"ჯაველინები", კიდევ "ჯაველინები"... - კვირის პალიტრა

"ჯაველინები", კიდევ "ჯაველინები"...

"მესამე თაობის გადასატანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, "ჯაველინების", არსენალის შევსება ქართული არმიის მობილურ საბრძოლო ჯგუფებს ტოტალური თავდაცვის ტაქტიკით მოქმედებისთვის უკეთ მოამზადებს..."

დასავლელ პარტნიორთა ნაწილსა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის ბოლო დროს გაჩენილი პოლიტიკური უთანხმოებების ფონზე, რაც ასე ახარებს ოპოზიციის ერთ ნაწილს, ოფიციალურ თბილისს სულზე მოუსწრო პენტაგონის ოფიციალურმა განცხადებამ, რომ ამერიკელი სამხედროები თანახმა არიან, აშშ-მა ქართველ კოლეგებს "ჯაველინების" ახალი პარტია მიყიდოს.

ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ერთგვარი ბონუსია, რათა განაცხადოს, რომ დასავლეთი და, მით უმეტეს, აშშ ძველებურად აგრძელებს მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას საქართველოსთან, რომელსაც 2018 წლის მსგავსად, ასეთ მნიშვნელოვან "ჯაველინებს" აწვდის, თანაც ყველას შეახსენოს, რომ დღევანდელი ოპოზიციის მთავარი ნაწილის ქვეყნის სათავეში ყოფნისას, მათი არაერთი თხოვნის მიუხედავად, თეთრმა სახლმა არაფრის დიდებით არ მისცა "ჯაველინები" სააკაშვილის ხელისუფლებას.

მესამე თაობის გადასატანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი", რა თქმა უნდა, პანაცეა არ არის და არც ბირთვული იარაღია, რომ მისი გამოყენებით ომის ბედი მაშინვე შეცვალო, მაგრამ მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური საბრძოლო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ის მოწინააღმდეგის ყველაზე დაცული საბრძოლო საშუალების - ტანკის კორპუსზე ზემოდან ზუსტად მოხვედრისა და მწყობრიდან გამოყვანის დიდ შესაძლებლობას იძლევა. როდესაც "ჯაველინის" ასეულობით რაკეტას დროის მცირე მონაკვეთში გაუშვებ და შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის ასევე რამდენიმე ასეულ ჯავშანტექნიკას ააფეთქებ მათში მსხდომი ეკიპაჟებისა და დესანტის განადგურებით, ასეთი საბრძოლო დანაკარგის შემდეგ ნებისმიერი დონის მოწინააღმდეგე კარგად დაფიქრდება, გააგრძელოს თუ არა შეტევა...

"ჯაველინი" პირდაპირ მისწრებაა პარტიზანული მოქმედების დროს, რაც საქართველოს მიერ არჩეული ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც შეიძლება აღმოჩნდეს.

"გაისროლე-დაივიწყე" - ეს არის "ჯაველინის" მოქმედების სქემა, როდესაც მიზანში ამოღებული ტანკისკენ გაშვებულ თვითდამიზნებად რაკეტას აღარ სჭირდება მართვა და სარაკეტო კომპლექსის გათვლას შეუძლია გასროლის შემდეგ მაშინვე თავს უშველოს და მოწინააღმდეგის სავარაუდო საპასუხო ცეცხლს არ დაელოდოს.

სწორედ ანალოგიური ტაქტიკა აქვთ პარტიზანულ ჯგუფებს - "ესროლე და გაიქეცი", ასე რომ, საერთო ფრონტის ხაზის გარეშეც (არადა, როგორ წარმოგიდგენიათ ფრონტის ხაზის შექმნა ჩვენს ყველაზე სავარაუდო მოწინააღმდეგესთან? დღეს ხომ 2008 წელი აღარ არის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებულ რუსული არმიის შენაერთებსაც აბსოლუტურად სხვა საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ), ორ-სამკაციან ჯგუფებს (სულაც სამოქალაქოტანსაცმლიანებს) ძალიან ადვილად შეეძლებათ "ჯაველინის" 9 კგ-იანი სამართავ-გამშვები ბლოკისა და 15 კგ-იანი რაკეტიანი კონტეინერის ოპერატიულად გადატანა და 2,5 კმ-იანი მაქსიმალური დისტანციიდან მოწინააღმდეგის ბლოკპოსტზე ბეტონის ფილებს უკან მიმალული ტანკის ზემოდან ზუსტი დარტყმით განადგურება (მთავარია, "ჯაველინის" სითბური დამიზნების სისტემამ ტანკის "სიმხურვალე" "ჩაიჭიროს", რაც მაშინაც შესაძლებელია, თუკი ტანკის ძრავა დიდი ხნის გამორთულია, მაგრამ რამდენიმე ათეულტონიანი "რკინის მაქინა" მზის ქვეშ დგას და მისი კორპუსი გადახურებულია).

