ორჯერ ჩამოვარდნილი შვეულმფრენი ფილმისთვის მესამედ ააფეთქეს... - კვირის პალიტრა

ორჯერ ჩამოვარდნილი შვეულმფრენი ფილმისთვის მესამედ ააფეთქეს...

როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი გამოვა, ამერიკულ-ქართული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის - "აგვისტოს 5 დღე" - პრემიერა უკვე შემდგარი იქნება, საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც ექნება იგი თავიდან ბოლომდე ნანახი და გარკვეული შთაბეჭდილებაც - ჩამოყალიბებული.

მანამდე კი მკითხველის ყურადღებას მივაქცევთ ერთ საინტერესო დეტალს, რომელიც ოფიციალურ ჩვენებამდე ინტერნეტით გავრცელებულ ფილმის სარეკლამო რგოლში  აღმოვაჩინეთ.

ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველი მეომარი ხელის ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნ РПГ-18 Муха-ს იმარჯვებს და დაბლა მფრენი რუსული საბრძოლო ვბ-24-ის ტიპის შვეულმფრენისკენ რაკეტას ისვრის. უმართავი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით მფრენი ობიექტის ჩამოგდება სცენარისტების სინდისზე იყოს (თუმცა, იმის სრული გამორიცხვა, რომ ასეთი ტიპის რაკეტით შვეულმფრენს ჩამოაგდებ, სწორი არ იქნება), მაგრამ საინტერესო მერე იწყება.

შემდეგ კადრში ჩანს, რაკეტამოხვედრილი და ცეცხლწაკიდებული რუსული Ми-24 როგორ ეჯახება სახლის სახურავს, გვერდზე ტრიალდება, ჩამოცურდება, მიწას ენარცხება და ფეთქდება...

კადრების ანალიზისას ირკვევა, რომ სახლის სახურავიდან მართლაც Ми-24 კი არ ვარდება, არამედ ამ საბრძოლო შვეულმფრენის სახით შენიღბული სატრანსპორტო Ми-8.

ერთი შეხედვით, ეს დიდი დანაშაული არ არის, რადგან მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღებისას ხშირად მიმართავენ ასეთ "ოინებს", მთავარი სხვა რამაა -  "აგვისტოს 5 დღის" ეს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მომენტი შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდეს, რადგან ეს ამ კადრების "გმირის" - Ми-8-ის მესამე (!) და საბოლოო ჩამოვარდნა იყო.

იგი საბჭოთა პერიოდში Ми-8Т მოდიფიკაციით აიწყო და თავდაპირველად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ცალკეულ საშვეულმფრენო ესკადრილიაში დაფრინავდა, როცა, 1989 წელს, გუდაურში ჩამოვარდა და ბორტმექანიკოსის სიცოცხლე შეიწირა.

ამის შემდეგ შვეულმფრენი აღადგინეს და ის აჭარაში დაფრინავდა, ავიაკომპანია "აისის" შემადგენლობაში. 2004 წელს, ასლან აბაშიძის ბათუმიდან გაქცევის შემდეგ, ეს შვეულმფრენი თბილისის საავიაციო ქარხანაში გაარემონტეს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში შეიყვანეს და საბორტო ნომერი - 43 მიანიჭეს.

ყველაზე საოცარი ის გახლავთ, რომ "აგვისტოს 5 დღის" გადაღებამდე ამ საბორტო ნომრის მქონე ქართული შვეულმფრენის მიწაზე დაცემის ამსახველმა ვიდეოკადრებმა ინტერნეტსაიტები მოიარა...

2007 წლის 12 თებერვალს ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე ამ შვეულმფრენის დაჯდომას მობილური ტელეფონით იღებდნენ, როდესაც 7-8 მ სიმაღლეზე დაკიდებულმა შვეულმფრენმა მოულოდნელად უმართავი ბრუნვა დაიწყო, მიწაზე დაეცა და მარჯვენა ბორტზე გადაბრუნდა.

საწვავის დაღვრის მიუხედავად, საბედნიეროდ, შვეულმფრენი არ აფეთქდა და ბორტზე მყოფი ჩვიდმეტივე ადამიანი გადარჩა, თუმცა მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

მეორედ ჩამოვარდნილი შვეულმფრენის აღდგენას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ  როგორც აღმოჩნდა, მან მაინც ითამაშა თავისი ბოლო, "ვარსკვლავური" როლი, თუმცა  ჩამოგდებული რუსული Ми-24-ის სახით.

"აგვისტოს 5 დღის" უნახავად შეუძლებელია მის მხატვრულ ღირსებებზე საუბარი, მაგრამ ერთ გარემოებაზე მაინც უნდა გავამახვილოთ ყურადღება: სპეცეფექტების გამოყენებით ნებისმიერი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის (მით უმეტეს - ომის თემაზე) გადაღება დიდ დანახარჯებს მოითხოვს; ზოგიერთი ქვეყნის არმიები აქირავებენ კიდეც  თავიანთ ჯარისკაცებს თუ ტანკებს ბლოკბასტერებში მონაწილეობის მისაღებად, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ბატალურ სცენაში ჯარისკაცის  მონაწილეობისთვის 105 დოლარს ითხოვს, კაპრალის მონაწილეობისათვის - 250 დოლარს, ხოლო სამხედრო ობიექტის გაქირავებისათვის - 2,5 ათას დოლარს.

უეჭველია, რომ თბილისში, გორში, ვაზიანსა და წალკაში მიმდინარე "აგვისტოს 5 დღის" გადაღებებისას ქართული არმია უანგაროდ ეხმარებოდა გადამღებ ჯგუფს.

ფილმში გადაღებულია ქართული არმიის Т-72 ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები, ასევე, Ми-8, Ми-24 და UH-1H "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენები, რომელთა რესურსი, ბუნებრივია, შემცირდა, მაგრამ თუკი "აგვისტოს 5 დღე" წარმატებულ ბლოკბასტერად იქცევა, მაშინ, ალბათ, ეს ყველაფერი ამად ღირდა...

და ერთიც - 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული არმიის დანაყოფები და საბრძოლო ტექნიკა ისევე ორგანიზებულად რომ გამოგვეყენებინა, როგორც "აგვისტოს 5 დღის" გადაღებისას, ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს უფრო დიდხანს შევაკავებდით და ფილმს სახელწოდებაც შეეცვლებოდა, მაგალითად, ასე: "აგვისტოს 10 დღე", ან სულაც - "აგვისტოს 2 კვირა"...