5 მიმართულება 10 წელიწადში ქართული არმიის გასაძლიერებლად...
5 მიმართულება 10 წელიწადში ქართული არმიის გასაძლიერებლად...
"თავდაცვის სამინისტრო იმ ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც 2030 წლამდე უნდა განვითარდეს ქართულ არმიაში..."

ტანკების აფეთქება, თვითმფრინავების ჩამოყრა, უპილოტო მზვერავებით საჰაერო წერტილოვანი დარტყმები, არტილერიის­ მობილურობის გაზრდა და ოპერატიული დანაღმვა - აი, ის 5 ძირითადი მიმართულება, სადაც თავდაცვის ძალებმა უახლოეს 10 წელში წარმატებას უნდა მიაღწიოს...

"ცხადია, მნიშვნელოვანია არსებული რესურსების ოპტიმალური და რაციონალური­ გამოყენება, შესაბამისად, ჩვენ ყველა ამ პრიორიტეტული მიმართულებით გაწერილი გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში მოხდება რესურსების
ფოკუსირება, წლების მიხედვით თითოეულ ძირითად და ზოგად პრიორიტეტზე. შესაბამისად, შემუშავებული გვაქვს თავდაცვის ძალების 2030 წლის პრიორიტეტების მხარდაჭერის დროის გრაფიკიც. საერთო ჯამში ჩვენ შევძლებთ, რომ არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების­ ჩანაცვლება თანამედროვე შეიარაღების სისტემებით მოხდეს, რაც თავდაცვის ძალ­ების მოთხოვნებს პასუხობს. აღსანიშნავია,­ რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ თითოეულ პრიორიტეტულ
მიმართულებაზე მუშაობა. ჯავშანსაწინააღმდეგო მიმართულებასთან დაკავშირებით, აშშ-ისგან "ჯაველინების" შესყიდვა იგეგმება; საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, შესყიდვების და ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლიდან ექვსი წლის განმავლობაში განხორციელდება. სადაზვერვო შესაძლებლობის განვითარებისთვის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობის განვითარებაა. ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის უზრუნველყოფისთვის ჩვენ ადგილობრივ წარმოებას ვიწყებთ, შესაბამისად, აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხრეთაფრიკულ-პოლონურ კომპანიებთან. მათთან წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომავალი წლიდან დავიწყებთ გამოშვებას. არტილერიის განვითარების მიმართულებით, 2024 წლიდან იგეგმება როგორც ქართული წარმოების ნაღმმტყორცნების განვითარება, ასევე უცხოური წარმოების საარტილერიო დანადგარების შესყიდვა. ჩვენს მეხუთე ძირითად პრიორიტეტს საინჟინრო მობილობის და კონტრმობილობის განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით თავდაცვის ძალები ყურადღებას გაამახვილებს სპეციალური ოპერაციების მიმართულებების გაძლიერებაზე და ასევე მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების გაძლიერებაზე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გეგმა მართლაც ამბიციურია და ქართული არმიის გაძლიერება იმ ძირითადი­ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომ­ლებზეც თავდაცვის მინისტრმა ილაპარაკა, დიდი ხნის წინ იყო საჭირო, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში, მაგრამ ამ ათწლიანი გეგმის აღსრულება ისედაც რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პანდემიურ სიტუაციაში მყოფი სახელმწიფოსგან უდიდეს მონდომებასა და, რაც უმთავრესია, მილიარდობით ლარს მოითხოვს. თუმცა სხვა გამოსავალიც არ ჩანს. საქართველოსთვის სისხლს არავინ დაღვრის­ - ეს აგვისტოს ომის დროსაც გამოჩნდა და მას შემდეგ გასული 13 წლის განმავლობაშიც არაერთხელ დადასტურდა.

