რუსულ საოკუპაციო ბაზას აფხაზეთში ისევ აძლიერებენ... - კვირის პალიტრა

რუსულ საოკუპაციო ბაზას აფხაზეთში ისევ აძლიერებენ...

ოკუპირებულ აფხაზეთში მე-7 რუსული სამხედრო ბაზა მალე ახალ "კალაშნიკოვებსა" და ჯავშანტექნიკას მიიღებს

ჩვენი დიდი ტკივილი - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, არსად გამქრალა. საქართველოს მოქალაქეებს ოკუპაციის გამყოფ ხაზთან 21-ე საუკუნის "ლეკიანობის" მეთოდით იტაცებენ და რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზები სამხედრო წვრთნებს იწყებენ...

ამჯერად ახალი ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში მე-7 რუსული სამხედრო ბაზის გადაიარაღების დაწყებას ეხება.

ამ ბაზაში შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნაკლებობას ისედაც არ უჩიოდნენ, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე თვეში ბაზა შედარებით ახალ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს - БМП-3-ებს - მიიღებს. ბაზის შეიარაღებაში დარჩება მოდერნიზებული БТР-82А ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებიც. ეს, ბუნებრივია, გაზრდის ბაზის მოტომსროლელი დანაყოფების საცეცხლე შესაძლებლობებს, რადგან БМП-3 მისი წინამორბედის, БМП-2-ისგან განსხვავებით, 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის გარდა, შეიარაღებულია 100 მმ-იანი ნახევრად ავტომატური ქვემეხითაც, რომლის ლულიდან, ჭურვების სროლის გარდა, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვებაც შეიძლება.

ამასთან, БМП-3-ის დახრილი შუბლა ჯავშანი რამდენიმე შრეს შეიცავს, რაც ართულებს წინიდან ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტით მის აფეთქებას, ბორტების დასაცავად კი დინამიკური დაცვის ელემენტები გამოიყენება.

დაცვის დონის გაუმჯობესების მიუხედავად, რუსული БМП-3-ის აფეთქება ტანკზე გაცილებით იოლია, მით უმეტეს, იმ "ჯაველინით", რომელიც ზემოდან უტევს ჯავშანტექნიკას.

გარდა ამისა, გადაწყვეტილია აფხაზეთში საოკუპაციო ბაზის პირადი შემადგენლობის საშტატო იარაღის - АК-74 ტიპის ავტომატების - ახალი "კალაშნიკოვით", АК-12-ით შეცვლა.

რუსი მეიარაღეები ძალიან ამყობენ АК-12-ით, მაგრამ მისი ერგონომიკული მახასიათებლების გაუმჯობესების მიუხედავად, იარაღის ავტომატური ჯერით სროლის სიზუსტე მაინცდამაინც არ გაზრდილა. ეს თითქმის იგივე "კალაშნიკოვია", ოღონდ - თანამედროვე დიზაინით.

რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის საოკუპაციო ბაზაზე რუსმა გენერლებმა Т-90А ტიპის ტანკები Т-72Б3 ტიპისებით ჩაანაცვლეს, რაც, ერთი შეხედვით, უკან გადადგმულ ნაბიჯად და ამ რუსული საოკუპაციო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობების შემცირებად მიიჩნეოდა, თუმცა მთლად ასეც არ არის.

ბოლო დროს მოდერნიზებული Т-72Б3 ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით მაინცდამაინც არ ჩამოუვარდება ამ საუკუნის დასაწყისში გამოშვებულ Т-90А ტიპის ტანკს, რომელიც, სხვათა შორის, ოკუპირებული აფხაზეთიდან სირიაში წაიღეს და პრეზიდენტ ასადის არმიას გადასცეს საბრძოლველად. იქ არანაკლებ ექვსი ტანკი აფეთქდა, რამდენიმე კი სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა ალაფად წაიღეს.

რუსეთის გენერალიტეტი ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზის მთავარ საბრძოლო ამოცანად ორ ძირითად მიმართულებაზე მოქმედებას მიიჩნევს.

პირველი მიმართულება, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოა, სამეგრელო-იმერეთის მხარეს რიკოთის უღელტეხილის აღებით, სანამ გორის მიმართულებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მეოთხე რუსული სამხედრო ბაზა იმოქმედებს...

მეორე მიმართულება კი კრემლისთვის უფრო მნიშვნელოვანია - ეს არის ჩრდილოკავკასიიდან დასავლეთით, უკრაინაზე, სხვადასხვა მხრიდან შეტევა. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში, უშუალოდ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან, ახალი შენაერთები ყალიბდება, მაგრამ რუსეთ-უკრაინის დიდი ომის დაწყების შემთხვევაში აფხაზეთის მე-7 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზაც (რომელიც გაძლიერებული მოტომსროლელი ბრიგადის შტატით არის დაკომპლექტებული) რეზერვად მიიჩნევა.

P.S. ისე, ძალიან საინტერესოა, რუსმა გენერლებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში თავიანთი სამხედრო შენაერთები რატომ დანომრეს მე-4 და მე-7 ბაზებად? იქნებ იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (რომლის მთავარი შტაბი თბილისში იყო) შემადგენლობაში შედიოდა მე-4 (დისლოკაციის ადგილი აზერბაიჯანი) და მე-7 (დისლოკაციის ადგილი სომხეთი) საერთო საჯარისო არმიები და დაშლილი საბჭოთა კავშირის ნოსტალგიისა თუ ახალი იმპერიის აღორძინების ოცნებით იგივე ნომრები მიანიჭეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ გაძლიერებულ მოტომსროლელ ბრიგადებს, რომლებსაც, სურვილის შემთხვევაში, ადვილად აქცევენ დივიზიად ან სულაც არმიად (საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის ოკუპირების შემდეგ). არის კი ვინმე ამისთვის ხელის შემშლელი?!