სომეხ მეზენიტეებს ოთხი საკუთარი Су-25 ჩამოუგდიათ? - კვირის პალიტრა

სომეხ მეზენიტეებს ოთხი საკუთარი Су-25 ჩამოუგდიათ?

ერთი წელი ხდება ყარაბაღის ბოლო 44-დღიანი ომიდან, რომლის შედეგებმაც სამხრეთ კავკასიაში ბევრი რამ რადიკალურად შეცვალა...

ერთი წლის წინ, 27 სექტემბერს, დაიწყო ყარაბაღის მესამე ომი, რომელშიც აზერბაიჯანმა სამხედრო გამარჯვება მოახერხა და ათწლეულობით ოკუპირებული მიწა დაიბრუნა, თუმცა ყარაბაღის პრობლემა საბოლოოდ არ გადაჭრილა, ის რუსეთმა "გაყინა" კონფლიქტის ზონაში თავისი "მშვიდობისმყოფელების" დაბანაკებით.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, მან ქვეყნის შუაგულში ხუთი წლით უცხო ქვეყნის - რუსეთის სამხედრო ბაზა მიიღო. სიტუაცია რაღაცით წააგავს თავის დროზე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" განთავსებას, რაზეც მაშინ მოსკოვს, ბაქოსი არ იყოს, თბილისიდაეთანხმა.

რა მოხდება დარჩენილი ოთხი წლის შემდეგ, წინასწარ ძნელისათქმელია, მაგრამ კრემლი თავისი ნებით ყარაბაღიდან რუსი სამხედროების გამყვანი არ არის და არც ის არის გამორიცხული, "მშვიდობისმყოფელებმა" კონკრეტულ მომენტში ბაქოს ისეთივე სერიოზული პრობლემები შეუქმნან, როგორიც საქართველომ აგვისტოს ომის დროს იწვნია, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, მით უფრო, რომჩვენი სტატია ერთი წლის წინანდელი ყარაბაღის ომის უცნობ მომენტებს ეხება, რომელთა შესახებ სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ.

რუსულმა "სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრმა" ყარაბაღის ბოლო ომი სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად სერიოზულადგააანალიზა და ეს ანალიზი წიგნადაც გამოსცა, რომლის 68 გვერდზე მართლაც სენსაციური, აქამდე უცნობი ინფორმაციაა მოყვანილი.

რუსი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ერთი წლის წინანდელ ყარაბაღის ომში სომეხ მეზენიტეებს, არც - მეტი, არც - ნაკლები, ოთხი... სომხური მოიერიშე თვითმფრინავი Су-25 და ერთიც სომხური Ми-8 ტიპის შვეულმფრენი ჩამოუგდიათ! მათგან ორი Су-25 -საბრძოლო დავალებიდან დაბრუნებისას С-125 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით უშუალოდ სომხეთის ვარდენისის რაიონის თავზე, შვეულმფრენი კი - ყარაბაღში...

"მეგობრული ცეცხლით" ჩამოყრილი საკუთარი არმიის თვითმფრინავები სიახლეარ არის და ასეთი რამ ომებში პერიოდულად ხდება. გავიხსენოთ თუნდაც აგვისტოს ომის დროს რუსებისა და ოსების "იგლებით" დაზიანებული და ჩამოგდებული ორი-სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, მაგრამ აქამდე ვიცოდით, რომ ყარაბაღის ბოლო ომში, უკვე 29 სექტემბერს, სომხური Су-25 სომხეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს, რასაც ერევანი თურქულ F-16 ტიპის გამანადგურებლებს აბრალებდა, რომლებიც აზერბაიჯანის აეროდრომზე იყვნენ განთავსებული, თუმცა ამის დამტკიცება ვერ შეძლო, არადა, ამას სომხეთისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა, რადგან ის თურქეთს ყარაბაღის ომში მონაწილეობაში ბრალს დასაბუთებულად დასდებდა.

4 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ჩამოაგდეს აზერბაიჯანის კუთვნილი Су-25 და ისევე, როგორც მანამდე სომეხი პილოტი, აზერბაიჯანელი მფრინავიც დაიღუპა.

სომხეთს სულ 15 ერთეული Су-25 ტიპის მოიერიში ჰყავდა. მათგან ერთი ახალი მოიერიშე 1993 წლის შემოდგომაზე საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებს კოპიტნარის აეროდრომიდან გასტაცა რუსმა პილოტმა ჟიტნიკოვმა და სომხეთში გადააფრინა, ყარაბაღის ბოლო ომამდე რამდენიმე წლით ადრე კი ერთი სომხური ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო მოიერიშე მთას შეეჯახა და ორი მფრინავი იმსხვერპლა, ასე რომ, ამ ომს სომხეთი 14 მოიერიშე თვითმფრინავით შეხვდა, რომლებსაც 44-დღიან ომშიპერიოდულად იყენებდა. ოთხი ახალნაყიდი მრავალფუნქციური Су-30СМ კი საერთოდ არ აფრენილა, რადგან სომეხი გენერლების მტკიცებით, მათთვის რუსეთიდან რაკეტების ჩამოტანა ვერ მოასწრეს.

მართლაც ჩამოაგდეს თუ არა შეცდომით სომეხმა მეზენიტეებმა თავიანთი ოთხი Су-25 მოიერიშე, როგორც რუსული "სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი" აცხადებს, ძნელიშესამოწმებელია და, ალბათ, სამხედრო დაზვერვის ჩართვას მოითხოვს, თუმცა ჩვენ შედარებით ადვილი გამოსავლის მოძებნა ვცდეთ - "გუგლის" კოსმოსურ რუკაზე გამოსახულ გიუმრის აეროდრომზე მხოლოდ ექვსი Су-25-ის დათვლა შევძელით, არადა, ყარაბაღის ბოლო ომამდე იქ კარგად ჩანდა ამ ტიპის 14 ერთეული მოიერიშე.

თუკი სომხეთმა "მეგობრული ცეცხლით" მართლაც ჩამოაგდო თავისი ოთხი მოიერიშე, მაშინ მათი რიცხვი ათამდე უნდა შემცირებულიყო. ექვსი მოიერიშე გიუმრის აეროდრომზე მკაფიოდ ჩანს, ოთხი კი შეიძლება ოთხ ახალაგებულ ანგარში იმალებოდეს.