ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ... ავღანეთიდან - კვირის პალიტრა

ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ... ავღანეთიდან

სწრაფად შეძლებენ თალიბები ამერიკული იარაღით "ფანჯირის ბოკვერის" დამარცხებას?

ავღანეთში ოცწლიანი ომი დასრულდა. აშშ-მა და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა 31 აგვისტომდე, როგორც თალიბები კატეგორიულად მოითხოვდნენ, თავიანთი ჯარები და მოქალაქეები ავღანეთიდან გამოიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქაბულის აეროპორტიდან ორკვირიანი საჰაერო ევაკუაციის პრობლემები უარყოფითად აისახა ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ იმიჯზე, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციამ მართლაც გრანდიოზული მასშტაბის საევაკუაციო სამუშაო შეასრულა და ავღანეთიდან 120 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის - 6 ათასამდე ამერიკის მოქალაქე გამოიყვანა, თუმცა ავღანეთში ისევ არის აშშ-ის ასობით მოქალაქე, რომლებმაც ძალიან გვიან მოინდომეს გაფრენა ან სულაც არ აპირებენ ავღანეთიდან წასვლას, რადგან თალიბებს საშიშ ძალად არ თვლიან.

თალიბების ნამდვილი სახე მაშინ გამოჩნდება, როდესაც ისინი ამ მრავალტანჯული ქვეყნის მართვას შეუდგებიან, თუმცა უკვე ჩანს, რომ ახლანდელი თალიბები განსხვავდებიან 1996-2001 წლების წინამორბედებისგან და, ალბათ, მსოფლიოს აზრს ისინი მეტად გაუწევენ ანგარიშს, მანამდე კი განაგრძობენ ბრძოლას ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფანჯირის პროვინციაში გამაგრებული "წინააღმდეგობის ფრონტის" ძალებთან, რომელთაც ლეგენდარული "ფანჯირის ლომის" - აჰმად შაჰ მასუდის შვილი, ასევე აჰმად შაჰ მასუდად წოდებული "ფანჯირის ბოკვერი" უდგას სათავეში.

ფანჯირის ხეობამ თავის დროზე საბჭოთა არმიის ცხრა ფართომასშტაბიანი შეტევა წარმატებით მოიგერია და დღეს, წესით, თალიბებსაც ძალიან უნდა გაუჭირდეთ მისი აღება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი, შედარებით თანამედროვე, ამერიკული იარაღი ჩაუვარდათ ხელში. ამერიკელი სამხედროების გაფრენის შემდეგ ქაბულის აეროპორტში თალიბების ხელში აღმოჩნდა 73 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ასამდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, რომლებიც საჰაერო ევაკუაციის დროს ქაბულის აეროპორტის დასაცავად გამოიყენებოდა და რომელთა წაღება ამერიკელებმა სატრანსპორტო თვითმფრინავებით ვეღარ შეძლეს, მაგრამ ამხელა ალაფის ნახვით მოგვრილი სიხარული თალიბებს მალევე გაუქრათ, რადგან აღმოაჩინეს, რომ ეს სამხედრო ტექნიკა ამერიკელი სამხედროების მიერ მწყობრიდან იყო გამოყვანილი და მისი გამოყენება შეუძლებელი ჩანდა. მართალია, არ არის გამორიცხული, რამდენიმე განზრახ გაფუჭებული შვეულმფრენიდან ერთი საფრენოსნოდ აღდგეს, მაგრამ ამას მაღალი დონის სპეციალისტები სჭირდება, თალიბებს კი ისინი არ ჰყავთ.

მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში დატოვებული ალაფი არ გამოდგება, თალიბები ამერიკული შეიარაღების სიმცირეს არ განიცდიან. საქმე ის არის, რომ აშშ-მა განვლილი ოცი წლის განმავლობაში ავღანეთის სამთავრობო არმიას, პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს გადასცა 24 ათასამდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა (ძირითად, შეჯავშნული "ჰამვები"), 358 ათასი ავტომატი, 64 ათასი ტყვიამფრქვევი, 126 ათასი პისტოლეტი, 109 შვეულმფრენი და 65 თვითმფრინავი - სულ 85 მლრდ დოლარის ღირებულების შეიარაღება და აღჭურვილობა, დემორალიზებული ავღანური არმიის თითქმის მთელი შეიარაღება კი თალიბებს დარჩათ და დღეს სწორედ მისი საშუალებით ცდილობენ აიღონ წინააღმდეგობის ბოლო კერა - ფანჯირის ხეობა.

ფანჯირის დამცველები, წესით, სამთავრობო ძალებივით სამარცხვინოდ არ უნდა დანებდნენ თალიბებს, რადგან ფანჯირში თავი მოიყარეს აწ უკვე ყოფილი ავღანური არმიის იმ სამხედროებმაც, რომლებიც სახლში არ გაიქცნენ და რომლებსაც თალიბებთან ბრძოლა სწყურიათ და შეუძლიათ, რადგან ამერიკული სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორების მიერ არიან გაწვრთნილნი.

ფანჯირის დამცველებს ახლა, როცა თალიბები მათ ხეობას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ, ძალიან სჭირდებათ ამერიკელების სამხედრო დახმარება, უპირველესად კი - ამერიკული ავიაციის მიერ ფანჯირისკენ მიმავალი თალიბების ულევი ავტოკოლონის საჰაერო დაბომბვა, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბაიდენს ბოლო დღეების ვნებათაღელვის შემდეგ, რომელმაც ძალზე დასცა მისი საპრეზიდენტო რეიტინგი ამერიკელი ამომრჩევლის თვალში, სურს, საერთოდ დაივიწყოს, მსოფლიოს რუკაზე სად მდებარეობს ავღანეთი.

ავღანეთში ოცწლიანი ომი დამთავრდა (რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ათი წლის წინ, 2011 წელს, უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ვის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო), მაგრამ იქ მშვიდობა, ალბათ, ძნელად დაისადგურებს და თუკი თალიბები ჩრდილოეთით, პოსტსაბჭოური შუა აზიის ქვეყნებისთვისაც "მოიცლიან", მაშინ...