უკვე ბანალურად ქცეული ფრაზა - ვინც თავის ჯარს არ უვლის, სხვისი არმიის­ გამოკვება მოუწევსო, კვლავ აქტუალურია და ამიტომაც ქვეყნის ერთადერთ დამცველს - ქართულ არმიას მსოფლიოსა და, მით უმეტეს, ჩვენს რთულ რეგიონში მუდმივი სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების გათვალისწინებით აუცილებლად სჭირდება ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება.

პრიორიტეტული ხუთი მიმართულების გარდა არის ის სფეროებიც, რომელთა გაძლიერება ასევე არ აწყენდა ქართულ არმიას - თუნდაც ჯავშანსატანკო შეიარაღების განახლება, მაგრამ რაკი ქვეყანამ, რთული რეალობის გათვალისწინებით, პრიორიტეტად ტოტალური თავდაცვის სტრატეგია აირჩია, გასაგებია, რომ უახლოეს მომავალში სასიცოცხლოდ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოწინააღმდეგის სატანკო შემოტევების მოგერიება და არა - ქართული ტანკებით მასიური შეტევა.

ამ ხუთი პრიორიტეტული მიმართულებიდან შეუსრულებელი ამოცანა არც ერთი არ არის. ამერიკული მესამე თაობის "ჯაველინები", რომლებითაც დიდი წარმატებით შეიძლება ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის აფეთქება, რამდენიმე წელია, ისედაც არის ქართული არმიის შეიარაღებაში და მათი რიცხვი მომავალშიც გაიზრდება.

საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესყიდვა უფრო ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ "სტინგერის" ტიპის ან მისი ანალოგი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით ქართული ქვეითი ბრიგადების დანაყოფების საჰაერო თავდაცვის გაძლიერება დაბალ სიმაღლეზე მფრენი მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების შემოტევებისგან თავდასაცავად, რეალური და თანაც - უახლოესი პერსპექტივაა.

უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, რომლებსაც სადაზვერვო ფუნქციების გარდა, წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელებაც შეეძლება, დიდი ხანია, რეალობად იქცა, ამიტომ მათი შესყიდვა და ადგილზე სერიული აწყობაც კი ურთულესი ამოცანა არ არის.
საარტილერიო დანადგარებმა ზალპის შემდეგ რომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საცეცხლე პოზიცია, არც ამაზე დაობს ვინმე (ისე, აგვისტოს ომის დროს ასე ხშირად არ ხდებოდა, რამაც რამდენჯერმე ტრაგიკული შედეგი მოუტანა ქართველ არტილერისტებს) და გასაგებია, რომ ბუქსირებად არტილერიას, მობილურობის თვალსაზრისით, თვითმავალი სჯობს, თუმცა, ეს გაცილებით ძვირი სიამოვნებაა. თვითმავალი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის, "დიდგორი მეომრის", ქართული­ ქვეითი­ ბრიგადების შეიარაღებაში მასობრ­ივად გამოჩენის შემდეგ ქართული არტილერიის მობილურობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. რაც შეეხება მოწინააღმდეგის შემოტევების მიმართულებებზე ნაღმური ველების ოპერატიულად მოწყობას, ახალი არც ეს არის და ტოტალური თავდაცვის ტაქტიკით მოქმედებისას შედარებით იაფიც გახლავთ.

ქართული არმიისთვის დამთავრდა 12-წლიანი ავღანური ეპოპეა და დადგა დრო, განსაკუთრებული ყურადღება (მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც)­ სწორედ იმ კონკრეტული სამხედრო საფრთხეების მოგერიებაზე გადავიტანოთ, რომლებიც, ათწლეულებია, ქართულ მიწას ემუქრება...
რეზო
31 ივლისი 2021 20:04
რა ფულით აპირებენ ამ ყველაფრის განხორციელებას?
leko
30 ივლისი 2021 15:08
ტყვია წამლის ქარხანა ხომ გუგუნობს ანტონ
გია
30 ივლისი 2021 10:34
ვინ მოთვლის რა თანხებია გაფლანგული,ეგ თუ არ მოგვარდება არაფერი გამოვა,რაც სამწუხაროდ საეჭვოა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები