ხელისუფლება დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებას შეეცდება? - კვირის პალიტრა

ხელისუფლება დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებას შეეცდება?

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ბოლო პერიოდში დასავლელ პარტნიორებთან არცთუ სახარბიელო ურთიერთობა აქვს, "მიშელის დოკუმენტიდან" სახელისუფლებო პარტიის გასვლა კი ამ ურთიერთობის უარყოფითი მხარის აპოგეად იქცა.

გასაგებია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მოქმედებს პრინციპით: "ოღონდ ხელისუფლებაში დავბრუნდე და თუგინდ ქვა ქვაზე აღარ დარჩენილა" (არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის ლიდერებმა სათავეში ყოფნისას არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი დაიმეგობრეს სხვადასხვა გზით, მათ შორის - მატერიალური დაინტერესებითაც, რაც საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა ლობისტური კამპანიების საფარქვეშ), მაგრამ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც თითქმის არაფერზე აგებს პასუხს, რაც გამოჩნდა კიდეც ყველაზე რადიკალური ოპოზიციური პარტიისგან "მიშელის დოკუმენტის" სრული იგნორირებით, რაც დასავლელ პარტნიორებს სათანადოდ არ დაუგმიათ...

როდესაც ხელისუფალთ დასავლეთთან ურთიერთობა უფუჭდებათ და მისი "გულის მოგებას" ცდილობენ, ქართული არმიის ფაქტორს იყენებენ - დასავლეთს ქართველი ჯარისკაცების მათ გვერდზე დგომას სთავაზობენ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში! ასე იყო შევარდნაძის დროსაც, როდესაც ჯერ 1999 წელს ქართული სამშვიდობო ოცეული გაუშვა კოსოვოში ნატოს "დასახმარებლად", მერე კი 2003 წელს, ქართველი სამხედროები ერაყშიც გამოჩნდნენ.

არც ნატოს კოსოვოში და არც ამერიკელებს ერაყში ისე არ უჭირდათ, რომ სასწრაფოდ რამდენიმე ათეული ავტომატიანი ქართველი სამხედროს დახმარება დასჭირვებოდათ. ეს ორივე მხრიდან წმინდა პოლიტიკური გათვლა იყო: ამერიკელებს ერაყში, ნატოს კი კოსოვოში სჭირდებოდათ, რომ კოალიციურ ძალებში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დროშას ეფრიალა, რითაც მსოფლიოს დაუმტკიცებდნენ, რომ მათი "სამშვიდობო მისია" სამართლიანი გახლდათ, არადა, სწორედ სამართლინაობის საკითხი ბადებს დღემდე კითხვებს, რადგან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღდგენა უკვე ევროპისთვისაც პრობლემად იქცა, ხოლო საქართველოზე აშკარად უარყოფითად იმოქმედა, რადგან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის პუტინმა დასავლეთს სამაგიერო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებით გადაუხადა... ერაყში ამერიკული არმიის შეჭრისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის ერთ-ერთი მთავარი საბაბი მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენა გახლდათ, რომელიც იქ დღემდე ვერ იპოვეს...

"თეთრ მელად" შერაცხულმა შევარდნაძემ კოსოვოსა და ერაყში სიმბოლური ქართული სამხედრო კონტინგენტების გაგზავნით პოლიტიკური რევერანსი გაუკეთა დასავლელ პარტნიორებს, რაც გასაგები ნაბიჯი გახლდათ, მაგრამ მისმა "მოწაფე" სააკაშვილმა, ისევ დასავლელი ლიდერების გულის მოსაგებად, ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ორი ათას კაცამდე გაზარდა, თანაც, პირველი ქვეითი ბრიგადის ხარჯზე, რომელიც სწორედ პირველი უნდა დახვედროდა ცხინვალში შემოჭრილ მტერს. ამან უარყოფითად იმოქმედა საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე, რადგან ცხინვალის რეგიონში სასწრაფოდ სენაკის მეორე და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადების გადმოსროლა გახდა საჭირო, დასავლეთის მიმართულება კი დაუცველი დარჩა, რითაც მშვენივრად ისარგებლა მოწინააღმდეგემ და ზუგდიდში დაუბრკოლებლად შემოსვლის შემდეგ სენაკის სამხედრო ბაზაზეც გაინავარდა. აგვისტოს ომიდან წლების შემდეგ უკვე ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, - კი გვინდოდა ერაყიდან ჩვენი სამხედროების ომამდე დაბრუნება, მაგრამ არ ვიცოდით, რა რეაქცია ექნებოდათ ამერიკელებს. შეიძლებოდა სწყენოდათ და თავი შევიკავეთო.

