40 "ჰამვი" ქართულ არმიას - კვირის პალიტრა

40 "ჰამვი" ქართულ არმიას

ავღანეთში გასაგზავნი ქართული ბატალიონისთვის პენტაგონმა შეჯავშნული ავტომობილები გამოგვიგზავნა

კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩუქრად 40 ერთეული შეჯავშნული ავტომობილი გადასცა იმ ქართული ბატალიონის მოსამზადებლად, რომელიც ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად დამატებით გაიგზავნება.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნაჩუქარი მანქანები მოხსენიებულია, როგორც Hummer-ები, თუმცა სინამდვილეში ასეთი სახელი მხოლოდ H1, H2 და H3 ტიპის სამოქალაქო ვარიანტებს აქვთ, სამხედრო დანიშნულების მანქანებს კი HMMWV-ს უწოდებენ, რაც ასე  იშიფრება - "მრავალდანიშნულების მაღალმობილური ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალება".

პენტაგონის გადმოცემულ საჩუქარში "ჰამვის" ორი მოდელია - M1151 (30 ცალი) და M1151A1 (ათი ცალი). ისინი "ჰამვის" მესამე თაობას განეკუთვნება და ერთმანეთისგან, ძირითადად, გაძლიერებული ჯავშნით განსხვავდება.

"ჰამვი" უფრო შეჯავშნული ავტომობილია, ვიდრე ჯავშანმანქანა და იგი, ძირითადად, პატრულირებისთვის არის განკუთვნილი, რადგან მხოლოდ ხუთკაციანი ეკიპაჟი გადაჰყავს, თუმცა მის კოშკურაზე ტყვიამფრქვევზე უფრო სერიოზული შეიარაღების (მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების) დაყენების შემთხვევაში "ჰამვი" გახდება მაღალმობილური, ეფექტური საშუალება მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო დანაყოფებთან საბრძოლველად, რადგან ზუსტი სარაკეტო დარტყმის შემდეგ შეძლებს, სწრაფად დატოვოს საფარი და მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლს თავი აარიდოს.

კოშკურაზე სითბური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დამონტაჟების შემთხვევაში "ჰამვის" ეკიპაჟს მოწინააღმდეგის დაბლამფრენი შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამოგდებაც შეუძლია.

თუმცა, ჯერ ასეთ პერსპექტივებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამ შეჯავშნული ავტომობილებით, ძირითადად, ავღანეთში გასაგზავნ სამხედროებს მოამზადებენ, რაც ახალი არ იქნება - "ჰამვის" (M1151A1) პირველი პარტია ქართულმა არმიამ აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წლის გაზაფხულზე მიიღო და ამ მანქანებით უკვე ვარჯიშობდნენ ის ბატალიონები, რომლებმაც ავღანეთი მოიარეს.

სავარაუდოდ, ავღანეთში წასული ბატალიონი "ჰამვებს" თან არ გაიყოლებს, რადგან, ჯერ ერთი, ეს ძალიან ძვირი დაჯდება და მეორეც, ჰილმენდის პროვინციის დანაღმულ გზებზე ქართველი სამხედროები, საბედნიეროდ, HMMWV-ებზე უფრო დაცული MRAP-ებით გადაადგილდებიან...