნდა, როცა ამ კონტრაქციის განსაკუთრებით აგრესიულმა მონაწილეებმა ჟურნალისტებზე ლამის ნადირობა დაიწყეს!

დღევანდელი ვითარება კარგს არაფერს მოასწავებს. დაპირისპირება ოპოზიცია-ხელისუფლებასა თუ მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიებს შორის პერმანენტულად, ალბათ, გაგრძელდება და დაძაბულობის ეპიცენტრიც ისევ რუსთაველის გამზირი იქნება.

ნუთუ არ დადგა დრო, ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ მომავალი და შეიძლება უფრო საშინელი დაპირისპირებები და ბევრი ტრაგედიის მომსწრე რუსთაველის გამზირი ერთხელ და სამუდამოდ მიტინგებისა და სახალხო მსვლელობებისგან თავისუფალ ზონად გამოვაცხადოთ?