ამერიკის მოკავშირეებს ავღანეთის ფიასკოს ცხვირში გვჩრიან...
ამერიკის მოკავშირეებს ავღანეთის ფიასკოს ცხვირში გვჩრიან...
"რუსები უკრაინელებისა და ქართველების, ჩინელები კი ტაივანელების გასაგონად ხმამაღლა აცხადებენ - ხედავთ, როგორ მიატოვა ამერიკამ ასე ნალოლიავები ავღანეთი, თქვენც იგივე მოგელით, თუკი კვლავ აშშ-ის იმედად დარჩებითო..."

ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს წევრი ქვეყნების ბოლო ოცწლიანმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, ფიასკო განიცადა, რასაც უკვე თავად თეთრი სახლისა თუ პენტაგონის მაღალჩინოსნებიც აღიარებენ. რა თქმა უნდა, აშშ-იც და ნატოც ავღანეთიდან ჯერ კიდევ ათი წლის წინ უნდა გამოსულიყვნენ, როცა ამ ომის დაწყების საბაბი - 11 სექტემბრის ტერაქტების
ორგანიზატორი უსამა ბენ ლადენი, ბოლოს და ბოლოს, აღმოაჩინეს და მოკლეს, მაგრამ გამოსვლაც არის და გამოსვლაც! ერთია, როდესაც თავაწეული, აუჩქარებლად და ღირსეულად ტოვებ ბრძოლის ველს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სრულ გამარჯ­ვებას ვერ მიაღწიე და მეორე - ქაოსურად, გაუთვლელად ჯერ გამორბიხარ, მერე კი უკან აბრუნებენ ჯარს იმ
სამოქალაქო პირთა გამოსაყვანად, რომელთა დროული ევაკუაცია ვერ შეძელი. ახლა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია­ შეიძლება ყველაფერს ავღანელ კოლეგასა და მის ჯარს აბრალებს, რომლებმაც ამერიკელების გარეშე ათიოდე დღეში, დედაქალაქ ქაბულის ჩათვლით, თითქმის ყველაფერი დაუთმეს თალიბებს, მაგრამ ავღანეთის ეს ჯარიც ხომ ამერიკელებმა და ნატოელებმა გაწვრთნეს?

ავღანურ ფიასკოს რუსეთის ხელისუფ­ლება სათავისოდ კარგად იყენებს - მძლავრმა პროპაგანდისტულმა მანქანამ პირველი "მსხვილკალიბრიანი" გასროლაც გვაჩვენა­ - ხედავთ, როგორ მიატოვა­ ამერიკამ ასე ნალოლიავები ავღანეთი, უკრაინელებო და ქართველებო, თქვენც იგივე­ მოგელით, თუკი კვლავ აშშ-ის იმედად დარჩებითო...

ავღანეთი 2012 წლიდან იყო აშშ-ის "ძირითადი მოკავშირე ნატოს გარეთ". ეს ტერმინი 1989 წლიდან გაჩნდა და დღეისათვის აშშ-ს 17 ასეთი ნატოს არაწევრი მოკავშირე ქვეყანა ჰყავს, მათ შორის: ისრაელი,­ ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ეგვიპტე, არგენტინა, ბრაზილია, პაკისტანი და სხვ. კიდევ ოთხი ქვეყანა ამ სტატუსის მიღების კანდიდატია, მათ შორის, საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც.

სტატუსი - "ძირითადი მოკავშირე­ ნატოს­ გარეთ" - კონკრეტულ ქვეყანას­ აშშ-თან პრიორიტეტული სამხედრო თანა­მ­შრომლობისა და ამერიკული შეიარა­ღე­ბის იმპორტის მნიშვნელოვნად ხელსა­ყ­რელ პირობებში მიღების საშუალებას აძლევს.

ოცი წლის განმავლობაში ავღანეთის არმიამ აშშ-იდან უდიდესი დახმარება მიიღო, მაგრამ "კალაშნიკოვიანი" თალიბების წინაშე მაინც უძლური აღმოჩნდა, როცა ამერიკელებმა ავღანეთის ხელისუფლება მარტო დატოვესო, - გვიკიჟინებენ ჩვენი არაკეთილმოსურნეები, მაგრამ შეიძლება კი პარალელის გავლება ავღანეთში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოსა თუ უკრაინის რეალობას შორის?