ამერიკული "ჯაველინების" პირველი პარტიის შესყიდვა ქართულმა არმიამ 2018 წელს დაიწყო და სულ ქვეყანამ 75 მლნ დოლარის ღირებულების "ჯაველინის" სამართავ-გამშვები 72 ბლოკი და 410 რაკეტა მიიღო (მცირე ნაწილი - სასწავლო მიზნებისთვის).

ახალი შეთანხმების თანახმად, აშშ თანახმაა, საქართველოს მიჰყიდოს 30 მლნ დოლარის "ჯაველინის" 46 სამართავ-გამშვები ბლოკი და 82 რაკეტა, რის შემდეგაც ქართული არმიის არსენალში შეიძლება აღმოჩნდეს "ჯაველინის" 118 სამართავ-გამშვები ბლოკი და 492 რაკეტა (თუმცა რაკეტების რიცხვი მცირედით შემცირებული იქნება, რადგან სამი წლის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა პოლიგონებზე სწავლებების დროს რამდენიმე "ჯაველინი" გახარჯეს), ეს კი დიდი საბრძოლო პოტენციალია, რადგან ძვირად ღირებული "ჯაველინების" სწორი ტაქტიკით გამოყენება მოწინააღმდეგეს დიდ ზარალს მიაყენებს.

შეიძლება მკითხველმა იფიქროს, თუ ასეთი მაგარია ეს "ჯაველინები", 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რომ გვქონოდა, ხომ კუდით ქვას ვასროლინებდით რუსულ ტანკებსო...

ზუსტად 13 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მართალია, ქართულ არმიას "ჯაველინები" არ ჰქონია, მაგრამ მის საწყობებში რამდენიმე ათასი საბჭოთა სისტემის ტანკსაწინააღმდეგო "ფაგოტი" ინახებოდა. და შედეგი? რუსებმა იმ ომში მხოლოდ სამიოდე ტანკი დაკარგეს და, გავრცელებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით არ აგვიფეთქებია. სამაგიეროდ, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის (რომელიც ამ დროს ცხინვალთან იბრძოდა) საწყობებში შეჭრილმა რუსმა მედესანტეებმა, სხვა სამხედრო ალაფთან ერთად, ათასამდე "ფაგოტის" რაკეტაც გააყოლეს ხელს...

რა უჯდება საქართველოს ძვირად ღირებული "ჯაველინების" შესყიდვა?

"ჯაველინის" ერთი კომპლექსის ფასი 240 ათას დოლარს აღწევს (აქედან უშუალოდ რაკეტა 175 ათას დოლარამდე ღირს) და ჯერ - 75 მლნ, ახლა კი დამატებით 30 მლნ დოლარის "ჯაველინების" შესყიდვამ შეიძლება საზოგადოებას გაუჩინოს აზრი, რამხელა თანხა იხარჯება ეკონომიკურად ასე გაჭირვებული საქართველოს ბიუჯეტიდანო, მაგრამ ეს აბსოლუტურად გამართლებულია რამდენიმე მთავარი მიზეზის გამო:

პირველი - ჩვენი სავარაუდო მოწინააღმდეგის შეტევების ტაქტიკა ეფუძნება ჯავშანსატანკო ძალებისა და ავიაციის აქტიურ გამოყენებას და თუკი "ჯაველინის" ერთი რაკეტით ათჯერ ან ოცჯერ ძვირადღირებულ ტანკს აუფეთქებ, ხოლო 70 ათასდოლარიანი საზენიტო "სტინგერით" 20 მლნ დოლარად შეფასებულ "ალიგატორის" დამრტყმელ შვეულმფრენს ჩამოუგდებ, ღირს თუ არა ეს ამად?

მეორე - ქართულ არმიას გადაიარაღებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ შეიარაღების სახეობების შესყიდვებისას აუცილებელია პრიორიტეტების დაცვა და ისე არ უნდა მოგვივიდეს, როგორც მეზობელ სომხეთს, თავისი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთისგან 150 მლნ დოლარად ოთხი მრავალფუნქციური "სუ" რომ შეიძინა და აზერბაიჯანთან ბოლო ომში ვერ გამოიყენა, რადგან თურმე რაკეტები არ მოჰყვა. იმავე თანხად სომხეთს რუსეთისგან შედარებით თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო "პანცირები" და "ტორები" რომ შეეძინა, აზერბაიჯანი ყარაბაღის ცაში ასე ეფექტიანად ვეღარ გამოიყენებდა სადაზვერვო და დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს.

მესამე - აშშ-მა საქართველოს 1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ანუ 28 წლის განმავლობაში, 4,3 მლრდ დოლარის დახმარება გამოუყო. ამ პერიოდში "საგარეო სამხედრო დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში აშშ-იდან საქართველომ 400 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღო, რომელიც მოხმარდა და ხმარდება ქართული არმიის წვრთნებისა და აღჭურვის პროგრამებს, ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას, ასე რომ, "ჯაველინების" პარტიების შესასყიდად საჭირო მილიონები გარკვეულწილად კომპენსირდება ყოველწლიური ამერიკული სამხედრო დახმარებებით.

რატომ არ აძლევდა ეფექტიან, მაგრამ კომპაქტურ "სტინგერებს" ვაშინგტონი შევარდნაძისა და სააკაშვილის თბილისს?

"რაგატკებით ჩამოვაგდო?" - ეს ფრთიანი ფრაზა, შევარდნაძის პერიოდის თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოთქმული ამ საუკუნის დასაწყისში, როცა ჩეჩნეთის მეორე ომისას ჩვენს ცაში შემოფრენილი რუსული მოიერიშე თვითმფრინავები დაუსჯელად გვბომბავდნენ, საზენიტო საშუალებების კატასტროფულ სიმცირეზე მიუთითებდა. ამის გამოსწორება შეეძლო ამერიკული მხარის მიერ საზენიტო "სტინგერების" გადმოცემას, მაგრამ მაშინ თეთრმა სახლმა ეს არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს თავის ამერიკელ კოლეგებთან - კლინტონსა და ბუშთან ცუდი ურთიერთობები არ ჰქონია.

ჯერ კლინტონის, შემდეგ კი ბუშის ადმინისტრაციებმა, ძირითადად, ორი მიზეზით შეიკავეს თავი - მათ არ სურდათ კრემლში ახალმისულ პუტინთან თავიდანვე დაეძაბათ ურთიერთობა, არადა, ეს ალბათ, მოხდებოდა, თუკი ქართველი მეზენიტე რუსულ შვეულმფრენს, თუნდაც საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, ამერიკული "სტინგერით" ჩამოაგდებდა.

მეორე მიზეზიც არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ - ამერიკულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც იმ პერიოდისთვის ქართულ რეალობაში უკვე ჰქონდათ გაბმული სადაზვერვო ქსელი, ძალიან ეშინოდათ, რომ ქართველი სამხედროებისთვის გადაცემული 1,5 მ სიგრძის კომპაქტური "სტინგერები" ერთ მშვენიერ დღეს ქართული არმიის საწყობებიდან არ გამქრალიყო და ცოტა ხანში რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის სამგზავრო თვითმფრინავი - "ბორტი ნომერი ერთი" აეროპორტში დაშვებისას რომელიმე ტერორისტს არ ჩამოეგდო, "სტინგერის" გასროლილი რაკეტის ერთჯერად კონტეინერზე კი არ აღმოჩენილიყო იგივე საქარხნო ნომერი, რომელიც ქართული არმიისთვის მიწოდებული "სტინგერების" პარტიიდან ერთ-ერთისას დაემთხვეოდა.

შევარდნაძის სააკაშვილის ხელისუფლებით ჩანაცვლების შემდეგ (რასაც, სხვათა შორის, თეთრი სახლის გარდა, კრემლის დასტურიც ახლდა) ამ მხრივ სიტუაცია მაინცდამაინც არ შეცვლილა და არც აგვისტოს ომამდე და, მით უმეტეს, არც ომის შემდეგ, ამერიკული კომპაქტური მართვადი შეიარაღება საზენიტო "სტინგერებისა" თუ ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" სახით ამერიკულ მხარეს სააკაშვილის ხელისუფლებისთვის არ მოუწოდებია.

ამის მთავარი მიზეზიც კრემლის გაღიზიანების თავიდან აცილება გახლდათ, რასაც ამერიკული მხარისთვის მეორე საფრთხეც დაემატა - აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა, ქართული არმიის საწყობებიდან დიდი რაოდენობით შეიარაღება და საბრძოლო საჭურველი გაეტანა ალაფის სახით, მათ შორის - ომამდე ერთ-ერთი ამერიკული კერძო კომპანიიდან ნაყიდი რამდენიმე ათასი გაუსროლელი ავტომატური კარაბინიც; ამასთან, ფოთის სავაჭრო პორტიდან რუსულმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა უბრძოლველად გაიყვანა აშშ-ის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ხუთი "ჰამვის" ტიპის მაღალი გამავლობის მანქანა (მათ შორის ერთზე "ჰარისის" სპეცკავშირის რადიოაპარატურა იყო დამონტაჟებული), რომლებიც მანამდე ვაზიანის საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მონაწილეობდნენ და მათი დაცვა ქართულ მხარეს ევალებოდა.

ამის შემყურე ამერიკელ სამხედროებს შეიძლება გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლებოდა აგვისტოს ომწაგებული სააკაშვილის ხელისუფლებისთვის გადაცემული ჯერ კიდევ საიდუმლოდ მიჩნეული ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" (თავად ამერიკულმა არმიამ "ჯაველინები" შეიარაღებაში მხოლოდ 1996 წელს მიიღო, ანუ აგვისტოს ომამდე 12 წლით ადრე და მათ საზღვარგარეთ განსაკუთრებული სიფრთხილით და შერჩევით ყიდდნენ) ერთ მშვენიერ დღეს მის გენერლებს ისევ რუსებისთვის დაეტოვებინათ ალაფად.