"ფანჯირის ლომის" შვილი ბოკვერიც არა - კნუტი აღმოჩნდა? - კვირის პალიტრა

"ფანჯირის ლომის" შვილი ბოკვერიც არა - კნუტი აღმოჩნდა?

"პეკინი თალიბების ხელისუფლებას უკვე უგზავნის 30-მილიონდოლარიან დახმარებას და აპირებს, მსხვილი ინვესტიციები განახორციელოს ავღანეთში, კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში"

ამოიკვეთა ავღანეთში "თალიბანის" მხარდამჭერები - პაკისტანი, თურქეთი და ჩინეთი. რუსეთიც იწყებს თანამშრომლობას თალიბებთან, რომლებსაც ოფიციალურად ისევ ტერორისტებად თვლის...

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფანჯირის ხეობაში, თალიბებმა დიდი ბრძოლის გარეშე, ფაქტობრივად, დაიკავეს ამ პროვინციის მთავარი დასახლებული პუნქტები და თავიანთი ძალუფლება მთელ ავღანეთზე გაავრცელეს.

"ფანჯირის ლომის" შვილმა, აჰმად შაჰ მასუდ-უმცროსმა, მიუხედავად არაერთი დაქადნებისა, ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია პიკაპიანი თალიბების შეტევას, არადა, მამამისმა იმავე ხეობაში საბჭოთა არმიის ჯავშანსატანკო შეტევა ცხრაჯერ მოიგერია...

მასუდ-უმცროსი სახელოვანი მამის, "ფანჯირის ლომის", ბოკვერი კი არა, კნუტი აღმოჩნდა, თუმცა მისი მტკიცებით, თალიბების გამარჯვებას ხელი შეუწყო პაკისტანის უპილოტო საფრენი აპარატებით ფანჯირის ხეობის სტრატეგიული მწვერვალების წერტილოვანმა დაბომბვამ და ფანჯირის დამცველთა ზურგში, მთის ფერდობებზე, ორ ათეულზე მეტი შვეულმფრენიდან Pპაკისტანის კომანდოსის გადასხმამ.

მართალია, პაკისტანი უარყოფს "თალიბანის" დახმარებას, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ქვეყნის დაზვერვა აქამდეც აქტიურად, თუმცა ფარულად მუდმივად გვერდით ედგა თალიბებს, ამერიკელებზე შეტევების დაგეგმვის დროსაც კი.

პაკისტანის გარდა, თალიბებთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ერდოღანის თურქეთიც, რომელსაც ამ რეგიონში, განსაკუთრებით კი - პოსტსაბჭოთა შუა აზიაში, თავისი სტრატეგიული მიზნები აქვს.

ავღანეთში ჩინეთის სახით მალე კიდევ ერთი სერიოზული მოთამაშე გამოჩნდება. პეკინი თალიბების ხელისუფლებას უკვე უგზავნის 30-მილიონდოლარიან დახმარებას და აპირებს, მსხვილი ინვესტიციები განახორციელოს ავღანეთში, კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში.

ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება ლითიუმის მოპოვებაა, რომელიცF ელექტრომობილების თანამედროვე აკუმულატორების დასამზადებლად გამოიყენება, ელექტრომობილების მსოფლიო ბაზრის დაპყრობა კი ჩინეთს უკვე დაწყებული აქვს.

თვით ის რუსეთიც კი, რომლის კანონით თალიბები ტერორისტებად ითვლებიან, "თალიბანის" ხელმძღვანელობასთან პოლიტიკურ თამაშს იწყებს.

ასე რომ, "ფანჯირის ლომის" შვილსა და მის თანამებრძოლებს მცირე შანსიც კი არ ჰქონდათ, რომ "თალიბანისთვის" ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ, რადგან ქაბულიდან საჰაერო ევაკუაციის სამარცხვინო ეპიზოდების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს თალიბების ოპოზიციის სამხედრო დახმარება კი არა, ავღანეთისკენ გახედვაც არ სურს,P პაკისტანი, თურქეთი, ჩინეთი თუ რუსეთი, როგორც აღვნიშნეთ, თალიბებთან თანამშრომლობას იწყებენ და "ფანჯირის ლომის" შვილისთვის ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არ გაიფუჭებენ.

როგორც ჩანს, აშშ გადის "ავღანეთში მოთამაშეთა კლუბიდან" და შეიძლება წლის ბოლომდე ერაყიც კი დატოვოს. სწორედ ავღანეთისა და ერაყის მრავალწლიანი ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციები გახლდათ მიზეზი, რომ აშშ-მა და, მისი მიბაძვით, ნატომაც დაივიწყეს თავიანთი მთავარი მოწინააღმდეგის, დაშლილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთიდან მომდინარე არაერთი საფრთხე და შედეგმაც არ დააყოვნა - დღევანდელი რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია და უკეთესადაც არის მომზადებული ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის, ვიდრე ამერიკელები, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრიტანელებსა თუ გერმანელებზე, რომელთაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, ვიდრე გაძლიერებული კრემლისგან ევროპისკენ მიმართული საფრთხის მოგერიება.