ამერიკას გამოჰყავს, ჩვენ შეგვყავს... - კვირის პალიტრა

ამერიკას გამოჰყავს, ჩვენ შეგვყავს...

ავღანეთში ამერიკული და ფრანგული სამხედრო კონტინგენტის შემცირების ფონზე  ქართველი სამხედროების რაოდენობა  ISAF-ის ოპერაციაში კიდევ უფრო გაიზრდება...

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებამ, რომ პენტაგონი ავღანეთიდან წლის ბოლომდე 10 ათას სამხედროს გამოიყვანს, ოთხი განსხვავებული რეაქცია გამოიწვია.

აშშ-ის მოსახლეობის 60%-ს გაუხარდა, რომ მათი შვილები და ნათესავები ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდებიან სამშობლოში.

მკვეთრად საწინააღმდეგო რეაქცია ჰქონდათ რესპუბლიკელებს სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით, რომლებიც პრეზიდენტ ობამას ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალის სწორედ მაშინ შესუსტებაში სდებენ ბრალს, როდესაც "თალიბანზე" გამარჯვება სულ ახლოს არის.

ავღანეთის პრეზიდენტი ყარზაი მიესალმა თავისი ამერიკელი კოლეგის ამ გადაწყვეტილებას და ყველა დაარწმუნა, რომ ავღანელებს უკვე თავად შესწევთ სიტუაციის კონტროლის უნარი.

პრეზიდენტ ობამას ეს გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის გაოცებასა და აღშფოთებასაც კი იწვევს - როგორ, თუკი თავად ამერიკელებს გამოჰყავთ ჯარი ავღანეთიდან, ქართველები რატომღა ვგზავნით იქ ჩვენს ბიჭებს?!

ამ კითხვაზე პასუხი, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელების კვალდაკვალ ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას სხვა, მათ შორის - NATO-ს წევრი ქვეყნებიც დაიწყებენ. აშშ-ის პრეზიდენტს გამოსვლა დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც მისმა ფრანგმა კოლეგამ, ნიკოლა სარკოზიმ, დიდი სიხარულით აუწყა მთელ საფრანგეთს, რომ ავღანეთში ფრანგულ სამხედრო კონტინგენტს ათასი კაცით შეამცირებს.

ვისაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდის გამართლება სურს, ძირითადად ასეთი არგუმენტი მოჰყავს:

საქართველომ არა მარტო უნდა მიიღოს დასავლეთიდან უსაფრთხოების გარანტიები, არამედ თვითონაც უნდა შეიტანოს  წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში, რაც საბოლოოდ საქართველოს NATO-ში გაწევრების პირობა გახდება.

ჩვენი ქვეყანა 1999 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში (კოსოვო, ერაყი, ავღანეთი) და არ გვგონია, სხვა რომელიმე ქვეყანაზე (მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისი პროცენტული გათვლით) ნაკლები წვლილი ჰქონდეს  შეტანილი ამ საქმეში.

გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებით არანაკლებ 700 კაცის გაგზავნის შესახებ, როდესაც ორი ათასი კმ-ის დაშორებით ისედაც გვყავს 925 სამხედრო მოსამსახურე, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყანა კი აფხაზეთში თავისი სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის რაოდენობის 2,5-ჯერ  გაზრდას აპირებს...