კიდევ ერთი ბატალიონი ავღანეთისაკენ... - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი ბატალიონი ავღანეთისაკენ...

თბილისს თავის მოწონება სურს - საქართველო ISAF-ში NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის  პირველი კონტრიბუტორი უნდა გახდეს...

"ავღანეთისკენ - ჯერ ასეული, მერე ბატალიონი, ბოლოს - ბრიგადა?!" - ამ სათაურით "კვირის პალიტრაში" სტატია ჯერ კიდევ 2009 წლის 21 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ და როგორც აღმოჩნდა, არც შევმცდარვართ, რადგან 2011 წლის 9 ივნისს ბრიუსელში  NATO-ს მინისტერიალზე ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველო მომავალი წლის დასაწყისისთვის ავღანეთში დამატებით ქვეით ბატალიონს გაგზავნის.

ამჟამად ავღანეთში,  ISAF-ის ოპერაციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 925 წარმომადგენელი მსახურობს და თუ იქ კიდევ ერთ ქვეით ბატალიონს გავგზავნით (დაახლოებით 750 ადამიანს), მათი რაოდენობა 1675-ს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ISAF-ის პირველი კონტრიბუტორი გახდება  NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის.

ამას წინათ, საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რომში შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე თბილისს დიდ მადლობას უხდიდა იმ არსებითად ახალი სამხედრო წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს.

დღეისათვის ISAF-ში NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტინგენტი - 1550 კაცი - ავსტრალიას ჰყავს გაგზავნილი, რაც არც არის გასაკვირი 20 მლნ-იანი კონტინენტ-სახელმწიფოსგან, რომლის 51-ათასიან არმიას არც ახალ ზელანდიასთან ბრძოლა ემუქრება და არც მის ტერიტორიაზეა შეჭრილი უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი.

ISAF-ის ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს ავღანეთში გაგზავნილი 925 კაცით იქ მყოფ ქვეყნებს შორის მე-12 ადგილი უჭირავს, თუმცა უსწრებს NATO-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას, რომლებსაც ავღანეთში უფრო მცირე კონტინგენტი ჰყავთ. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, პროცენტულად ჩვენ თითქმის ყველაზე დიდი წვლილი შეგვაქვს ISAF-ის ოპერაციაში...

ეს გზა უკვე გავლილი გვაქვს ერაყში, როდესაც 2003 წელს გაგზავნილ სამხედრო მოსამსახურეთა  (დაახლოებით 70 ადამიანი) რაოდენობა 2008 წლის ზაფხულისთვის თითქმის 30-ჯერ(!) გავზარდეთ და აგვისტოს ომის დასაწყისისთვის ერაყში 2 ათასზე მეტი სამხედრო გვყავდა, მათმა სამშობლოში არყოფნამ კი უკიდურესად მძიმე შედეგი მოგვიტანა.

გასაგებია, რომ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით თბილისი დასავლეთის და, პირველ რიგში, თეთრი სახლის გულის მოგებას ცდილობს, თუმცა ავღანეთში მთელი  ქართული არმიაც რომ გავგზავნოთ, ეს NATO-ში ჩვენს მიღებას ვერ დააჩქარებს, რადგან დიდ პოლიტიკაში (უპირველესად კი, აშშ-რუსეთის სტრატეგიულ ურთიერთობებში) სულ სხვა გათვლებია...