დასავლელი პარტნიორების გულის მოგება სააკაშვილის ხელისუფლებამ აგვისტოს ომის წლისთავზე განაგრძო, როცა რუსული სამხედრო აგრესიის განახლების დიდი საშიშროება ისევ არსებობდა - 2009 წლის ნოემბერში ავღანეთში გაიგზავნა 150-კაციანი სამხედრო კონტინგენტი, რომლის რაოდენობა შემდგომ წლებში მუდმივად იზრდებოდა და ბოლოს ორი ათასს მიაღწია. მაშინდელი ოფიციალური თბილისი ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე თავს იწონებდა - ხედავთ, პატარა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პროცენტულად ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავს ავღანეთში, თანაც ქართული კონტინგენტის რაოდენობა ავღანეთში მყოფ ნატოს არაწევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებს შორის პირველ ადგილზეაო!

ამ "პირველობამ", მართალია, ვერ დააჩქარა საქართველოს ნატოში გაწევრება (საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ქართული არგუმენტებით თავმობეზრებულმა ნატოს მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, დიდი მადლობა საქართველოს, მაგრამ ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა პირდაპირ დაკავშირებული ვერ იქნება საქართველოს ნატოში მიღების პროცესის დაჩქარებასთანო), მაგრამ ავღანეთში გაგზავნილი ქართული არმიის სამხედრო კონტინგენტისა და იქ დაღუპულ-დაჭრილი ბიჭების ხარჯზე საქართველოს ხელისუფალნი მსოფლიოს რადარებზე ჩანდნენ. ახალმა ხელისუფლებამ თითქმის ყველაფერი დაუწუნა წინამორბედს, მაგრამ ქართული არმიის გამოყენებით დასავლელი ლიდერების გულის მოგების ტრადიცია მოეწონა, აიტაცა და გააგრძელა. ავღანეთის გარდა საქართველო სამშვიდობო კონტინგენტებს უკვე აფრიკის კონტინენტზე - მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც გზავნიდა, ამჯერად ევროკავშირისა და საფრანგეთის გულის მოსაგებად.

და აი, სრულდება ოცწლიანი "ავღანური ეპოპეა", ქართველი სამხედროებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, ამის გამო კი დღევანდელ ხელისუფლებას უქრება ის მთავარი პოლიტიკური არგუმენტი, რომელიც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მოქმედებდა - დასავლეთო, საქართველო თქვენ გვერდითაა და ჩვენს სამხედროებს გაშველებთ დედამიწის ნებისმიერ კუთხეშიო. ახლა ხელისუფლებას ჰაერივით სჭირდება ახალი არგუმენტები, რათა ნაწილობრივ მაინც აღადგინოს ურთიერთობა დასავლეთის ზოგიერთ გავლენიან პოლიტიკურ ძალასთან. ასეთ არგუმენტად გამოდგება ნატოსთან გახშირებული ერთობლივი სამხედრო სწავლებები, მათ შორის, ქართულ პოლიგონებზე, რათა ყველას დაანახონ, რომ საქართველო კვლავ დასავლეთის "რადარებზე" რჩება და "ღრუბელ-ღრუბელ" ჩრდილოეთისკენ "გაპარვას" არ აპირებს. ერთ-ერთი ასეთი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მტკიცე სული" ამ დღეებში საქართველოს ხუთ რაიონში მიმდინარეობს და ხელისუფლებისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა, ყველას აჩვენოს, რომ ის კვლავ დასავლური მიმართულების ერთგულია.