ავღანეთისგან განსხვავებით, პენტაგონს არც საქართველოში და არც უკრაინაში სამხედრო ბაზები არ აქვს. ამ ეტაპზე ჩვენი­ სამხედრო თანამშრომლობა შემოიფარგლება­ ერთობლივი სამხედრო სწავლებებითა და პროგრამების განხორციელებით, ასევე - ამერიკული მსუბუქი შეიარაღების მცირე პარტიების შეძენით. საქართველოში, ისევე, როგორც უკრაინაში, დიდი ხანია, დარწმუნდნენ, რომ არც ამერიკელი და არც ნატოელი სამხედროები ჩვენი მიწისთვის­ სისხლს არ დაღვრიან (გავიხსენოთ თუნდაც­ 2008 წლის აგვისტოს ომის დასაწყისი, როცა ერთობლივი სამხედრო სწავლების შემდეგ შემორჩენილი ამერიკელები სასწრაფოდ გაეცალნენ საქართველოს, ემანდ რუსულ ტანკებს არ გადავეყაროთო), ავღანეთში­ კი, ოცი წლის განმავლობაში, 2 300-ზე მეტი ამერ­იკელი სამხედრო დაიღუპა, 21 000-მდე - დაიჭრა. ასე რომ, ავღანეთის 300-ათასიანი არმიისგან განსხვავებით, რომლის შექმნისა და შეიარაღებისთვის ამერიკამ 85 მლრდ დოლარამდე დახარჯა, ქართულ და უკრაინულ არმიებში კარგად მოეხსენებათ, რომ ამერიკული "აბრამსებისა" თუ გერმანული "ლეოპარდების" დახმარების იმედი კიდევ დიდხანს არ უნდა გვქონდეს და ჩვენი მიწისთვის ისევ ჩვენ უნდა ვიომოთ. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსავით პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთის­ ქვეყნები უკვე დიდი ხანია ნატოს წევრები­ არიან, არ არიან დარწმუნებული, რომ ალიანსი მიაღწევს შეთანხმებას, რუსული ტანკების შეტევის შემთხვევაში ისინი­ დაიცვას.

აშშ-სა და ნატოს ამ ოცი წლის განმავლობაში ტრილიონ დოლარზე მეტი ავღანეთის ომის უძირო ჭაობში უაზროდ რომ არ ჩაეყარა და სანამ რუსეთი სუსტი იყო, ეს უზარმაზარი რესურსი ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებისთვის გამოეყენებინა, დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა­ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ნატოს წევრ საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, იქით უკარნახებდა თამაშის წესებს პუტინის რუსეთს, დღეს კი სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენი მტრები დაგვჩხავიან, გონს მოეგეთ, ავღანეთივით არ მიგატოვოთ ამერიკამო.
მერაბი
28 აგვისტო 2021 20:31
30 წელიწადია ამ დღეში ვართ სადეთ გავიწიოთ აღარ ვიცით ერთი ქართუდი ზღაპრისა არ იყოს აქეთ წახვალ ვერ მოხვალ იქით წახვალ სულ დაიკარგები _?
gaga
28 აგვისტო 2021 20:24
რუსეთი საქართველოს ვეასდროს ვერ დაიპყრობს, პირიქით მთელი 70 წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოს ჰქონდა დაპყრობილი და მაგრათ ვგულაობდით რუსეთში, მაგრამ შტერი პოლიტიკოსების გამო ახლა ასეთ მძიმე დღეში ჩავვარდით: ევროპა ამერიკისა და თურქეთის მონებად ვიქეცით და იმათ მოხუცებსა და ბავშვებს ვუვლით ლუკმაპურის საფასურად!
მამუკა
28 აგვისტო 2021 12:51
გასაგებია მაგრამ როგორც არ უნდა გაათეთროდ მაინც შავია.ისე ვიეტნამი გაიხსენეთ როგორ მიატოვეს

რუბრიკის სხვა სიახლეები