ქაბულიდან სასწრაფო ევაკუაციაში ნატოს თბილისიც დაეხმარა... - კვირის პალიტრა

ქაბულიდან სასწრაფო ევაკუაციაში ნატოს თბილისიც დაეხმარა...

"ავღანეთის სათავეში ტრიუმფით დაბრუნებულმა თალიბებმა თეთრ სახლს ვადა 31 აგვისტოს ჩათვლით მისცეს ქაბულის აეროპორტიდან ყველა ამერიკელი მოქალაქისა და იმ ავღანელების საევაკუაციოდ, ვინც პენტაგონთან თანამშრომლობდა და სამშობლოში დარჩენის არცთუ უსაფუძვლოდ ეშინია"

ქაბულის აეროპორტიდან 14-დან 26 აგვისტოსთვის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა 82 ათასი კაცი გაიყვანეს, მათ შორის 4,5 ათასი ამერიკელი მოქალაქე. ციფრები მართლაც რომ შთამბეჭდავია და 31 აგვისტომდე ევაკუირებულთა რიცხვი კიდევ რამდენიმე ათასით გაიზრდება, მაგრამ ავღანეთიდან გაქცევის ყველა მსურველი მაინც ვერ მოასწრებს ქაბულის აეროპორტიდან გაფრენას, მით უმეტეს, რომ ევაკუაციის ბოლო დღეებში ის 5-6-ათასი ამერიკელი სამხედრო უნდა გაიყვანონ, ვინც ორ კვირას ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოებას იცავდა. იცავდა არა თალიბებისგან, არამედ იმ ათასობით ავღანელისგან, რომლებიც აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეცვივდნენ თვითმფრინავებში როგორმე შეღწევის სურვილით, ყველაზე გამბედავები კი უკვე აფრენილ თვითმფრინავს შასიზე ჩამოეკიდნენ და...

ამერიკელმა სამხედროებმა დამრტყმელი "აპაჩის" ტიპის შვეულმფრენი ორიგინალურ, "მტვერსასრუტის" როლში გამოიყენეს ასაფრენი ზოლის ხალხის მასისგან გასაწმენდად, როდესაც "აპაჩი" მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა და მისი ხრახნებით წარმოქმნილი მძლავრი ჰაერის ნაკადით ხალხის მასას გვერდზე გაქცევას აიძულებდა.

გარდა ამისა, პენტაგონს მოუწევს აეროპორტის დაცვაში გამოყენებული ძვირად ღირებული ჯავშანტექნიკის ევაკუაციაც, ხოლო თუკი საამისო ადგილი სატრანსპორტო თვითმფრინავებში ვერ გამოინახა, მაშინ ადგილზე განადგურდება, რათა არ დარჩეთ თალიბებს. მათ ხომ ისედაც ჩაუვარდათ ხელში დიდძალი ამერიკული შეიარაღება, რომლითაც პენტაგონი წლობით ამარაგებდა ავღანეთის აწ უკვე სამარცხვინოდ დაშლილ არმიას. ავღანეთიდან ჯარები 1989 წლის თებერვლისთვის საბჭოთა კავშირმაც გამოიყვანა, მაგრამ ასეთი კოლაფსი, რაც დღეს არის, არ ყოფილა. თუმცა, ალბათ, იმიტომაც, რომ ჯარები საჰაეროს გარდა, სახმელეთო გზითაც გაჰყავდათ თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამასთან, ეს პროცესი ნახევარ წელზე მეტხანს გაგრძელდა.

ვინ უშლიდა ამერიკელებს, რომ უფრო ადრე და დეტალურად დაეგეგმათ ეს რთული პროცესი და არა ისე, რომ ქაბულის საელჩოდან აეროპორტამდე საელჩოს თანამშრომლები შვეულმფრენებით ფაცხაფუცხით გადაეყვანათ?

ქაბულის აეროპორტში ორკვირიანი საჰაერო ევაკუაციის პერიპეტიები, სამწუხაროდ, პრეზიდენტ ბაიდენის, პენტაგონისა თუ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სისუსტეზე მეტყველებს. უკეთესად არც ნატოს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ჩანს. დასავლელი ლიდერები თავიანთი უზარმაზარი სადაზვერვო რესურსებით რატომღაც დარწმუნებული იყვნენ, რომ 11 სექტემბრამდე დაგეგმილი ავღანეთის დატოვების შემდეგ მათ მიერვე შექმნილი ადგილობრივი მთავრობა, არმია, პოლიცია და უსაფრთხოების ძალები რამდენიმე თვეს მაინც შეინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და მოიგერიებდნენ თალიბების შეტევებს, მაგრამ ყველაფერი მყისიერად ჩაიყარა წყალში - თალიბებმა რამდენიმე დღეში უბრძოლველად დაიკავეს ავღანეთის დედაქალაქი და უცხოელებსაც სასწრაფო ევაკუაციის დიდი პრობლემა გაუჩნდათ.

თითქმის 900-კაციანი ქართული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა ექსცესების გარეშე ჩატარდა. საქართველოს იმ 24 მოქალაქის ევაკუაციაც, ვინც კერძო კომპანიებში დაცვის ფუნქციებს ასრულებდნენ, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მოგვარდა. თუმცა სურვილის შემთხვევაში, მათ, ალბათ, უფრო ადრეც შეეძლოთ ავღანეთიდან გამომგზავრება.

ავღანეთიდან გამოსვლისა და ქართული არმიისთვის 12-წლიანი ავღანური ეპოპეის დამთავრების შემდგომ საქართველო განაგრძობს ამერიკელი და ნატოელი პარტნიორების დახმარებას საჰაერო ევაკუაციის ოპერაციაშიც. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დროდადრო ეშვებიან ნატოს წევრი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო-სატრანსპორტო და სამგზავრო თვითმფრინავები, რომლებსაც თავიანთი ქვეყნების მოქალაქეების გარდა ქაბულის აეროპორტიდან ავღანელი დევნილებიც გამოჰყავთ.

არა, ავღანელ დევნილებს ამ თვითმფრინავების ტრაპებიდან ქართულ მიწაზე არ უშვებენ (იმედია, ხელისუფლება არ დათანხმდება ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის თხოვნა-მოთხოვნასაც, იქნებ ერთი-ორი ათასი ავღანელი დევნილი დროებით მაინც შეიფაროთო) - თბილისის აეროპორტში დაშვების მიზანი საწვავის მარაგის შევსებაა. საქმე ის არის, რომ ქაბულის აეროპორტში შეზღუდულია საწვავის მარაგის ოდენობა და იქ ჩაფრენილ მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავებში საწვავს ვერ ასხამენ, რადგან, მაგალითად, თუკი "ჰერკულესის" ავზების შესავსებად 28 ტონა საავიაციო ნავთია საჭირო, ბევრად დიდი ჩ-17-ის "გასაძღომად" 135 ტონაც არ კმარა...

ქაბულიდან თბილისის აეროპორტამდე საჰაერო ტრასის სიგრძე 2 500 კმ-მდეა, რის დასაფარავად ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს საწვავის მარაგი კი ჰყოფნით, მაგრამ ევროპისკენ ფრენის გაგრძელება აღარ შეუძლიათ.

ქაბულიდან გამოფრენილი ნატოს წევრი ქვეყნების სატრანსპორტო და სამგზავრო თვითმფრინავების თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხშირი დაშვება და საწვავით გაწყობა მომგებიანი უნდა იყოს საავიაციო მომსახურების სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ხოლო პოლიტიკურად ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ უმტკიცებს ერთგულებას დასავლეთს და საქმით აჩვენებს თანადგომას ამ არცთუ სასიამოვნო ვითარებაში.

ტერაქტები ქაბულის აეროპორტში

26 აგვისტოს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მისადგომთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 200-მდე კაცი, დაახლოებით ამდენივემ მიიღო დაზიანება. დაღუპულთაგან 13 ამერიკელი საზღვაო ქვეითია, რომლებიც აეროპორტის გარე პერიმეტრს იცავდნენ, დაჭრილია მათი 15 თანამებრძოლი.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის 28 "თალიბანის" მებრძოლია, რაც გამორიცხავს, რომ ტერაქტები თალიბებმა მოაწყვეს. მეტიც, ამერიკულმა სამხედრო დაზვერვამ ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა თალიბებს და მათ დროულად აღკვეთეს სხვა ტერაქტები, რომლებიც ტერორისტ-კამიკაძეებს უნდა შეესრულებინათ.

საერთოდ, თანამებრძოლების "მოძრავ ბომბად" გამოყენება თალიბების ტაქტიკას ნაკლებად ჰგავს. მათ ურჩევნიათ ბრძოლაში დაიღუპონ. სამაგიეროდ, ტერორისტი-კამიკაძეები "ისლამური სახელმწიფოს" ცნობილი ხელწერაა და ასეც აღმოჩნდა - ტერაქტებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" მომავალი ტერორისტი-კამიკაძე "ურწმუნოების" განადგურებით იმუქრება.

აშშ-ის სადაზვერვო ორგანიზაციებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტში მოსალოდნელი იყო ტერაქტები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმაც კი მიანიშნეს ერთი-ორი დღით ადრე, მაგრამ ყველა ტერაქტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

ქაბულის აეროპორტში ორკვირიანი ქაოსი, ტერაქტები და მსხვერპლი ბაიდენის საპრეზიდენტო კარიერას უდიდეს დარტყმას აყენებს - პოლიტიკური ოპონენტები უკვე ლაპარაკობენ მის გადადგომაზე.

ეს ვითარება ოცი წლის წინანდელ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს ჰგავს. პრინციპში, ავღანეთის ოცწლიანი ომი ხომ შურისძიების გამო დაიწყო - თუ მაშინ ტერაქტების ორგანიზატორი "ალ-ქაიდა" იყო, ამჯერად "ისლამური სახელმწიფოა".

მართალია, "ისლამური სახელმწიფოს" მთავარი მტერი ამერიკაა, მაგრამ არც "თალიბანს" თვლიან მეგობრად და ამ ორ, მსოფლიო დონის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ძალას შორის ბრძოლა შესაძლოა, ავღანეთს ჯერ კიდევ წინ ელოდება.