დაიწყო ის, რასაც ასე უფრთხოდნენ ნატოში... - კვირის პალიტრა

დაიწყო ის, რასაც ასე უფრთხოდნენ ნატოში...

"ზაპად-2021" - რუსულ-ბელორუსული ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო სწავლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ და უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებთან...

ხელისუფლების შენარჩუნებაში დიდი დახმარების სანაცვლოდ ლუკაშენკო პუტინს ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზების შექმნაზე სთანხმდება, მაგრამ გაუძლებს კი "ბატია" კრემლის ზეწოლას, აღიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა"?

ნებისმიერი დონის სამხედრო სწავლებას თავისი ლეგენდა აქვს, რომლითაც განსაზღვრულია სავარაუდო მოწინააღმდეგის ძალები და საბრძოლო მოქმედების თეატრი.

10 სექტემბერს ბელორუსისა და რუსეთის ათ პოლიგონზე დაწყებული გრანდიოზული მასშტაბის სტრატეგიული სამხედრო სწავლებების ლეგენდაში ნატო მთავარ მოწინააღმდეგედ არის მიჩნეული და სწავლება აგებულია საბრძოლო შენაერთების სწრაფ შეტევებზე დასავლეთით, სხვადასხვა მიმართულებაზე, ანუ ისე, ნამდვილი დიდი ომი რომ დაწყებულიყო.

რუსეთი არც მალავს, რომ მთავარი მიზანი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებისა "ზაპად-2021", რომელშიც მონაწილეობს 200 ათასამდე სამხედრო, 760 ერთეული საბრძოლო ტექნიკა (მათ შორის 290 ტანკი), 240 საარტილერიო დანადგარი, 80-მდე თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 15 სამხედრო ხომალდი, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის გაფრთხილება-დაშინებაა, რომ ალიანსმა არავითარ შემთხვევაში არ იფიქროს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ანუ იმაზე, რაც ასე სურთ უკრაინასა და საქართველოს. ანალოგიური სამხედრო სწავლებებისგან განსხვავებით, რომლებსაც რუსეთი და ბელორუსი აქამდეც მართავდნენ, ახლა პოლიტიკური სიტუაცია შეცვლილია, თუნდაც იმიტომ, რომ აშშ-მა და ნატომ ოცწლიან ავღანურ ეპოპეაში მარცხი განიცადეს და თავიანთი სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია შესაფასებელი აქვთ. მაგრამ მთავარი განსხვავება მაინც ის არის, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს თავისი ბელორუსი კოლეგა "ყურებით ჰყავს დაჭერილი" და ბევრ ისეთ დათმობაზე შეიძლება დაიყოლიოს, რაზეც მანამდე ჯიუტი ლუკაშენკო პუტინსაც კი უბედავდა უარით გასტუმრებას.

ერთ-ერთი ასეთი საკითხია ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზების შექმნა, უპირველესად კი - ნატოს წევრი პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს რუსული სამხედრო-საჰაერო ბაზის დაფუძნება, რაზეც ოფიციალური მინსკი მოსკოვს წლების განმავლობაში არ სთანხმდებოდა.

და, აი, ერთობლივი სამხედრო სწავლების დაწყების წინადღეს ბრესტის ოლქის ქალაქ ბარანოვიჩის აეროდრომზე, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან 150 კმ-ით თუა დაშორებული, იხსნება ერთობლივი სასწავლო-საბრძოლო ცენტრი, სადაც ჩაჰყავთ რუსული საბრძოლო თვითმფრინავები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ახალი რუსული სამხედრო საავიაციო ბაზა უშუალოდ ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან.

გამოდის, რომ ლუკაშენკო, რომელიც "დიდ ძმას" წლების განმავლობაში არ სთანხმდებოდა ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზების გახსნაზე, პუტინის ნებას მაინც დაემორჩილა, შეიძლება იმის სანაცვლოდაც კი, რომ როდესაც ოპოზიცია ლუკაშენკოს წინააღმდეგ მრავალრიცხოვან დემონსტრაციებს აწყობდა, კრემლი "ბატიას" ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარა.

სამხრეთ ფლანგზე, სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, პუტინს თითქმის ყველაფერი გარკვეული აქვს - ის ხარკს უხდის კადიროვს ჩეჩნეთის "დაშოშმინებაში", საქართველოს ორი ნაწილი ოკუპირებული აქვს, ყარაბაღში რუსული ჯარი შეიყვანა და სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტის მომრიგებლად მოაქვს თავი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს იარაღით ამარაგებს და ფარულად ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებს.

მაგრამ კრემლს გასარკვევი აქვს სიტუაცია უკრაინასთან დაკავშირებით. მართალია, ყირიმის ნახევარკუნძული უკვე "ჩაყლაპა" და არც ოკუპირებულ დონბასში აქვს ცუდადD საქმე, მაგრამ მოსკოვი ცდილობს, კიევი საბოლოოდ დაიმორჩილოს, თუ საჭირო იქნება, სამხედრო ძალითაც კი. სწორედ ამიტომ 10-დან 16 სექტემბრამდე მიმდინარე რუსულ-ბელორუსულ ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას კიევიდანაც შიშით ადევნებენ თვალს, რადგან თუ აქამდე რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეეძლო სამხრეთიდან, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან და აღმოსავლეთიდან, ოკუპირებული დონბასიდან წამოეწყო, შესაძლო რუსული შეტევის კიდევ ერთ მიმართულებად უკვე ჩრდილოეთიც იქცეს, რაც უკრაინის დამცველებს ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენებს.

ნატოს წევრ "ბებერ ევროპას" აქამდე ყველაზე მეტად რუსული ანკლავი - კალინინგრადის ოლქი თუ ემუქრებოდა, საიდანაც სტარტაღებული რუსული "ისკანდერების" მოდერნიზებული ბირთვულქობინიანი აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები ნატოს წევრ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას "ფარავდა". ახლა კი ამას შეიძლება ბელორუსის ტერიტორია დაემატოს, საიდანაც რუსული "ისკანდერების" სამიზნე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აღმოჩნდება. საქართველოში კი დამატებითი საფიქრალი გვიჩნდება: აიძულებს თუ არა პუტინი ლუკაშენკოს, ბელორუსმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიაროს?A ამან შეიძლება საქართველოსთვის ბევრი არაფერი შეცვალოს, მაგრამ მაინც ძალზე უსიამოვნო იქნება, თუკი ბელორუსიც ოკუპანტი რუსეთისა და მისი რამდენიმე გაჭირვებული სატელიტის - სირიისა თუ ვენესუელის პოზიციას გაიზიარებს.