მსოფლიოს უძლიერესი კრეისერი ბათუმთან - კვირის პალიტრა

მსოფლიოს უძლიერესი კრეისერი ბათუმთან

თეთრ სახლს Anzio საქართველოს ნაპირებისკენ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რომ გამოეგზავნა, მაშინ...

2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ესკადრა შემოიჭრა, რომლის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი Москва იყო.

ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა ზიანი მიაყენა "მოსკვამ" საქართველოს (დადიოდა ხმა, თითქოს ამ რუსული კრეისერის 130მმ-იანი კალიბრის ქვემეხებით ჭურვები ესროლეს კოდორის ხეობის ქართულ სოფლებს), მაგრამ მის შეიარაღებაში არსებული П-1000 Вулкан-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით (16 რაკეტა) ზღვიდან თბილისზეც შეიძლებოდა სარაკეტო თავდასხმის განხორციელება, რადგან ეს რაკეტები 600-700კმ სიშორეზე მიფრინავენ და ბირთვული ქობინების გადატანაც შეუძლიათ.

რუსული "მოსკვა" შავ ზღვაში უდავოდ ყველაზე ძლიერი საბრძოლო ხომალდია და საინტერესოა, რომ გასულ კვირას ქართულ სანაპიროს უკვე მსოფლიოში უძლიერესი სარაკეტო კრეისერი მოადგა, თუმცა არა მტრული, არამედ მეგობრული ვიზიტით.

ბათუმს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი სარაკეტო კრეისერი ОG-68  Anzio ესტუმრა. იგი Ticonderoga-ს კლასს განეკუთვნება და მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ვჯცრდფ-ს ჩამოუვარდება წყალწყვითა (9800 ტონა 11490 ტონის წინააღმდეგ) და სიგრძით ("მოსკვა" 13მ-ით გრძელია), იგი თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით რუსულ ხომალდზე უფრო მრისხანეა.

რუსული "მოსკვას" ძირითად შეიარაღებას 2 ცალი 130მმ-იანი ქვემეხი, ფრთოსანი რაკეტების გასაშვები 16 კონტეინერი, 64 ცალი საზენიტო რაკეტა და ერთი შვეულმფრენი შეადგენს.

ამერიკული Anzio-ს შეიარაღებაშია ვერტიკალური სტარტის უნივერსალური დანადგარი, რომელსაც 122 განყოფილება აქვს. მათში შეიძლება როგორც Standart-ის ტიპის საზენიტო რაკეტების (ერთმა ასეთმა რაკეტამ გამოცდისას წყნარი ოკეანიდან დედამიწის ორბიტაზე მფრენი მწყობრიდან გამოსული ამერიკული თანამგზავრიც კი ააფეთქა), ისე Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსება, რომლებსაც წერტილოვანი სამიზნეების აფეთქება 1600კმ სიშორემდე შეუძლიათ. Anzio-ზე ორი შვეულმფრენი ბაზირებს.

ისე, ალბათ, აჯობებდა, თეთრ სახლს Anzio ბათუმთან (ან ფოთთან) 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოეგზავნა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, რაც ათასნაირ "შეშფოთება-აღშფოთებაზე" ბევრად ეფექტიანი იქნებოდა...