ქართველების "ჯაველინებისგან" რუსულ ტანკებს "ქოლგებით" დაიცავენ?
ქართველების "ჯაველინებისგან" რუსულ ტანკებს "ქოლგებით" დაიცავენ?
ტანკების, როგორც მაღალი საბრძოლო ეფექტიანობის შეიარაღების სახეობის პრესტიჟი ბოლო წლებში, მას შემდეგ შეირყა, რაც უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელმა საფრენმა აპარატებმა რამდენიმეკილოგრამიანი რაკეტითა თუ საავიაციო ბომბით ერთი წერტილოვანი საჰაერო დარტყმით მრავალტონიანი ტანკების განადგურება "ისწავლეს".

საქმე ის არის, რომ ნებისმიერი თანამედროვე ტანკის წინა შუბლა ჯავშნის მდგრადობა მნიშვნელოვნად აღემატება იმავე ტანკის კოშკურისა და კორპუსის ზედა ნაწილის დაცვის დონეს, ანუ თუკი ტანკის შუბლის მრავალშრიანი ჯავშნის მდგრადობა თითქმის 800-1000 მმ მონოლითური ჯავშნის ტოლფასია, კოშკურის ზედა ჯავშნის ანალოგიური
მაჩვენებელი 20-30-ჯერ ნაკლებია, შესაბამისად, ტანკის აფეთქება უფრო ადვილია, თუკი რაკეტის კუმულაციური ქობინი ტანკს სწორედ ზემოდან მოხვდება. ისე, ამ ზეპირ ახსნას, ჯობს, მკითხველმა ნახოს არაერთი ვიდეოკადრი, თუ როგორ ანადგურებს ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანული უპილოტოები სომხურ ტანკებს სწორედ ზემოდან შეტევით.

ქართულ არმიას ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ ჰყავს დამრტყმელი
დრონები (თუმცა მათ სერიულ წარმოებას გვპირდებიან), სამაგიეროდ, ქართული ქვეითი ბრიგადების არსენალში უკვე მერამდენე წელია მოიძებნება მესამე თაობის ამერიკული გადასატანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები _ "ჯაველინები", რომელთა საშუალებით მოწინააღმდეგის ტანკების აფეთქება ზემოდან შეტევით შეიძლება.


ქართული, განსაკუთრებით კი უკრაინული არმიის შეიარაღებაში ამერიკული "ჯაველინების" გამოჩენისა და ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანელების მიერ თურქული და ისრაელის უპილოტოების წარმატებით გამოყენების ფონზე რუსმა გენერლებმა, ექსპერიმენტის წესით, თავიანთი ტანკების ნაწილის ერთგვარი ქოლგებით აღჭურვა დაიწყეს, მაგრამ რუსული მოდერნიზებული ტანკებიც, მათზე დინამიკური დაცვის დამატებითი საშუალებების დამონტაჟების მიუხედავად, "ჯაველინის" ზემოდან შეტევის შემთხვევაში თითქმის განწირულია. აქტიური თავდაცვის სისტემები, ანუ ტანკის ერთგვარი "საჰაერო თავდაცვა", რომელიც ჰაერში ააფეთქებდა ტანკისკენ გაშვებულ რაკეტას, რუსმა კონსტრუქტორებმა დღემდე ვერ დახვეწეს და ეტყობა, ამიტომაც იოლი გამოსავლის პოვნა სცადეს.

მათ ტანკის კოშკურაზე დაადუღეს კონსტრუქცია, რომელიც ვინმეს შეიძლება კოშკურიდან თავამოყოფილი ტანკისტის მზისგან საჩრდილობლადაც მოეჩვენოს, თუმცა ამ ოთხკუთხედი "ქოლგის" მთავარი დანიშნულებაა, შეძლოს ზემოდან მოიერიშე "ჯაველინის" რაკეტის კუმულაციური ქობინის წინასწარი აფეთქება კოშკურიდან ერთი მეტრის დაშორებით, რა დროსაც კუმულაციური ჭავლი გაიფანტება და ტანკის ჯავშანს ვეღარ გახვრეტს.
ძნელი სათქმელია, დაიცავს თუ არა ასეთი "ქოლგა" რუსულ ტანკს "გაისროლე-დაივიწყე" პრინციპით მოქმედი "ჯაველინებისგან", რადგან ეს რაკეტა ზემოდან, კოშკურის გარდა, ძრავის ნაკვეთურსაც შეიძლება მოხვდეს და ტანკი მწყობრიდან გამოიყვანოს, რადგან ეს რუსული ნოუ ჰაუ მხოლოდ ტანკის კოშკურის ნაწილს "ჩრდილავს". ასეა თუ ისე, "ჯაველინების" ქართველ და უკრაინელ ოპერატორებს მაინც მოუწევთ ამ ინფორმაციის გაანალიზება, მით უმეტეს, თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთის სამხედრო ოლქის ტანკებს (და მათაც, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მე-4 და მე-7 რუსული სამხედრო ბაზების შეიარაღებაშია) "დააქოლგიანებს"...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები