პარლამენტზე იერიშის მოგერიების შემდეგ ხელისუფლება "რობოკოპების" ქუჩებში გამოყვანას ერიდება...
23-07-2021
პარლამენტზე იერიშის მოგერიების შემდეგ ხელისუფლება "რობოკოპების" ქუჩებში გამოყვანას ერიდება...
"რობოკოპების" ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები აუცილებელია იმ პოლიციელების უსაფრთხოებისთვის, ვისაც აგრესიულ მომიტინგეების შეკავება და განეიტრალება უწევს"

ჟურნალისტების დევნა ექვსი საათი გაგრძელდა, რაც სრულიად საკმარისი დრო გახლდათ, რომ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებითა და არალეტალური შეიარაღებით აღჭურვილ პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებს თუნდაც მხოლოდ რუსთაველის გამზირზე მასმედიისთვის უსაფრთხო მუშაობის პირობები შეექმნათ. პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა, რომ ფერადდროშიანებს საზეიმოდ არ ჩაევლოთ რუსთაველის გამზირზე, ლოგიკური და დროული აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა არაერთი მსხვერპლი გვენახა.

აგრესიული ფანატიკოსი მომიტინგეების განეიტრალება 5-6 ივლისს
მხოლოდ მასშტაბური სპეციალური საპოლიციო ოპერაციის შედეგად შეიძლებოდა, მაგრამ ის უფრო დიდ დაპირისპირებასა და ვნებათაღელვაში გადაიზრდებოდა.
"რობოკოპების" გამოყვანა მასაზე მართლაც ახდენს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, უფრო ხშირად კი - გამაღიზიანებელს...

საინტერესოა - პარლამენტზე იერიშის მოსაგერიებლად "რობოკოპების" გამოყვანისა და რეზინის ტყვიების სროლისთვის ოპოზიცია ხელისუფლებას დღემდე მწვავედ აკრიტიკებს, 5-6 ივლისს
კი თავად ოპოზიციონერი ლიდერები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას აგრესიული მომიტინგეების წინააღმდეგ იმავე მეთოდების გამოყენებისაკენ...

პოლიციელების უსაფრთხოებისთვის საჭიროა, 6 ივლისის მსგავსი დაპირისპირების დროს, როდესაც აგრესიული მასა პოლიციის კორდონების გარღვევას ძალის გამოყენებითა და ქვების სროლით ცდილობს, წესრიგის დამცველები აღჭურვილი იყვნენ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით - ჩაფხუტითა და დამცავი ჟილეტებით.

5-6 ივლისის მოვლენები კიდევ დიდხანს გვემახსოვრება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს იყო ოდნავ განსხვავებული სქემით მიმდინარე დაპირისპირება. საზოგადოების ერთი, აგრესიული ნაწილი დაუპირისპირდა ამავე საზოგადოების მეორე, მცირერიცხოვან ნაწილსა და პროფესიული მოვალეობის შემსრულებელ მასმედიის წარმომადგენლებს, პოლიციას კი გამშველებლის როლი დაეკისრა.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ისმის: 5 ივლისს, დედაქალაქის ცენტრში, ჟურნალისტებზე ნადირობა თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ნუთუ პოლიციას არ ეყო დრო, მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები შეექმნა?

ხელისუფლება იმით იმართლებს თავს, რომ 3 200 პოლიციელი მათ სხვადასხვა ადგილზე ჰყავდათ განაწილებული და ძალიან რთული იყო თითოეული ჟურნალისტისთვის რამდენიმე პოლიციელის პირად მცველებად მიჩენა. მიუხედავად ასეთი თავის მართლებისა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებას რუსთაველზე ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებითა და არალეტალური იარაღით აღჭურვილი პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფების გამოყვანა არ შეეძლო.

აქ, სავარაუდოდ, სხვა ფაქტორმა ითამაშა მთავარი როლი. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტზე აგრესიული მომიტინგეების რამდენიმე იერიშის (რისი საბაბიც თავად ხელისუფლებამ მისცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ჩაბრძანებით!) მოგერიების შემდეგ, რასაც ათეულობით პროტესტანტისა და პოლიციელის დაშავება-დასახიჩრება მოჰყვა, ხელისუფლებამ ქუჩებში "რობოკოპების" გამოყვანაზე არაოფიციალური მორატორიუმი გამოაცხადა და ისედაც რთული პოლიტიკური სიტუაციის გართულებას მოერიდა.

6 ივლისის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენება უფრო დაძაბავდა სიტუაციას და, ალბათ, სწორედ ამიტომაც საპოლიციო კორდონებზე აგრესიული ფანატიკოსების რაგბის ილეთებით არაერთ შეტევას მხოლოდ მაისურიანი პოლიციელები იგერიებდნენ.

შსს-ს ხელმძღვანელობის განმარტებით, ამ საპოლიციო კორდონში სპეცრაზმელებიც იდგნენ, ოღონდ - სპეციალური აღჭურვილობის გარეშე. ფარები, ჩაფხუტები და შეიძლება არალეტალური იარაღიც რუსთაველის მიმდებარე ქუჩებს შეფარებულ ავტობუსებში ეწყო და ბრძანების შემდეგ მათ აღებას დიდი დრო არ დასჭირდებოდა.

6 ივლისის საღამოს რამდენჯერმე შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, როდესაც აგრესიულმა მომიტინგეებმა გაარღვიეს პოლიციის პირველი კორდონი და ლამის შეაღწიეს პარალამენტის წინ შეგროვილ ფერადდროშიანებსა და მათ მხარდამჭერებთან. პოლიციელებს რომ არ ეყოჩაღათ და ფიზიკურად ძლიერ, აგრესიულ მომიტინგეებს წინ არ გადასდგო­მოდნენ, საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების ეკრანებზე ათობით თავპირდამტვრეული ფერადდროშიანი გამოჩნდებოდა...
შეიძლება ასეც იყო ჩაფიქრებული და მავანს სწორედ ეს აძლევდა ხელს - შეგნებული პროვოკაციებით სიტუაციის კრიტიკულად დაძაბვა და დიდი სისხლის ღვრა. ვინ იცის...

პარლამენტის წინ შეკრებილნი დროდადრო ფერად დროშებს აფრიალებდნენ და ფერად მაშხალებს ისროდნენ, რითაც უფრო აღიზიანებდნენ ისედაც გავეშებულ აგრესიულ მომიტინგეებს, ჯოხი კი ისევ პოლიციელებზე ტყდებოდა, რომლებიც ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებით არ იყვნენ აღჭურვილნი და ამიტომ რამდენიმე მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა არ ცხრება, ასე რომ, დაპირისპირებები რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, სამწუხაროდ, ალბათ, გაგრძელდება, რათა საქართველოს მართული ქაოსი არ მოაკლდეს, ხელისუფლებას კი მოუწევს თავისი შეცდომების გაანალიზება, რათა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მომავალში მაინც სწორი ტაქტიკით, ტექნიკითა და აღჭურვილობით აამოქმედოს საპოლიციო დანაყოფები, თანაც ისე, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებაც დაიცვას და არც ძალის გადამეტება დაჰბრალდეს.

P.S. მცირე ისტორიული ექსკურსი: მეოთხედი საუკუნის წინ შინაგანი ჯარების პრესსამსახურის უფროსის რანგში საპატრულო პოლკის პლაცზე ერთ წვრთნას შევესწარი. ალუმინის ფარებითა და სამხედრო ჩაფხუტებით აღჭურვილი შინაგანი ჯარის ოცეული რეზინის ხელკეტებით აგრესიული მომიტინგეების დაშლის სპეციალურ ვარჯიშს ატარებდა.

"ნახეთ, რა კარგად არიან მომზადებულნი! აღლუმზე უნდა გავიყვანოთ და პრეზიდენტსა და მთავრობას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია!" - თავს იწონებდა შინაგანი ჯარების სარდლობა.

ყველაზე დაბალი ჩინის ახალგაზრდა ლეიტენანტმა გავბედე და ვუთხარი: "ბატონო პოლკოვნიკებო, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ აღლუმი 9 აპრილს ტარდება და რუსთაველზე ხელკეტების ფარებზე ბრახუნით გინდათ ჩაატაროთ ქართველი ჯარისკაცები?!"

იმ დღეს მაღალჩინოსანთა თვალების ბრიალი არ დამკლებია, მაგრამ იმ 9 აპრილს ქართულმა შინაგანმა ჯარმა აღლუმზე ფარებისა და ხელკეტების გარეშეც ვაჟკაცურად ჩაიარა.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები