ამერიკამ ტრილიონი დახარჯა იმისთვის, რომ თალიბებს ოცი წელი რუსეთი არ შეეწუხებინათ...
ამერიკამ ტრილიონი დახარჯა იმისთვის, რომ თალიბებს ოცი წელი რუსეთი არ შეეწუხებინათ...
ავღანეთში მიმდინარე მოვლენები კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. თალიბები თითქმის ყოველდღიურად ახალ ქალაქს იპყრობენ და თუ ამ ტემპით გააგრძელეს, შეიძლება მალე ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც დაეცეს.

"ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ავღანეთში და 300 ათასამდე მებრძოლი მოვუმზადეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. მათ თავად უნდა იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის. ისინი რაოდენობით აღემატებიან თალიბებს," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ ის არ ნანობს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანას.

მართლაც, აშშ-მა და ნატოს
წევრმა თუ პარტნიორმა ქვეყნებმა (მათ შორის საქართველომაც) ოცი წლის განმავლობაში უზარმაზარი თანხა - ტრილიონ დოლარზე მეტი "ჩაყარეს" ავღანეთის ომის ამოუვსებელ "ჭაობში", მაგრამ ორი ათეული წლის განმავლობაში ნასწავლი და აღჭურვილი სამასი ათასი ავღანელი სამხედრო თუ პოლიციელი შეიძლება მალე თალიბებს დანებდეს...


თალიბების მიერ ავღანეთში ხელისუფლების დაბრუნებას უფრთხიან
მისი მეზობელი ქვეყნები: ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი, რადგან ახსოვთ თალიბების პირველი ხელისუფლების აქტიურობა მათ ქვეყნებში აგრესიული ისლამის ძალით გასავრცელებლად.

პაკისტანი ნაკლებად ნაღვლობს ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნებას, რადგან დაახლოებით 70 ათას მებრძოლ თალიბს შორის 6-7 ათასი მაინც პაკისტანელია, თანაც არსებობს დიდი ეჭვი, რომ პაკისტანის სპეცსამსახურები თალიბებს ავღანეთის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ფარულად ეხმარებიან.

მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარ ჩინეთს ავღანეთთან მხოლოდ 76 კმ-იანი საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს და ისიც - უღელტეხილზე, ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა "თალიბანის" ლიდერებთან უკვე გამართეს მოლაპარაკებები შემდგომი მშვიდობიანი ურთიერთობის თაობაზე და იმაზეც, რომ "თალიბანი" პეკინს უიგურ-სუნიტებს არ აუჯანყებს. ყველაზე მეტად კი ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნებას კრემლში უფრთხიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და ავღანეთის საზღვრებს შორის დაახლოებით 1,5 ათასი კმ-ია.

ასე რა აშინებს "ყოვლისშემძლე" პუტინს, თუკი მისი ოფიციალური არმია თუ დაქირავებული მებრძოლები რუსეთიდან ათასობით კმ-ის მოშორებით, სირიასა თუ ლიბიაში, ამყარებენ "მშვიდობას"?

საქმე ის არის, რომ ავღანეთსა და რუსეთს შორის ერთგვარ ბუფერად ქცეული თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის უზარმაზარი ტერიტორიებიც კი ვერ გამოდგება იმის სრულ გარანტიად, რომ თალიბები რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზეც არ შეაღწევენ...
თალიბების მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე ისიც გახლავთ, რომ მუსლიმურ ქვეყნებში ისინი მეტ-ნაკლებად ადვილად პოულობენ თანამოაზრეებს და თუკი შუა აზიაში შეაღწევენ, შეიძლება ამ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ბევრი თანამებრძოლი გამოუჩნდეთ, რომლებსაც რუსეთის ქალაქებში "გასტრაბაიტერობა" კარგად აქვთ ათვისებული და ახლა შეიძლება იქ უკვე თალიბების იდეებით შეიარაღებულნი დაბრუნდნენ, რაც რუსეთისთვის, სადაც 25 მლნ-მდე მუსლიმი ცხოვრობს, უდიდესი საფრთხეა.

სწორედ ამიტომ კრემლი, რომელმაც რუსეთის ტერიტორიაზე "თალიბანი" საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, აღარც მალავს მათი წარმომადგენლების მოსკოვში მიწვევას და მათთან ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვას.

ამ მოლაპარაკებებზე რუსმა დიპლომატებმა "თალიბანის" ლიდერებს გამოსტყუეს პირობა, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი არ გადავლენ პოსტსაბჭოური ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებზე, თუმცა თალიბების დაპირება შეიძლება გროშიც არ ღირდეს, რადგან მათ არაერთი ლიდერი ჰყავთ და რა მოხდება მათ შორის ქაბულის დაპყრობის შემთხვევაში, ალაჰმაც კი არ უწყის.

სამაგიეროდ, მოსკოვში თავს იზღვევენ და შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში რუსულ სამხედრო ბაზებს აძლიერებენ.
ტაჯიკეთში განთავსებულია 201-ე რუსული სამხედრო ბაზა 7 500-კაციანი პირადი შემადგენლობით. ყირგიზეთის კანტის აეროდრომზე ბაზირებს რუსული მოიერიშე თვითმფრინავებისა და სატრანსპორტო-საბრძოლო შვეულმფრენების შერეული საავიაციო ჯგუფი.

საჭიროების შემთხვევაში ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს გადაისვრიან ო-დე-კა-ბეს სწრაფი რეაგირების ძალებსაც, რაც, სხვათა შორის, სომხეთის გაღიზიანებას იწვევს, რადგან ერევანში თვლიან, რომ ო-დე-კა-ბემ არაფრად ჩააგდო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის, სომხეთის თხოვნა, დახმარებოდა ყარაბაღის ბოლო ომში.

