წყლით "დაშლილი" ტერორისტული აქტი - კვირის პალიტრა

წყლით "დაშლილი" ტერორისტული აქტი

სამართალდამცავები ახალი ტერორისტული აქტის მცდელობის ჩაშლას იუწყებიან...

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2 ივნისს საზოგადოებას ახალი წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ აუწყა.

სამართალდამცავების მტკიცებით, მათ სამეგრელოს რეგიონში დააკავეს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული გალის მცხოვრებლები - აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია, რომელთაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გადმოჰქონდათ.

შსს-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ორ პიროვნებას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის განხორციელება ოკუპირებული გალის რეგიონში მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა - იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა დაუკვეთეს.

თამილა ბენიამ, თურმე, გამომძიებლებს განუცხადა, რომ ოჩამჩირელი ვალმერ ბუთბა ერთი თვის წინ შეხვდა ამ რუს ოფიცრებს, რომლებმაც 3-5 ათასი დოლარის სანაცვლოდ მას  ბომბის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოტანა და ამოქმედება შესთავაზეს. დათქმულ ადგილზე დადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას ის დამცველ რგოლებს მოხსნიდა და 15-20 წუთი ექნებოდა სამშვიდობოზე გასასვლელად. რგოლები რუსი ოფიცრებისთვის უნდა დაებრუნებინა იმის დასამტკიცებლად, რომ მართლაც აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა... უნდა ითქვას, რომ საქართველოს სხვადასხვა ადგილზე განხორციელებული ტერორისტული აქტების თუ აფეთქებების მცდელობათა ფონზე, არც ეს უნდა იყოს დაუჯერებელი.

საერთოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობის "მეხუთე კოლონად" ქცევის საშიშროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ რეგიონებში რუსულმა სპეცსამსახურებმა (როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ისე - უშიშროების ფედერალური და საგარეო დაზვერვის სამსახურებიდან), ფაქტობრივად, ოფიციალურად დაიწყეს (ადგილობრივ სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე) მუშაობა.

თუკი ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, შსს-ს თანამშრომლებს მართლაც თავიდან  აუცილებიათ სერიოზული საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერ ჩვენგანს დამუქრებოდა. ტერორისტული აქტის პრევენცია ოპერატიული სამსახურის წარმატებული მუშაობის შედეგად ითვლება.

ისე კი, რჩება შთაბეჭდილება, რომ შსს-მ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, "გაეპიარებინა" წყლის ჭავლით საგნების დასაშლელი ახალი სპეციალური აპარატურის ეფექტური მუშაობა.

ასეთი მოწყობილობა წყლის ჭავლს ძალიან მაღალი წნევით გამოტყორცნის, რომელიც ასწრებს ამფეთქის დაშლას მანამდე, სანამ ის დეტონირდება და ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციას გამოიწვევს.

დაახლოებით ასეთივე მოწყობილობა გამოიყენა შსს-მ ტელეკომპანია "იმედთან" დადებული ასაფეთქებელი მოწყობილობების დასაშლელად, მაგრამ ღამით გადაღებულმა ვიდეოკადრებმა მაშინ მაყურებელთა დიდ ნაწილს უფრო მეტი კითხვა გაუჩინა; ზოგი იმასაც ამბობდა, რატომ უფრო ძლიერად არ აფეთქდაო...

ამჯერად ცაიშთან მინდორზე ამოღებულ "ჯოჯოხეთის მანქანასთან" დადგმულმა წყლის ჭავლის მოწყობილობამ დაშალა ამფეთქი და უსაფრთხო გახადა რამდენიმე კგ ჰექსოგენის ნარევი. ვიდეოგადაღება დღისით მიმდინარეობდა და კარგად გამოჩნდა ასეთი თანამედროვე გასანაღმი საშუალების ეფექტურობა.