კორონავირუსი, როგორც "იდეალური ჯარისკაცი"?! - კვირის პალიტრა

კორონავირუსი, როგორც "იდეალური ჯარისკაცი"?!

"პანდემია მუდმივი მუტაციის ფონზე სულ უფრო საშიში ხდება, რის გამოც იბადება კითხვა: "კოვიდ-19"-ში თავიდანვე განზრახ ხომ არ იყო "ჩადებული" მისი ასეთი მაღალი "საბრძოლო თვისებები?"

ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან დღემდე 21-მა თვემ განვლო და მსოფლიოში უკვე 210 მლნ ადამიანი დაინფიცირდა, ანუ დაავადება თვეში საშუალოდ 10 მლნ ადამიანს "იპყრობს". პროცენტული თვალსაზრისით, ასეთი ეფექტიანობა ადამიანების გასანადგურებლად სპეციალურად შექმნილ შეიარაღების ბევრ სახეობასაც კი არა აქვს... ვირუსის მუდმივი მუტაცია ძალაუნებურად აჩენს ეჭვს, ის მართლაც სპეციალურად ხომ არ შეიქმნა...

ახალი კორონავირუსის მოქმედების ისტორია რაღაცით წააგავს შეტევაზე გადასული სამხედრო დანაყოფის ტაქტიკურ ქმედებას, რომელიც ყველა გზას ეძებს მიზნამდე მისაღწევად და მის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად, რისთვისაც შეტევის პროცესში სრულყოფს სამიზნეზე იერიშის მეთოდებს.

ნებისმიერი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ინატრებდა ასეთ იარაღს, თუ ექნებოდა გარანტია, რომ მის არმიასა და მოსახლეობას ასეთ ვირუსზე სრული იმუნიტეტი გაუჩნდებოდა. მართალია, ისეთი იმუნიტეტი, რომელიც კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობას ან რასას სრულად დაიცავდა "კოვიდ-19"-ისგან, ჯერ არ ჩანს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პანდემიისგან ზოგიერთი დიდი ქვეყნის მოსახლეობა განსაკუთრებულად დაზარალდა. მათ შორის, უპირველესია აშშ (38 მლნ შემთხვევა) და ინდოეთი (32,3 მლნ შემთხვევა).

ეს შთამბეჭდავი რიცხვები მიუთითებს, რომ, დიდი ალბათობით, აშშ-ისა და ინდოეთის შეიარაღებულ ძალებშიც ისეთივე მაღალია კორონავირუსით დაავადების მაჩვენებელი, როგორიც მთლიანად ამ ქვეყნებში, კორონავირუსიანი სამხედრო კი დროებით მწყობრიდან გამოსულ, დაჭრილ ჯარისკაცს ემსგავსება, რომელიც ერთხანს საბრძოლველად არ გამოდგება, პირიქით, თვითონ არის ყურადღებამისაქცევი, რაც არმიის სარდლობისგან დამატებით რესურსებს ითხოვს. თუკი კორონავირუსით მასობრივად ავადდება ატომური ავიამზიდის რამდენიმეათასიანი ეკიპაჟი ან წყალქვეშა ნავის პირადი შემადგენლობა, გამოდის, რომ შეიარაღების ეს მრისხანე საშუალებები დროებით არასაბრძოლო მდგომარეობაში გადადის, მით უმეტეს, თუკი ავიამზიდი შუა ოკეანეში ასრულებს საბრძოლო დავალებას და ინფიცირებული ეკიპაჟის ოპერატიულად შეცვლა ძალიან რთული ან შეუძლებელია. წყალზედა და წყალქვეშა სამხედრო ხომალდების კაიუტებისა და კუბრიკების სივიწროვეც ხელს უწყობს ეკიპაჟში კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას, რადგან უსაფრთხო დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება.

კონსპიროლოგიისგან შორს ვართ, მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ თუკი "კოვიდ-19" (ან როგორც შეიძლება ერქვას მას საიდუმლო დოკუმენტებში) მართლაც ხელოვნურად არის შექმნილი, მისი "მშობლები" ნამდვილად მიუახლოვდნენ "იდეალურ იარაღს", რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადების გარდა, ფსიქოლოგიურადაც უტევს კაცობრიობას და ადამიანთა შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მჭიდრო სოციალური ურთიერთობების კარდინალურ ცვლილებას იწვევს. ადამიანებს ერთმანეთთან მიახლოების ქვეცნობიერად ეშინიათ (მიუხედავად აცრისა და პირბადეების გამოყენებისა), რადგან არ ვიცით, კიდევ ერთხელ მუტირებული კორონავირუსი ამჯერად რა გზით ეცდება ჩვენს ორგანიზმში შემოღწევას.

ბევრი რამისთვის სინათლის მოფენა შეეძლო იმის გარკვევას, ზუსტად საიდან და როდის დაიწყო "კოვიდ-19"-ის გავრცელება, მაგრამ ამ თითქოს არცთუ უპასუხო კითხვას, დიდი სახელმწიფოების განკარგულებაში არსებული უზარმაზარი სადაზვერვო პოტენციალის მიუხედავად, პასუხი დღემდე ვერ გაეცა. მსოფლიო ჯერჯერობით კვლავ უძლურია, შეაჩეროს კორონავირუსის პანდემია, მაგრამ რა მოხდება, ერთ მშვენიერ დღეს გაირკვეს, რომ "კოვიდ-19" მართლაც ხელოვნურად შეიქმნა და მისი საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინაც თავიდანვე არსებობდა?

P.S. ამ ახალ, "იდეალურ ჯარისკაცთან" ბრძოლაში ქართული არმიის ჯარისკაცებიც აქტიურად ებმებიან და მოსახლეობის დასახმარებლად საველე ჰოსპიტლების მასობრივად გაშლაც შეუძლიათ, თუკი ეს აუცილებელი იქნება.