რა გამოდის?

ბოლო ოცი წლის განმავლობაში კრემლმა, ფაქტობრივად, თავიდან აიცილა "თალიბანის" უდიდესი პრობლემა, რომელიც აუცილებლად გაჩნდებოდა, 2001 წლის ბოლოს აშშ-ს ავღანეთში თალიბების ხელისუფლება რომ არ ჩამოეგდო და მათ გაძლიერებისა და, შესაბამისად, ჩრდილოეთით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, თავიანთი იდეების ცეცხლითა და მახვილით გავრცელების დრო დარჩენოდათ.

ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების უკან, უსამა ბინ ლადენის "ჩრდილში", ხომ არ იდგა რუსული სპეცსამსახურებიც, რომლებსაც მანამდე, 1999 წლის მეორე ნახევარში, რუსულ ქალაქებში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება ჰბრალდებათ, რაც კრემლმა ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების მთავარ საბაბად გამოიყენა?

ამერიკაში ასეთი ტერაქტების შემდეგ აშშ-ის თითქმის მთელი სადაზვერვო და სამხედრო პოტენციალის შორეულ ავღანეთზე გადართვამ კრემლში ახალფეხშედგმულ პუტინს ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერის საშუალება მისცა.

პირველი - ავღანეთში ტერაქტებისთვის შურისმაძიებელი ამერიკული სამხედრო ოპერაციის დაწყებითა და "თალიბანის" ხელისუფლების ჩამოგდებით (რომელმაც თეთრ სახლს უარი განუცხადა ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიჩნეული უსამა ბინ ლადენის გადაცემაზე) რუსეთმა თავიდან მოიშორა თალიბების შეჭრის საშიშროება შუა აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელთაც მოსკოვი დღემდე თავისი გავლენის ზონად მიიჩნევს.

მეორე - ჩრდილოეთ ამერიკიდან ასე შორს, ავღანეთსა და შემდგომ ერაყში ამერიკული სამხედრო ოპერაციების ფონზე კრემლს მეტი მორალური და პროპაგანდისტული სტიმული მიეცა ჩეჩნეთის მეორე ომში თავისივე მოქალაქეების უმოწყალოდ დასაბომბავად - თუკი ამერიკელებს "მშვიდობის" დამყარება ათი ათასი კმ-ით დაშორებულ ავღანეთში შეუძლიათ, მე რატომ არ მაქვს უფლება, აქვე, ყურისძირში, ჩეჩნეთში იგივე გავაკეთოო?

მესამე - მოგვიანებით კრემლმა იგივე პრინციპი გამოიყენა "ახლო საზღვარგარეთთან" (როგორც მოსკოვში უყვართ აღნიშვნა) დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილობრივი ოკუპაცია-ანექსიით.

მეოთხე - ამერიკელების კვალდაკვალ, ავღანეთის ომის "ჭაობში ჩაეფლნენ" ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებიც, რამაც, ბუნებრივია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყურადღება და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი ავღანეთისკენ მიმართა, ამან კი საგრძნობლად შეაფერხა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება და ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში გაძლიერება, რის უარყოფით შედეგსაც ალიანსი დღეს იმკის (სანამ ნატოს "ეძინა", სამხედრო თვალსაზრისით სწორედ რუსეთი გაძლიერდა კალინინგრადის ოლქსა და ანექსირებულ ყირიმში).
მეხუთე - ამერიკელების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომიდან უარყოფითი შედეგით გამოსვლა (თუკი თალიბები მალე ისევ ავღანეთის სათავეში მოექცევიან) კრემლს დიდ პროპაგანდისტულ ფორას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით დასცინოს თეთრ სახლს, რომ ამერიკელების მიერ წლობით დაფინანსებული, შეიარაღებული და გაწვრთნილი ავღანელი სამხედროები თალიბებს პირველივე ბრძოლებში ნებდებიან. ასეთი რუსული სახელმწიფო პროპაგანდის ნიშნები აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩნდა, როცა რუსული პროპაგანდისტული მანქანა აცხადებდა, ერაყში ამერიკელების მიერ მომზადებული რამდენიმე ათასი ქართველი სამხედრო აგვისტოს ომში ბრძოლის ხაზიდან გაიქცაო, არადა, სიმართლე რომ ითქვას, 2002 წელს დაწყებული ამერიკულ-ქართული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა, ძირითადად, ანტიტერორისტულ-ანტიპარტიზანული ოპერაციებისთვის მომზადებას ისახავდა მიზნად და ქართული არმიის ერაყგამოვლილ 7 800-მდე სამხედრო მოსამსახურეს ეს გამოცდილება რუსულ ტანკებსა და თვითმფრინავებთან გასამკლავებლად ნაკლებად გამოადგა.

მრავალჭირნახულ ავღანეთში ახალი დიდი ომის ჩანასახი იკვეთება, რომელიც მალე შეიძლება მის მეზობელ ქვეყნებსაც გადაედოს, ანუ ის, რაც შეიძლებოდა ამ საუკუნის დასაწყისში მომხდარიყო, აშშ-მა და ნატომ (და ცოტა - საქართველომაც) ოთხი ათასამდე სამხედროს სიცოცხლისა და ტრილიონი დოლარის ხარჯზე ორი ათეული წლით გადადო, რითაც აქამდე ყველაზე მეტად რუსეთი ხეირობდა, მაგრამ რა მოხდება, თუკი თალიბები კრემლის კურანტებთან ნამაზის შესრულებას დაისახავენ მიზნად?
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები