ლიბიის ომმა NATO-ს პრობლემები გამოააშკარავა - კვირის პალიტრა

ლიბიის ომმა NATO-ს პრობლემები გამოააშკარავა

დაიშლება თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და როდის?

კადაფის რეჟიმზე საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად ნატო-ს ბომბები და რაკეტები შემოაკლდა

პენტაგონის შეფმა ღიად განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმ ბუნდოვან მომავალზე, რაზეც აქამდე არაოფიციალურად საუბრობდნენ...

"სიტუაცია, რომელიც მე ავსახე, იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი შეიძლება ბუნდოვანი ან საერთოდ, გაურკვეველი იყოს", - ეს სკანდალური სიტყვები, არც მეტი და არც ნაკლები, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსს ეკუთვნის.

რობერტ გეითსი ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობის დროსაც პენტაგონის შეფი იყო და ამავე თანამდებობაზე დატოვა პრეზიდენტმა ობამამ, ასე რომ, გეითსმა ნამდვილად იცის, რას ამბობს.

მინისტრი გეითსი 30 ივნისს ტოვებს თანამდებობას, რამაც, ეტყობა, იგი უფრო თამამი გახადა, ამიტომაც უწინასწარმეტყველა NATO-ს ასეთი პირქუში მომავალი, თუმც მან თქვა ის, რაზეც სხვები მანამდე არაოფიციალურად საუბრობდნენ.

აქვს კი მომავალი NATO-ს? ეს კითხვა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, როდესაც დაიშალა ჯერ ვარშავის პაქტი, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირი. თითქოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ღირსეული მოწინააღმდეგე არ დარჩა და  NATO-ს ყველანაირად უნდა გაემართლებინა თავისი არსებობა, რაც მთავარია - მრავალმილიარდიანი დაფინანსება.

ერთ-ერთი გამოსავალი ყოფილი ვარშავის პაქტის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება იყო. პროცესები ასეც წარიმართა, მაგრამ 1999 წელს NATO აქტიურად ჩაერთო იუგოსლავიის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დაშლის პროცესში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წამყვანმა ქვეყნებმა, პირველ რიგში - აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ ყველაფერი გააკეთეს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, რაც, ჩვენი აზრით, უდიდესი შეცდომა იყო და ამ მოვლენის მძიმე შედეგებს ევროპა ჯერ კიდევ მოიმკის.

იმის ნაცვლად, რომ NATO-ს სახსრები ძირითადად მის აღმოსავლეთით გაფართოებასა და გაძლიერებაზე დახარჯულიყო, ყოფილი იუგოსლავიის ომის შემდეგ ალიანსი რამდენიმე ათასი კმ-ით დაშორებულ ავღანეთის ანტიპარტიზანული ომის ჭაობში აღმოჩნდა ჩაფლული.

რამდენი წელია, ISAF-ის ოპერაციასNATO მეთაურობს, რის გამოც ალიანსის მთელი ყურადღება სწორედ ავღანეთზეა გადატანილი და ძირითადი ხარჯებიც იქ მიდის, თუმცა ავღანეთში ომი ერთ უძირო ქვევრს წააგავს, რომლის ამოვსება, ანუ წარმატებით მისი დამთავრება, ჯერჯერობით მაინც,  შეუძლებელი ჩანს.

თითქოს ყოფილ იუგოსლავიაში სამშვიდობო დანაყოფების, ხოლო ავღანეთში საბრძოლო შენაერთების შენახვაში ყოველწლიურად მილიარდების ხარჯვა არ ეყოფოდა, NATO-მ თავი კიდევ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტში, ამჯერად ლიბიაში გაჰყო.

იცით თუ არა, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის გარდა? აგვისტოს იმ რამდენიმე დღემ  NATO-ს, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის უდიდესი სისუსტე - არაოპერატიულობა, ბიუროკრატიულობა და რაც მთავარია, რუსეთისადმი ერთგვარი შიში გამოაჩინა.

NATO-ს მიერ საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ალიანსის ხელმძღვანელობას არავინ უშლიდა, პოლიტიკურად უფრო აქტიურად ემოქმედა.

თუმცა ალიანსის სისუსტე აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე გამჟღავნდა, როდესაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს უარი უთხრეს MAP-ის მიცემაზე, რაც, ფაქტობრივად, კრემლისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა...

თუკი აგვისტოს ომში NATO-ს პოლიტიკური სისუსტე გამომჟღავნდა, ლიბიაში მიმდინარე  ოთხთვიანმა ომმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო სისუსტე გამოავლინა.

გაეროს მხრიდან საჰაერო ოპერაციებზე მიღებული ნებართვის მიუხედავად, NATO-მ თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლო ლიბიაში კადაფის რეჟიმის დამხობა. ამას შეიძლება ობიექტური ახსნა მოეძებნოს - სახმელეთო ბრძოლებში წარმატების გარეშე, მხოლოდ  საჰაერო შეტევებით მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

ლიბიაში მოქმედი შეიარაღებული ოპოზიცია არაბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც იმასაც ცხადყოფს, რომ ლიბიის მოსახლეობის ერთი ნაწილი სულაც არ არის კადაფის რეჟიმისადმი მტრულად განწყობილი, როგორც ამის წარმოჩენა დასავლეთის რიგ საინფორმაციო საშუალებებს სურდათ.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი სათითაოდ სთხოვდა ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურებს თითო-ოროლა საბრძოლო თვითმფრინავის გამოყოფას.

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ აშშ-მა შეწყვიტა აქტიური სამხედრო მოქმედებები კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ და ბურთი და მოედანი NATO-ს დაუთმო.

NATO-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი წერტილოვანი საჰაერო დაბომბვა მაინც შეიწირავდა კადაფის და მისი რეჟიმიც დასრულდებოდა, ან სისტემატური საჰაერო დარტყმებით შეშინებული პოლკოვნიკი თავად დათმობდა ძალაუფლებას. მაგრამ დღემდე არც ერთი მოხდა და არც - მეორე, ამასობაში კი NATO-ს სამხედრო საწყობების (განსაკუთრებით -  ძვირად ღირებული მართვადი ბომბებისა და რაკეტების) მარაგი მნიშვნელოვნად შეთხელდა.

აქამდე კრიტიკულ მომენტში NATO-ს  ყოველთვის აშშ ეხმარებოდა, რათა ალიანსს სახელი არ შეერცხვინა. თუმცა, ახლა რომელ დახმარებაზეა ლაპარაკი, როდესაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი პრეზიდენტ ობამას უჩივის ლიბიის ომში პენტაგონის  არასამართლებრივად ჩართვის გამო.

საქმე ის არის, რომ 1973 წლის რეზოლუციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ბრძანების გაცემა მხოლოდ 60 დღით შეუძლია.

პენტაგონის ლიბიის ომში მონაწილეობიდან ორი თვე ჯერ კიდევ 20 მაისს გავიდა, რის შემდეგაც წარმომადაგენელთა პალატის ათმა წევრმა (როგორც რესპუბლიკელებმა, ისე დემოკრატებმა) პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს, უკანონოდ იქნეს ცნობილი პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება ლიბიის ომში აშშ-ის ჩართვის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სრული სერიოზულობით მიიღო კონგრესმენთა სარჩელი და განაცხადა, რომ არეულობის დაწყებიდან (2011 წლის თებერვალი) დღემდე აშშ-მა ლიბიის სამხედრო და ჰუმანიტარულ მისიებში 715,9 მლნ დოლარი დახარჯა.

კონგრესმენებისგან გაკრიტიკებული პრეზიდენტი ბარაქ ობამა, სავარაუდოდ, არ იაქტიურებს ლიბიის საქმეში, მით უმეტეს, რომ აშშ-ს ყელზე ადგას ავღანეთი და ჯერ კიდევ გაურკვეველი სიტუაციაა ერაყში.

ალბათ, ამიტომაც პენტაგონის შეფმა რობერტ გეითსმა არცთუ ორაზროვნად მიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს: - აშშ NATO-ს  ანგარიშების 75%-ს იხდის, რაც ჩვენ უკვე მძიმე ტვირთად გვაწვება და თუკი ალიანსს მომავალშიც სურს ფუნქციონირება, კეთილი ინებონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებმა და მეტი თანხა გაიღონ NATO-ს შესანახად.

შეინახავს კი აშშ-ის გარეშე თავს NATO? პასუხი შეიძლება უარყოფითი იყოს, მით უმეტეს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დიდი ხანია აწუხებთ ამბიცია, შექმნან "ევროპული კორპუსი", რომელიც საკუთრივ ევროპული სწრაფი რეაგირების ძალა იქნება და რომელშიც ცხვირს ვერ ჩაყოფს თეთრი სახლი...

P.S. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უზარმაზარი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ერთი ხელის დაკვრით, ბუნებრივია, არ დაიშლება, მაგრამ მისი გაფართოების პერსპექტივა ამ ეტაპზე არარეალურია, როგორც ფინანსური პრობლემების  გამო, ისე პოლიტიკური მიზეზითაც, კერძოდ, რუსული ფაქტორის გათვალისწინებით.

ყოველივე ეს კი, ჩვენთვის რაც უნდა სამწუხარო იყოს, ძალზე ბუნდოვანსა და თითქმის  შეუძლებელს ხდის უახლოეს მომავალში NATO-ში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღებას.